5 აპრილი, 2023

რეზო ინანიშვილის საუკეთესო წერილი

რეზო ინანიშვილის შემოქმედებიდან ძალიან ძნელია საუკეთესო დაასახელო, თუმცა არის ჩანაწერები, რომლებიც ნამდვილად განსაკუთრებულია.

“ზის თურმე ერთ საღამოს თავის ჭაკზე მამაჩემი, მოდის ჟებოტას მხრიდან, და შემოხვდა ორი ხევსური, ცოტა მთვრალები, ცოტა ზედმეტად შეთამამებულები, კარგი ვაჟკაცები, კარგ ცხენებზე მსხდარნი; აუხედ-დაუხედეს მამაჩემს ჭაკზე, – მაშინ სათაკილოდ იყო მიჩნეული ვაჟკაცის ჭაკზე ჯდომა, – გასცდნენ ცოტაზე და გამოსძახეს იქიდან ტკბილად, – ცოტა ფრთხილად ატარე, ვაჟო, კლდეში არ ჩაგჩეხოს სადმეო! სწყენია მამაჩემს, მიბრუნებია და უთქვამს, – ჩემი ცხენი მყავდეს, ვინ ვის ჩაჩეხავდა, ნახავდითო. შემდგარან ის ხევსურები. – სად არის, სადა გყავს შენი ცხენიო? ხომ არ ეტყოდა მამაჩემი, მყავდა და მომიკვდაო, არ არის ესეც ვაჟკაცის პასუხი, – სხვასა ჰყავს, კვირის თავს აქ იქნება, მაშინა მნახეთ და გაჩვენებთო! დაინტერესებულან ხევსურები, ხომ იცით მაგათი ხასიათი, კარგი ცხენის სანახავად სად არ წავლენ, რას არ მოიმოქმედებენ, – გნახავთ, გნახავთო! უკითხავთ ვინაობა ერთმანეთისთვის და წასულან ისევე, სიცილ-სიცილითა. ეგრე ამრეზით იციან ყურება ყველასი ხევსურებმა, მით უფრო ფშავლებისა.

გაგიკვირდებათ მამაჩემის ნათქვამი, მაგრამ რაც უთხრა, საბოლოოდ მართალი უთხრა ხევსურებს. ერთ არაბა ცხენს ევაჭრებოდა ერთ არაგვისპირელს – შავი იყო, მკერდ-განიერი, მწევარივით ტანწვრილი და ყურებპატარა. მეც კარგად მახსოვს, დიდხანსა ჰყავდა მერე ის ცხენი. ბერავდა და ბერავდა ნესტოებს, აფოფინებდა თვალებს და თხრიდა წინა ფეხით მიწას.

მოსულა იმ ხევსურებიდან წამოსული მამაჩემი დედაჩემთან, მისჯდომია გვერდით, გადაუხედავს თავისებურად, ღიმილით და უთქვამს: ერთი რამე უნდა გავაკეთო, იქნებ ცოტა გიჟურიც, მაგრამ თუ გიყვარვარ, შუბლი არ შეიკრაო. გასცინებია დედაჩემს, – თათრებში ხომ არ გვიპირებ გაყიდვას, შენ თუ შეგერგება, ეხლავე გამოვკრავ ბოხჩასაო. აუყვანია მამაჩემს ჩემიანად, შემოუტარებია წრე, დაუსვამს გახარებულს და წასულა იმავე ღამეს, გათენებისას, არაგვისპირში. მიუცია იმ ცხენში ის ახალგამოქვნილი უღელი კამეჩი თავისი ურმით, რკინებსაც მევე გადაგიკრავ თვლებზეო, ხუთი ცხვარი, – ხუთივე ჭედილა, და ათი კოდიც პური. მოკლედ, რაც კი რამ ებადა ოჯახში.

გადმოუყვანია, დაუბამს, დამჯდარა და უყურებდა თურმე სულ ღიმილით. მისჯდომია გახარებული დედაჩემიც გვერდით, ისხდნენ ესე და უყურებდნენ დამტკბარნი იმ ცხენს. მერე წამოდგაო გაბრიელი, – ამბობდა დედაჩემი, – ახსნა აღვირი ლატანს, მსუბუქად გადაევლო იმ არაბას, გავიდა ქვემოთ, ივრისკენ, და გააჭენა და გამოაჭენა ჩემს დასანახად. კარგი ჯდომა იცოდა სულმაღალმა. მე არც მინახავს ეგრე მჯდომელი სხვა. დაიხრებოდა მარცხენა მხრით უნაგირზე, იდაყვი თითქმის კოტაზე ჰქონდა დადებული, მარჯვენა ხელი კიდევ, შუბლთან ჰქონდა წაშვერილი, და ეგრე, მიმინოსავით წაგვერდებული მიაჭენებდა და ყურში ჩასძახოდა ცხენს, ალერსითა თუ ქებით:
– ჰაუ! ჰაუ! ჰაუ!
ჩამიქროლა ეგრე გაცინებულმა, სახეგანათებულმა, ამომიქროლა, ამოაგდო ამ შემაღლებულზე გრიალითა, ჩამოხტა, შემომიტარა ირგვლივ რამდენიმეჯერ ამაყად, დააბა და ისევ მომიჯდა გვერდით.

