2 აპრილი, 2023

გიორგი ლეონიძე ფიროსმანზე

პოეტსა და მწერალს გიორგი ლეონიძეს გენიალურ მხატვარზე ნიკო ფიროსმანზე არაჩვეულებრივი მოგონება აქვს, რომელსაც ირაკლი მახარაძე გვიზიარებს:

“გიორგი ლეონიძის მოგონებიდან: (ფიროსმანის მეგობარი ბეგო იხსენებდა) ,,ხუთი წელიწადი ერთი პურმარილი გვქონდა, როგორ დავივიწყებ… ერთ იჯრაზე (ერთი საჯერო ჭამადი, ერთი დღე სამყოფი ღომი, თუ პური ანუ სხვა რაიმე – საბა) ძნელია ყველაფრის მოგონება, დრო უნდა ნიკალას სიცოცხლემ. მთელი სიცოცხლე სმაში და ხატვაში გამოაღამა! ჰხატავდა სასმელი ვიშოვოო, სვამდა – კარგად დავხატოო! მისი ხელიდან სიკეთე გამოვიდა, სიავე – არა! მის პიჯაკს ჯიბე არ უნდოდა.

ერთხელ რიყეზედ ერთ მიკიტანს დუქანი მოუხატა. ფული ხელთ არ მისცეს. დაჰკარგავს ან სხვა გამოართმევსო. ისევ მე მომიტანეს გადასაცემად, ნიკალამ ზედაც არ დაჰხედა. ერთხელ კიდევ ფრანცუზები მოვიდნენ (ალბათ ლე-დანტიუ და ილია ზდანევიჩი. გ.ლ.) ნიკალას სანახავად. ნიკოს ნახვის მერე, მის სურათებს შემევაჭრნენ. ნიკოს დასტურით მივყიდე, მაგრამ არც ეს ფული აიღო ჩემგან ნიკალაიმ. ,,ფული რათ მინდაო?”
მარტო ვარ დაბადებული, მარტო უნდა მოვკვდე! აბა ერთი მითხარი, რომელ დიდ მწერალს ჰქონია ბინა, რომ მე მქონდესო? ძველად სულ გამოკაფულ კლდეებში და ქარაფებში უცხოვრიათ წმინდანებივით (ერთი ,,წმინდანი” ბეგოსთვისაც დაუხატია სამახსოვროდ ,,გიორგი განდეგილი”. ინახება ეროვნულ გალერეაში. დავით კაკაბაძის კოლექცია) რა მოგვიტანია, რა უნდა წავიღოთო? ერთი მეგობარი დამმარხავს, დარდი არა მაქვსო!” “ვირის კუდივით მოკლეა წუთისოფელიო!”

თუ ზარხოშად იყო, ჩუმი ღიღინი უყვარდა: ,,ლოთებო, ნეტავი ჩვენა” და სხვა. აიღებდა ჭიქას და იტყოდა: ,,გაუმარჯოს პავლესა, დაისხამს და დალევსა.”