27 აპრილი, 2023

ოთარ ჭილაძის ძვირფასი წერილი

კლასიკოსი მწერლის ოთარ ჭილაძის წერილები მის რომანებთან თუ ლექსებთან ერთად ნამდვილად ძვირფასია მკითხველისთვის.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“როცა ილია ჭავჭავაძე „საახალწლო მილოცვას“ წერდა (იმედია, ყველას წაკითხული გვაქვს), მიუხედავად იქ აღწერილი ეროვნული სიბნელისა, სიძაბუნისა, ქვეყანას, ხალხს მაინც მისალოცად ჰქონდა საქმე: ნელა, მაგრამ აშკარად იღვიძებდა, გამოდიოდა საუკუნოვანი ძილიდან, გონებას იკრეფდა, უკვე არჩევდა ღამურას მერცხლისგან და, მართალია, ჯერ აღიარებისა ეშინოდა, მაგრამ უკვე იცოდა ვინ იყო მისი „გაიძვერა მოყვარე“. ეს კი, მართლაც რომ, მისალოცია და ბევრს ნიშნავს ხალხისთვის, რომელიც ახლა კი არ იდგამს ფეხს, საუკუნეებში გამოვლილი და ძალით შეჩერებული გზის გაგრძელებას აპირებს ისევ. ოღონდ ახალი გზის კი არა, რომელსაც „გაიძვერა მოყვარე“ სთავაზობს, არამედ – ძველისა, რომლითაც აქამდე მოაღწია და რომელმაც უნდა გადაიყვანოს ხვალინდელში, მომავალში, თუკი საბოლოოდ გამოერკვევა ძილიდან, თუკი აღიდგენს მახსოვრობას და გაახსენდება, რისთვის მოავლინა განგებამ საერთოდ ამქვეყნად, “ჰარი ჰარალეს” სამღერლად, თუ თავისი განსაკუთრებული, გამორჩეული სახის გამოსაძერწად – ხმლით, ბარით, გუთნით, […], ქაფჩით, კალმით… სულერთია – რითი, ყველა იარაღი ერთნაირად მისაღებია, როცა შენი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება…

დღეს გაცილებით უარესი მდგომარეობაა. უფრო სწორად, დღეს პირიქითაა – კი არ ფხიზლდება – შეგნებულად ბრიყვდება, ძილიდან კი არ გამოდის, უფრო ეფლობა ძილში, როგორც კამეჩი – ტალახში, მერცხალს ღამურა ურჩევნია და არავის დანახვა არ უნდა, გაიძვერა-მოყვარის გარდა, რომელიც ყველაფერს პირდება და არაფერს აძლევს, ანუ ყველაფერს ართმევს, ფუჭი დაპირებების სანაცვლოდ…

რა შეიძლება ვუსურვო ამ დღეში მყოფს? ვუსურვებდი, უპირველეს ყოვლისა, დაებრუნებინოს წიგნის სიყვარული და პატივისცემა, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა და რაც, ცოდნასთან ერთად, ღირსებისა და სიამაყის გრძნობას უჩენდა. წიგნშია მისი უკვდავების საიდუმლო. ეს მარტო მე ვიცი? არა, მტერმაც იცის და იმიტომაც გვართმევს ხელიდან წიგნს…”