მოვიდნენ და მოვიდნენ არაბას სანახავად სოფლიდან, ყველასა ჰქონდა გაგონილი, რაც იყო მიცემული იმაში. მოსწონდათ, აქებდნენ, მაინც უკმაყოფილოდ ამწკლატუნებდნენ ტუჩებს, – ნწაჰ! მაინც ცხენია, ციდან ჩამოსული რაში ხომ არ არისო! ზოგი, კიდევ უფრო მეტი, წვივებსაც უწუნებდა, წვრილი აქვსო ძალიან. გაბრიელს აინუნშიაც არ მოსდიოდა არავისი სიტყვა, იდგა ხოლმე და შეჰყურებდა, შესციცინებდა, სწმენდდა, უურვებდა, ეალერსებოდა არაბას. ქერის მეტი არაფერი მიუცია ერთ კვირას, იმასაც ოდნავ მოშუშულს აძლევდა, ზუსტი წყვით. მიუშვებდა, აჭენებდა ერთხანს და მერე ისევ ბანდა და წმენდდა, ელაპარაკებოდა და ეალერსებოდა.
იმის ეშხით მეც უფრო შევუყვარდიო, იტყოდა ხოლმე ჩაღიმებით დედაჩემი.
კვირის თავზე კი გამოჩნდნენ ის ხევსურები, წინასწარ გალაღებულები, გამარჯვებულნი. ნახეს არაბა. ერთმა მუქმა ღრუბელმა კი გადაუარათ სახეზე, მაგრამ ისიც არ შეიმჩნიეს. ეხლა მამაჩემი იყო თურმე აღზევებული და მოკლედ და ცივად მოუჭრა, – გავალთ, შევეჯიბრებით, თუ თქვენ გამისწრებთ, თქვენ წაიყვანთ ჩემს ცხენს, რომელიც პირველი გამისწრობს, ისა, თუ გაგისწარით, მე უნდა დამრჩეს თქვენი ორივე ცხენი, ჩამოხვალთ და წახვალთო.

ცოტა კი შეფიქრიანებულან ხევსურები, მაგრამ რის ხევსურები იქნებოდნენ, უკან რომ დაეხიათ. ცხენი ცხენია, მაგრამ ზედმჯდომზედაც ხომ არის საქმე, ფშაველი რას გვაჯობებსო, ჩაურტყამთ ხელი.

წაუყვანიათ შუაკაცებად ბერიკაშვილი, ზემოთ რომ ვახსენე, ლადო, ჟულაკათ მიხეილი, და კიდევ მესამე, ეს მესამე აღარ მახსოვს. გასულან ეხლა რომ ბოგირი არი ქუსნოს წყალზე, მანდ ბაღები და ბოსტნები არ იყო მაშინ, გზა კი მიდიოდა, ნარბილი, სწორი, ერწოსკენ. დაუთქვამთ ერთი ვერხვი, გააჭენებდნენ, იმ ვერხვს შემოუვლიდნენ და მოვიდოდნენ ისევ ბოგირთან. ხევსურებს ჯერ კარგად დაუთვალიერებიათ ის გზა ვერხვამდე, მერე მოსულან, თითო არაყი ჩამოურიგებია ბერიკაშვილს, გადაუწერიათ პირჯვარი, შემსხდარან სამივენი, ბერიკაშვილს თოფი ჰქონია წამოღებული, დაუცლია ის თოფი და წასულან ხევსურები ყიჟინით, მამაჩემი კიდევ თავის ჩუმი ჰაუ-ჰაუს ძახილით. ჯერ ხევსურები სად იყვნენ, რომ მამაშენი უკან მოაჭენებდა არაბასო. იმდენზე გამოუსწრო, ყმაწვილი დაიღლებოდა იმ მანძილის გარბენითო, – უთქვამს ჩემთვის თვითონ ბერიკაშვილ ლადოს. სიტყვის უთქმელად, თავდაუხრელად ჩამოხდნენ ცხენებიდან ხევსურები, მოხადეს უნაგირები, აიკიდეს ზურგზე და დაადგნენ გზას მამაჩემის სიცილ-სიცილში. მაგრამ, ცოტაზე რომ წასულან, წამოსწევია მამაჩემი და ისევე სიცილით უთქვამს: – გეყოფათ თქვენცა და მეცა, მობრუნდით, ჩემი სტუმრები ხართო. ხევსურები ხომ ბრაზიანები არიან, – არაო, მათხოვარნი ხომ არ გგონივართო, – გაუკლავთ თავი. მაშინ მამაჩემი აზავთებულა, ცოდვა არ დაიდოთ, ყელი არ გამომაჭრევინოთ კაცსო! მობრუნებულან ხევსურები. წამოუყვანია შინ ისინიც, შუაკაცებიც, დედაჩემს უკვე მზათა ჰქონია სუფრა. დამსხდარან, კარგად უქეიფიათ, სიცილითა, ლექსებითა, სიმღერებითა, მერე შეუსხამს თავ-თავიანთ ცხენებზე და გაუშვია სამუდამოდ დაძმაკაცებულები.
იმ ღამეს ცოტა შევშინდი კიდეცა, – ამბობდა დედაჩემი, – ისეთი იყო გაბრიელი, ვიფიქრე, მართლაც წმინდა გიორგი ხომ არ არის და კაცად არ არის მოსული ჩემთან-მეთქი.

აი, ეს ამბავი უნდა იცოდეს მთელმა ჩვენმა მოდგმამ. მე ეგ მინახავდა ფრონტზეც კი, ეგ მინახავს დღესაც, არ შეიძლება, მაგან არ უშველოს ჩემს შვილთაშვილებს და იმათ შვილებს, როცა, ვთქვათ, დაინახავენ, რომ თაგვებივით გაფაციცებულნი მიარბენინებენ პატარა კაცები თავთავიანთ სოროებისკენ ამქვეყნიურ საგზალს.”