6 აპრილი, 2023

ლაშა მარგიანის ბრწყინვალე წერილი

lasha-margiani.jpgპოეტ ლაშა მარგიანის შემოქმედებაში ძალიან, ძალიან რთულია გამორჩეულის დასახელება.

“Pietà” – ერთ-ერთი უძვირფასესი და ყველაზე გულწრფელია, რომელიც ჩვენთვის უფრო აღსარების წერილია უფლისადმი, ვიდრე უბრალოდ ლექსი:

“- ღმერთო, დრო რამდენი დამრჩა?
– რისთვის?
– არ ვიცი…
ღმერთო,
ნეტა, მე უფრო მეტჯერ მიკითხავს შენთვის,
სად ხარ-მეთქი,
თუ შენ ჩემთვის?
ღმერთო,
შენ უფრო ხშირად გესაუბრები საკუთარ თავზე,
თუ საკუთარ თავს შენზე?
ღმერთო,
იმდენად ყველგა ხარ,
ვეღარ გპოულობ…
ღმერთო,
დამიბრუნე ჩემი თავი,
ის ადამიანებში დავკარგე.
ღმერთო,
როგორი მოსაწყენია აქ…
ნეტა, შენთან სამოთხეში რა ხდება?
ნეტა, როგორია შენთან ყოფნა?
ღმერთო,
ვიცი, რომ ჩემს გულთან დგახარ და
აკაკუნებ,
მაგრამ არ ვიცი კარი როგორ გაგიღო…
არ ვიცი ურდულს როგორ მივწვდე…
მე თვითონ ვარ შორს ჩემი გულისგან,
ან ჩემი გულია შორს ჩემგან.
ღმერთო,
როგორ უძლებ ადამიანის ფიქრებს,
ლოცვებს,
ოცნებებს,
სიყვარულს,
როცა ის შენკენ არ არის მომართული.
ღმერთო,
როგორ უძლებ ადამიანს,
როცა ის შენი არ არის?
ღმერთო,
მაპატიე, რომ ჩემი ფიქრები გესმის,
მერე ფიქრებიც მაპატიე.
თუ ლოცვის გარეშე
ღმერთს ვერ დაელაპარაკება ადამიანი,
მაშინ დიდი ხანია, არ გვისაუბრია, ღმერთო.
მაგრამ მე ამის არ მჯერა,
იმიტომ, რომ ხანდახან მინდა,
უბრალოდ დაგელაპარაკო,
არ ვილოცო,
ისე, ავდგე და დაგელაპარაკო,
თუნდაც ჩემს უღმერთობაზე,
ოღონდ დაგელაპარაკო.
მე მეტიც მინდა ხოლმე,
მინდა გხედავდე, შეგეხო,
მაგრამ არა იმისთვის,
რომ უკეთ გირწმუნო,
უბრალოდ,
ასე მგონია,
ძალიან მომენატრე,
ღმერთო.
არ ვიცი,
რას ვგულისხმობთ ადამიანები,
როცა ვამბობთ,
რომ აქ ჩვენი ადგილი არ არის.
განა ის უფრო საშინელი არ იქნებოდა,
აქ რომ იყოს ჩვენი ადგილი?
ოდესღაც ხომ ყველა მოვკვდებით…
ზოგჯერ ჯოჯოხეთია არსად და არავისთან ყოფნა,
ზოგჯერ ის არის სიმშვიდე,
როცა ამ სამყაროშიც მარტო ხარ და საკუთარშიც.
ირგვლივ რამდენი ჰაერია,
მაგრამ არ მყოფნის,
გულში − რა ცოტა სიყვარული,
თუმცა ვერ ვუძლებ.
როგორები ვართ ადამიანები?
ჩვენს უღმერთობასაც შენ გაბრალებთ,
ღმერთო.
ვფიქრობ და არ ვიცი,
როგორ არსებობს სიყვარული და სიმარტოვე
ერთდროულად ერთ სამყაროში,
ერთ პლანეტაზე
და მით უფრო − ერთ ადამიანში.
განა ყველაფერი მთავრდება, რაც თვალს ეფარება,
სიცოცხლე ბევრად მეტს ნიშნავს,
ვიდრე სიკვდილამდე ჩვენთვის განკუთვნილი დროა.
ღმერთო,
როგორი დამძიმებულია ჩემი სული,
ლოცვაზე მეტად
თვითმკვლელობაზე ფიქრს მოაქვს შვება…
ასე ხდება,
როცა არათუ სხვას,
შენს თავსაც კი ვეღარ ახარებ შენი არსებობით.
გახსოვს, როგორი ვიყავი?
დავფრინავდი და გიყვარდი.
მეგონა, არასდროს შევიცვლებოდი…
ვუყურებ საკუთარ თავს და ვეღარ ვცნობ,
არ ვიცი, რა დაემართა, არ ვიცი, ვინ არის.
