29 აპრილი, 2023

გენიალური აკაკი ხორავა

კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი აკაკი ხორავა თავისი უკიდეგანო ნიჭიერებით არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მაყურებელსაც აღაფრთოვანებდა. ხელოვნების ათასობით მოყვარულმა მას გენიალური სრულიად სამართლიანად უწოდა.

რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი იხსენებდა:

“თეატრის მოსკოვში გასტროლების დროს, პუშკინის ქუჩა ხალხით იყო გაჭედილი – ყველა ხორავას გამოსვლას ელოდა. თეატრის შესასვლელთან იგი ხელში აიტაცეს და სასტუმრომდე ასე ატარეს. ვიღაც ახალგაზრდები ხმამაღლა უკითხავდნენ ლექსებს, გაისმოდა შეძახილები: „ჩამოდით და გვასწავლეთ მსახიობის ხელოვნება!”

ეს აქტიორული ხელოვნების ტრიუმფი იყო. ეს იყო სცენის ფიცარნაგზე დატრიალებული სასწაული, ჯადოქრობა დიდი გრძნეულისა, ჯადოქრობა და შამანობა. ალბათ, ასე ნუსხავდნენ მაყურებელს სალვინი, შალიაპინი, დუზე…”

თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძისთვის კი დაუვიწყარი აღმოჩნდა აკაკი ხორავასთან ერთად მოსკოვში ჩასვლა:

“ერთხელ მოსკოვში XX საუკუნის აღიარებული მსახიობი ვასილი კაჩალოვი მსახიობის სახლში საღამოს მართავდა. აკაკი ხორავას, გიგა ლორთქიფანიძესა და მე ბილეთები არ გვქონდა, მაგრამ მაინც წავედით, გზას ფეხით გავუდექით. თითქმის მთელი მოსკოვი იდგა გრძელ რიგში და ბილეთებს ეძებდა. უცებ გაისმა ძახილი: „Хорава! Хорава! Хорава идет!“ უზარმაზარი მასა ორად გაიპო და მას გზა დაუთმო.

საღამოს შემდეგ კაჩალოვმა სცენიდან თქვა: „შესვენებაზე მაუწყეს, რომ ამ საღამოს ესწრება გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა ჩემს ხელოვნებას ვუძღვნი ყველა დროის უდიდეს მსახიობსა და შემოქმედს.“