7 აპრილი, 2023

საშა გველესიანი ხარების დღესასწაულზე

პოეტი საშა გველესიანი ხარების დღესასწაულს მორწმუნეებს ძალიან ლამაზი ლექსით ულოცავს:

“დღეს…

თვალი მატყუებს, მგონი აპრილის
კართან მოფრინდნენ თეთრი გედები,
დღეს,
როგორც კოშკი, დროშებდახრილი,
წლებით შეპარულ ბზარებს ვნებდები.
დღეს, მერამდენედ მოდის ხარება
და მეჩქარება — ეს მერამდენედ,
დღეს, თითქოს, ქარიც არ მექარება,
უღელს დავიდგამ და შორს გამდენე,
სადაც წვიმაა ისე ფაფუკი
და აპრილს ისევ ჰქვია იგრიკა,
სადაც სასწაულს ვიწამებ, თუკი
დღეს, ანგელოსმა თავი იდრიკა.
და ატანილი ვყავარ წერასაც,
შორს, ცარიელი მიდის ურემი,
დღეს, არაფერი არ მინდა, რასაც
არ ახსოვს შენი ნათითურები…
სულერთი წვეთი ემჩნევა რაფას,
სულ ერთი ცრემლი ჰყოფნის სახსოვარს,
დღეს ხარებაა. ღამე სულს ღაფავს…
და ხვალ, იუდა გასცემს მაცხოვარს.”