სიცოცხლე ყოველთვის ტკბილია,
მაშინაც კი,
როცა სიკვდილს ნატრობ.
სიკვდილი არ არსებობს.
ან სამუდამოდ ვახსოვართ,
ან სამუდამოდ გვივიწყებენ.
იოცნებე,
თუნდაც სიკვდილზე,
ოღონდ ოცნება არ შეწყვიტო.
შენ არ ცოცხლობ მაშინ, როდესაც სუნთქავ,
შენ ცოცხლობ მაშინ, როცა ოცნებობ.
ფსკერზე რომ დგახარ
და მაინც ვიღაცას ელოდები,
არა იმისთვის,
ზედაპირზე რომ აგიყვანოს,
უბრალოდ, გინდა,
სიმარტოვე ვინმეს გაუყო,
აუხსნელი სიყვარულივით.
მარტოობა სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა ხმოვნების გარეშე.
რამდენი ვარსკვლავის მოწყვეტა მინახავს ციდან,
მაგრამ არც ერთის დაცემის ხმა არ გამიგონია,
ადამიანები კი პირიქით ვართ,
ათასჯერ დაცემულები,
ერთხელაც ვერ ვწყდებით მიწას
და ცისგან განსხვავებით,
ჩვენს სულებს ყველაზე მეტად სწორედ მათი კვალი ემჩნევა,
ვინც ვარსკვლავივით მოგვწყდა გულიდან
და ამ ცხოვრების სიცარიელეში გაუჩინარდა.
ჩვენ მხოლოდ თვალი გავაყოლეთ,
მათ სურვილები სხვებმა ჩაუთქვეს…
ორი წუთით მოვიწყენთ ხოლმე
და ეს გვგონია მთელი ცხოვრების სევდა…
ამიტომ ვერ გრძელდება
ჩვენი სიხარულიც ორ წუთზე მეტ ხანს.
მტკივა საკუთარი სიმარტოვე,
იმ ჩამქრალ ნათურასავით,
სიბნელის რომ ეშინია
და არავინ ჰყავს,
ვინც აანთებს.
შეიძლება,
გულში ჰყავდე ადამიანს,
მაგრამ მისგან იყო მიტოვებული,
მისსავე გულში.
ისეც მომხდარა,
შუა ზღვაში მოსწყურებიათ
და წყურვილისგან დამხრჩვალან.
თუ გიყვარს,
კი არ უყოფ, მთლიან გულს აძლევ,
მაგრამ ზოგჯერ
ესეც არ არის საკმარისი.
მთელი ოკეანეც რომ შეგაშხეფო,
ტანზე მხოლოდ ერთი პეშვი წყალი შეგრჩება.
სიყვარულიც ასეა ალბათ…
არც ანგელოზებს,
არც ადამიანებს,
არც საკუთარ თავს…
მხოლოდ შენ შეგიძლია ყველაფრის პატიება,
ღმერთო.
ისინი თითქოს არ მრუშობენ,
არ იტყუებიან,
ცილს არ სწამებენ,
კერპებს არ ეთაყვანებიან,
კაცს არ კლავენ,
თითქოს ლოცულობენ, მარხულობენ,
ეზიარებიან კიდეც,
მაგრამ მათ შეუძლიათ თავისუფლად გაცვან ჯვარს.
ახლა,
სახეზე რომ ავიფარო ხელები
და შენ წინ დავდგე,
როგორ მიხვდები,
ვიღიმი თუ ცრემლებს ვმალავ?
სულ რომ ჩემს მკერდზე გედოს თავი,
ადამიანი გამჭვირვალეა,
სანამ მის გულს არ დაინახავ.
გულს არ შეუძლია ეკეთოს ნიღაბი.
ჩვენ კი ისეთი სასტიკები ვართ,
გაჩერებული გული უფრო გვაშინებს,
ვიდრე გატეხილი
ან ჩამწყდარი.
სისულელეა,
მზე გაცხუნებდეს
და თან ცდილობდე,
გასაგრილებლად საკუთარ ჩრდილს ამოეფარო,
მაგრამ ასეა,
სიყვარულში ვინც ეძებს შვებას.
ზოგჯერ
ადამიანები ფოთლებივით ვართ,
მთელ ცხოვრებას ერთ ხეზე, ერთ ტოტზე ვატარებთ,
მაგრამ მხოლოდ დაბლა დაცვენილები ვამჩნევთ
და ვეხებით ერთმანეთს,
იქ კი შეუძლებელია ამ ცხოვრების თავიდან დაწყება,
იქიდან მხოლოდ წარსულს აშინაარსებენ, ფილმების და წიგნების მსგავსად და ნატრობენ,
რომ ამ ყველაფრის მთავარი გმირი სხვა იყოს,
იტანჯებიან, რადგან საკუთარ თავს ვერ პატიობენ,
განა ჩადენილ სისაძაგლეებს,
უფრო იმას,
ცხოვრება რომ თვალსა და ხელს შუა გაეპარათ,
რომ თურმე ქარში მტვერს აგროვებდნენ,
ქარში,
რომელიც ჩვენც მტვრად გვაქცევს ადრე თუ გვიან.
