30 აპრილი, 2023

ძალიან კარგი ამბავი ლექსო თორაძესთან დაკავშირებით

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტთან ლექსო თორაძესთან დაკავშირებით ძალიან სასიხარულო ამბავი ვრცელდება. წელს პირველად მის დაბადების დღეზე – 30 მაისს საზეიმოდ გაიხსნება თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც მამა-შვილის დავით და ლექსო თორაძეების სახელობისაა.

ფესტივალი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს მოსმენებს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოსაჩენად, დაეხმარება მათ პროფესიულ წინსვლაში და დაუნიშნავს თორაძეების სახელობის სტიპენდიას.

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებს მსოფლიო დონის მუსიკოსებს კონცერტებისა და მასტერკლასების საშუალებით გააცნობს.

ნიკოლოზ რაჭველი:

“ძალიან სასიხარულო ამბავი!

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 30 მაისს გაიხსნება და ჩვენი ქვეყნის ყოველწლიურ საფესტივალო ტრადიციად დამკვიდრდება.

უსაზღვროდ ვამაყობ და მიხარია, რომ ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არის და წელს ორი საკონცერტო პროგრამით წარვსდგებით მსმენელთა წინაშე, მათ შორის შევუდექით დავით თორაძის მუსიკის საღამოს კონცეფციასა და პროგრამაზე მუშაობას.

მართლაც საოცარი სტუმრები და მასპინძლები ეყოლება ფესტივალს. ეს არის ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა ლექსოსა და დავით თორაძის ღვაწლის ღირსეულად გაგრძელების მიმართ, რაც ყველას გვაერთიანებს და უდიდეს მუხტს გვაძლევს!

წარმატებას ვუსურვებ ფესტივალს, მის წლევანდელ მონაწილეთა და ორგანიზატორთა გუნდს და ეჭვგარეშეა, რომ სხვადასხვა დარბაზებში, სადაც საკონცერტო კალენდარია გადანაწილებული, უამრავ მსმენელს ვიხილავთ!”