3 მარტი, 2023

უძვირფასესი სიტყვები ეროსი მანჯგალაძეს

ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძე – უზომოდ ნიჭიერი, საოცრად თავაზიანი, თონესავით თბილი, პეპელასავით უპრეტენზიო და უსაზღვროდ მიმტევებელი… – ასე ახასიათებდა მას ლელა ანჯაფარიძე:

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი…
თან ბუმბერაზი და თან ბავშვივით გულწრფელი, მიამიტი და დაუცველი…
უზომოდ ნიჭიერი, საოცრად თავაზიანი, თონესავით თბილი, პეპელასავით უპრეტენზიო და უსაზღვროდ მიმტევებელი…
კაცი, რომელსაც ხშირად ტკენდნენ გულს… ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი იყო…
მაგრამ არასდროს არავინ თავისი დარდებით არ შეუწუხებია…
კაცი, რომლის თბილისის ქუჩებში გავლისას, სიყვარულის ელექსირი ეღვრებოდა გულებში არა მარტო ქალაქელებს, არამედ ხეებსაც, ფოთლებსაც და კვირტებსაც…
კაცი, რომელსაც სულში იმხელა სინათლე დაქონდა და სიბნელე ისე თრგუნავდა, რომ ძილის წინაც შუქს არ აქრობდა…

სწორედ ამ დღეს, 1925 წლის 3 მარტს, ქალაქ სამტრედიაში დაიბადა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, ეროსი მანჯგალაძე… მოგეხსენებათ, სახელი ეროსი – ბერძნულად სიყვარულს ნიშნავს… ის მართლა ყველას უყვარდა, თანაც იქამდე, რომ თავადაც ერიდებოდა…

ბატონმა ეროსიმ თავისი პირველი როლი შეასრულა 6 წლის ასაკში, სოფლის თეატრში დადგმულ სპექტაკლში, სადაც თამაშობდა ყურცქვიტა კურდღლის როლს…
მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ძალიან კარგად დახტოდა და მისი თამაში ყველამ მოიწონა, პატარა ეროსი არ ფიქრობდა მსახიობობაზე…
ჯერ უნდოდა მათემატიკოსი გამოსულიყო, შემდეგ სამხედრო, რადგანაც ძალიან მოწონდა სამხედროების საყელურებზე მიკერებული რომბები…

ბატონი ეროსი მეათე კლასში იყო, როდესაც ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ მიხედვით დადგმულ სასკოლო სპექტაკლში „რღვევა“ მისი თამაშით აღფრთოვანდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობები და მას თეატრალური მომავალი უწინსაწარმეტყველეს.
მან სამხედრო კარიერაზე ფიქრი შეწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ ბატონი ეროსის სახით, ღირსეული გენერალი დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ, ის ჩვენი გულების გენერალისიმუსი გახდა…
17 წლის ასაკში რადიოკომიტეტში გაიმართა დიქტორების კონკურსი, რომელშიც 32 კაციდან გაიმარჯვა ბატონმა ეროსიმ და დაიწყო მუშაობა რადიოში…
თუ გახსოვთ, ძველი გამოცანა რადიოზე –
„ხის პატარა კოლოფი
მაგიდაზე დევს,
არ ჭამს, არ სვამს, არ დადის,
ლაპარაკობს ბევრს“.
პატარა ვიყავი, რომ ვისწავლე ეს გამოცანა და ვერ ვკითხულობდი, სულ მეცინებოდა, როცა წარმოვიდგენდი, ჩვენმა რადიომ რომ დაიწყოს სიარული და მაცივრიდან რაღაცეების მოპარვა.
ხოდა, ახლა ერთად წარმოვიდგინეთ, იმ დროის შესანიშნავ თბილისში, სადაც ყველა გაღიმებული დადიოდა უზარმაზარი ჭადრების და სურნელოვანი ცაცახვის ქვეშ და სახლში მისული, ხის პატარა კოლოფს რომ ჩართავდი და ბატონი ეროსის ხმა რომ მოგწვდებოდა…. წყნარი და ხავერდოვანი…