ერთადერთი,
რასაც თავისით შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს,
ჯოჯოხეთია.
სხვა დანარჩენში,
ან ერთმანეთი გვჭირდება,
ან ღმერთი.
ერთ-ერთი მოძღვრის სიტყვები მახსენდება,
რომელიც ამბობს:
„ჩვენ დავიღალეთ,
დაიღალა კაცობრიობა,
ძალიან მძიმედ სუნთქავს სამყარო“.
ჩიტები დაფრინავენ,
სულერთია, იციან თუ არა მათ ეს.
ჩიტები დაფრინავენ,
ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია,
რომ თვალი გავაყოლოთ.
ერთადერთი კიბე,
რომელიც ცას მიადგეს,
გოლგოთაზე აღმართული ჯვარია.
ასეთები ვართ ადამიანები,
აღმართზე ასვლამ მხოლოდ მაშინ არ დაგვღალა,
როცა ქრისტე გავაკარით ჯვარზე.
არაფერი შეცვლილა, ღმერთო,
ყველაფერი ისევ ისეა,
როგორც იყო…
როგორც არის…
როგორც იქნება…
ტალახიან ხელებში ქვები გვიჭირავს,
გულუბრყვილო და სათნო თვალებით კი
თითქოს მთელი ცხოვრება ცას ავყურებთ,
რომ არ გამოგვრჩე,
რომ თუ იქ შემთხვევით თვალი მოგკარით,
ცრემლის ღვრითა და მჯიღის ცემით დავემხოთ შენ წინაშე,
მაგრამ თუ მიწაზე გამოჩნდი, განწირული ხარ.
ის, ვინც წმინდანებს მხოლოდ შარავანდედით
და ანგელოზებს ფრთებით ცნობს,
ვერასოდეს შეიცნობს უბრალო ბაგაში შობილ,
ადამიანად მოსულ,
განკაცებულ ღმერთს.
როცა სიბნელეში დიდ ხანს ვარ,
სიბნელიდან შუქზე გამოსულს თვალები მტკივდება,
მაგრამ განა სინათლე მაყენებს ტკივილს?
განა ისეთ კეთილ და სუფთა რამეს,
როგორიც სინათლის სხივია,
შეუძლია ტკივილი მომაყენოს?
ალბათ შენი ჩემდამი სიყვარულიც
ასეთივე მტკივნეული და აუტანელი გახდება ჩემთვის,
თუ მთელი ცხოვრება ზურგს შეგაქცევ
და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოვტრიალდები შენკენ.
ღმერთმა რატომ შექმნა ადამიანი?
გული სიყვარულით ჰქონდა სავსე და მარტო იყო,
ვერავის უყოფდა ამ სიყვარულს.
ადამიანმა რატომ გამოიგონა ღმერთი?
გული ტკივილებით ჰქონდა სავსე და მარტო იყო,
ვერავის უზიარებდა, ვერავინ უყუჩებდა ამ ტკივილებს.
და მაინც…
რა იშვიათად შეხვდებიან ხოლმე ერთმანეთს
ადამიანების ტკივილები
და შენი სიყვარული,
ღმერთო.
ვუყურებ შუა მინდორში მდგარ ხეს
და ვფიქრობ,
სულერთია, რამდენი ტოტი აქვს,
მაინც მარტოა.
რა უნდა დატოვო
ნაწვიმარ ქუჩაში,
მოლიპულ ასფალტს
გზასავით ადევნებულ ბორდიურზე,
ერთი ცარიელი ლუდის ქილის,
ნახევარი კოლოფი სიგარეტის ნამწვის
და გამრუდებული ცხოვრების გარდა.
ხელუხლებელი სიყვარული
ალბათ.
აქეთ არაფერი იცვლება,
არ აქვს მნიშვნელობა,
სად ან რამდენი ხნით მიდიხარ,
ბრუნდები და იმის მაგივრად,
რომ გინდოდეს,
ვინმემ ხმამაღლა იყვიროს შენი სახელი,
ნატრობ, ვერავინ გიცნოს.
სულ მგონია,
რომ ღმერთი პირველს მათ სულს მიიღებს,
ვინც ადამიანებმა არ მიიღეს.
საკმარისია,
ქრისტეზე გაიფიქრო
და ჯვარცმა გაგიელვებს თვალწინ.
ნეტავ რა იქნება,
რაც ჩვენი გაფიქრებისას გაახსენდებათ.”