17 აპრილი, 2023

ძალიან ლამაზი მინიატურა აღდგომაზე

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირების ძალიან ლამაზ მინიატურას გვიზიარებს ფილოლოგი გია მურღულია5

“გ ა დ ა რ ჩ ე ნ ა

(მინიატურა)

აღდგომიდან მეორე დღეს იესოს ქუჩაში ახალგაზრდა მშვენიერი ქალი შემოხვდა, რომელსაც პატარა ბავშვი მოჰყავდა. ბავშვი ძალიან ავად იყო, ძლივსღა სუნთქავდა. დედას სასოწარკვეთილი სახით ეჭირა შვილი, რომელიც ხელიდან ეცლებოდა. ქალმა არც კი იცოდა, საით ან ვისთან მიდიოდა.
“ღმერთო, – ლოცულობდა დედა, – გადამირჩინე ჩემი პაწია, ის ხომ ასეთი ლამაზი და დაუცველია. გევედრები…”
იესომ პატარას შეხედა. მისი მშვენიერი და ავადმყოფობით გატანჯული თვალებიდან მომღიმარი სატანა შემოსცქეროდა. “აბა, რას იზამ? – თითქოს ეკითხებოდნენ თვალები, – რაც მოხდა, იმის შემდეგ გადამარჩენ?”
დედამ მავედრებელი მზერით შეხედა. შემდეგ, ვერაფრის მიმხვედრმა, მოულოდნელი სიმშვიდით მიმართა მაცხოვარს:
– გვიშველეთ, ბატონო, გადაგვარჩინეთ.
ბავშვის თვალები უკვე ხარხარებდნენ, თუმცა ქალი ამას ვერ გრძნობდა და არც არაფერი ესმოდა. მერე თვალებში მყოფი თითქოს დაწყნარდა და იესოს უთქმელად უთხრა: “ადამიანი ძალიან გაგაწვალებს. უკვე გაგიმეტა ტანჯვისთვის. არადა, იერუსალიმში შემოსვლისას ფეხქვეშ პალმებსა და ტანსაცმელს გიფენდნენ”.
სასოწარკვეთილმა, მაგრამ რაღაც იდუმალის მომლოდინე დედამ დაინახა, რომ უცნობი მათკენ დაიხარა, ბავშვს თავზე ხელი შეახო და რამდენიმე წამს გაირინდა. მას დრო არ სჭირდებოდა – პატარას თვალებში ჩასცქეროდა.
– წადით მშვიდობით, – გაიგონა ქალმა, რომელიც სიცოცხლეში აღარასდროს დაჰვიწყებია, – ერთ-ერთი მათგანი დღეს არ მოკვდება.
ქალმა ვერ გაიგო, რა უთხრა უცნობმა, მაგრამ ნამდვილად დაინახა და მანამდე შეიგრძნო, რომ ბავშვს საშიში აღარაფერი სჭირდა.
“რომელი ერთ-ერთი? – ფიქრობდა ის და უკვე თავის გზაზე წასულ უცნობს თვალით მიაცილებდა, – მადლობის თქმაც კი ვერ მოვასწარი. რა მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი პატარა, მგონი, კარგად არის. რა საოცრება იყო, რაც მოხდა. ჰო, მართლა – როგორი სევდიანი მზერა ჰქონდა. ღმერთმა უშველოს. ნეტავ, ვინ იყო?”
შემდეგ რატომღაც საზარელი ყვირილის ხმა შემოესმა: “ჯვარს აცვი ეგე!”
– ბატონო! – დაუძახა ქალმა იესოს, მაგრამ ის უკვე საკმაოდ გაშორებოდა.
წეღანდელი ხმით შეშფოთებულმა, მაგრამ ბედნიერმა დედამ შვილს ლამაზ თვალებში ჩაჰხედა. ახლა უკვე დაინახავდა იმას, ვინც ცოტა ხნის წინ მაცხოვარს კითხვას უსვამდა, მაგრამ ის იქ აღარ იყო.
სამაგიეროდ, მაცხოვარს გვერდით მიჰყვებოდა ერთი უცნაურად გამაღლებული ახალგაზრდა, რომელიც მას დაბეჯითებით რაღაცას უმტკიცებდა. აყლაყუდას რაღაც უკვირდა, რაღაც ართობდა, რაღაც კი დიდ წუხილს უქადდა.
იესო მშვიდად მიდიოდა, დუმდა და იღიმებოდა. მან ეჭვის მიღმა იცოდა, რომ თავისი საიდუმლო გაუმხილა ადამიანებს, რომელთაც ეს ცოდნა და განცდა – გვერდით მოსიარულისგან განსხვავებით – შეარცხვენდა ან გააბედნიერებდა.”