18 აპრილი, 2023

ლანა ღოღობერიძის მთავარი სათქმელი

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე არ წყვეტს საზოგადოების განცვიფრებას. მისმა ერთ-ერთმა ბოლო ფილმმა “დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი”, რომელიც დედას – პირველ ქალ რეჟისორს საქართველოში ნუცა ღოღობერიძეს მიუძღვნა, ათასობით მაყურებელი აღაფრთოვანა.

თავად რეჟისორს კი მიაჩნია, რომ საკუთარი ცხოვრების მთავარი სათქმელი თქვა  და ფილმის „დედა-შვილი“ პრემიერის მერე, შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:

“პირველი, ვინც იმ საღამოს დიდი გულწრფელობით მომილოცა ფილმი, ელდარი იყო. ეს უკვე ტრადიციაა, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს. გავაგრძელოთ ეს ტრადიცია, ელდარ! ის ხომ იმის მაჩვენებელია, რომ ახალგაზრდობაში დაბადებული კინო-მეგობრობა კიდევ სხვა რამეა.

„კათარზისი განვიცადეო“ – დაწერა ფილმზე ნინო ჟვანიამ. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, თუ ეს მოხდა, იმიტომ, რომ ხელოვნების ნაწარმოებს ამაზე დიდი დანიშნულება არა აქვს.
ბედნიერი ვარ იმ ცრემლების გამო, რომლებიც დაიღვარა იმ დღეს ამირანის დარბაზში. რადგანაც ის ცრემლები სწორედ კათარზისია. განწმენდა. განწმენდა კი რაღაც ეტაპზე სჭირდება ყველა ადამიანს. და მთლიანად ერს.
ნინო ჟვანია აღწერს ფილმის პროლოგს: ძველი, გაცრეცილი ფოტოები, სადაც დედა-შვილი ეხვევიან ერთმანეთს. „პირველად გავიაზრე, როგორ გავს ერთმანეთს შეხვედრა და დაშორება. ჰოდა, სულ ამაზე მეფიქრება“…
მეც ამაზე მეფიქრებოდა, ნინო. ორი ადამიანი ეხვევა ერთმანეთს და ეს შეიძლება შეხვედრაც იყოს და დაშორებაც. ისევე, როგორც ცრემლი – შეიძლება შეხვედრისაც იყოს და დაშორებისაც.

და მთელი ჩვენი სიცოცხლეც, რომელი უფროა – შეხვედრა თუ დაშორება?

„ფილმი შეხვედრაზეა, რომლისაც გეშინია. გეშინია იმიტომ, რომ მას ახლავს რისკი, იმიტომ, რომ მახსოვრობის დაძაბვას მოითხოვს, იმიტომ, რომ მას მოსდევს დაშორება“,- წერს ზურა ჭიაბერაშვილი. და კიდევ:
„ფილმი ფერებზეა, რომლებიც ბავშვობიდან დაგდევს. ამ ფილმში ეს ლურჯი ფერია“.
მე მართლაც ფილმისთვის შექმნილი კოლაჟების ლურჯი ნაფლეფებით
მინდოდა შემექმნა ჩემი ხანმოკლე ბედნიერი ბავშვობის ხატი, რომელიც უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ყველა ჩხრეკა და კოფისკაცია…

„დედის ამბავი, რომელიც ავტორის ამბავიცაა და ქვეყნის ამბავიც, რომელიც ყველა ჩვენგანის ამბავი ყოფილა… ტრაგედია, რომელიც შეჯამების და გადარჩენის პოეზიად იქცა“,-დაწერა ლაშა ბუღაძემ და ფილმს „პოეტური კინოლაბირინთი“ უწოდა.

და ბოლოს, მინდოდა ფილმიდან დარჩენილიყო დედას შექმნილი მართლაც ძალიან ძლიერი მხატვრული ხატი: ჭაობი, იგივე „უჟმური“, ანუ საბჭოთა სისტემა, რომელიც ითრევს ფსკერისკენ ყველას და ყველაფერს, კამეჩს თუ ადამიანს.მაგრამ ადამიანი მაინც გადარჩება, იმიტომ, რომ მას სხვა ადამიანები მიეხმარებიან…

მოყვანილი ციტატები იმიტომ ამოვკრიფე, რომ მათში ხაზგასმულია ის, რაც ძირითადი იყო ჩემთვის.

ფილმი – კინოლაბირინთი… ცხოვრება კი – ნამდვილი ლაბირინთი, საიდანაც მთელი შენი არსებობის მანძილზე გზის გაგნებას ცდილობ. 1934 წელს ნუცამ თქვა, რომ ქვეყანა დგას გზისგასაყარზე, საიდანაც ყველა გზა სასიკვდილოა. დღეს?

„იცხოვრო იმისთვის, რომ მოყვე“, – ამბობს მარკესი. მეც მაქვს ეს შეგრძნება. ვიცხოვრე იმისთვის, რომ მომეყოლა. იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება იმ დიდი ისტორიული კატაკლიზმების ანარეკლია, რომლებიც დღესაც ჭრილობად ატყვია ჩვენს ქვეყანას. ჭრილობას კი აქვს ეს თვისება – ის შეიძლება გაიხსნას და სისხლიც გადმოსდინდეს…
ცალკეული მოგონებებიდან იქმნება ერის გენეტიკური მეხსიერება, რომელიც ჩაგვძახის: თუ გვინდა ნამდვილ, თანამედროვე, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ,
აუცილებელია კარგად გავიაზროთ და გავაანალიზოთ წარსული.
დღეს ეს ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული.
გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ის ჭრილობები საბოლოოდ შეხორცდეს.
გავიაზროთ ჩვენი ადგილი სამყაროში.
ვიფიქროთ დღეს. ვიმოქმედოთ დღეს.”