ამ დროს, თავად ბატონ ეროსის წყნარი ცხოვრება სულაც არ ჰქონია… მამა დაუჭირეს, ხოლო დედა ლოგინად ჩავარდნილი ჰყავდა, ადრე ბლის ხიდან ჩამოვარდნილა…
ასე რომ, ოჯახს ბატონი ეროსი არჩენდა… თან სწავლობდა და თან მუშაობდა…
მესამე კურსზე იყო, როდესაც გიორგი ტოვსტონოგოვმა მიიწვია ტეტერევის როლზე სპექტაკლში „მდაბიონი“, მაქსიმ გორკის მიხედვით…
აფიშებიც გამზადებული იყო, მაგრამ ძალიან კომუნისტურმა კომისიამ ჩათვალა, რომ ბერძნული სახელი ეროსი მიუღებელი იყო საბჭოთა მსახიობისთვის და აფიშაზე სახელი ერესტეთი შეცვალა…
ბატონ ეროსის ისე ეწყინა, რომ საერთოდ უარის თქმას აპირებდა სპექტაკლში მონაწილეობაზე…
ბოლოს, აფიშა დააწერეს – „ტეტერევი – ერ.მანჯგალაძე“.

ტეტერევს მოჰყვა სხვა უამრავი როლი თეატრსა და კონოში… არ ვიცი, როგორ ახერხებდა ბატონი ეროსი – ყველა როლში ასეთი განსხვავებული იყო, მაგრამ მხოლოდ მისთვის, ეროსი მანჯგალაძისათვის ჩვეული „საფირმო“ ხიბლი მაინც არ სცილდებოდა… ყველგან ბრწყინავდა და კაშკაშებდა…

შეუდარებელია მისი ზიმზიმოვი „პეპოში“, თავადი ვანო „ხანუმაში“, გეორქ გეორქოვი „ვერის უბნის მელოდიებში“, მღვდელი „ლონდრეში“, ჩორეხი „ნატვრის ხეში“… მე მისი სევერიან წივწივაძეც კი მახსოვს ჩემი ხნის ფილმში „თოჯინები იცინიან”, ლამაზი თბილისის ფონზე ლამაზი ბიჭები ლამაზ სიმღერას რომ ასრულებენ “ინდი-მინდი ფერად შინდი, ჩემო თოლია“-ზე“…

მოგეხსენებათ, რომ ბატონი ეროსი პირველი ქართული სპორტული კომენტატორი იყო…
დღეს სამტრედიაში მისი სახელობის სტადიონია…

ბატონ ეროსის უყვარდა ცხოვრებაში ერთხელ… უმშვენიერესი, უეშხიანესი და უნიჭიერესი ელენე (ლენა) ყიფშიძე იყო მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული…
დიდმა კაცებმა ასე იციან ხოლმე…
ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ 3 თვეში დაშორდნენ ერთმანეთს…
არვინ არ იცოდა დაშორების მიზეზი…
ორივე მოიქცა როგორც ღირსეულ ადამიანებს შეეფერება და ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობდნენ…
ყვებიან, რომ ბოლო დღეების ჩათვლით, უამრავი ქალბატონი თაყვანისმცემლის მიუხედავად, ბატონი ეროსი ქალბატონ ლენაში დარჩა შეყვარებული და მასზე საუბრისას, პატარა ბიჭივით, თვალები უბრწყინდებოდა…
როდესაც ბატონ ეროსის უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, ლენა ყიფშიძე საპატიო ყარულში იდგა…

ბატონი ეროსი ცხოვრობდა ბარნოვის ქუჩაზე, ცნობილ „მსახიობთა“ სახლში… ძალიან სტუმართმოყვარე კაცი გახლდათ და უყვარდა ნარდის თამაში… მაგრამ მისი სტუმრები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ მაინცდამაინც უნდა მოეგო, თორემ ცუდ ხასიათზე დგებოდა და ბავშვივით იბუტებოდა… შესაბამისად, სტუმრები აგებდნენ, ხოლო ბარნოვის მყუდრო ბინაში იშლებოდა სუფრა და გულივით ღია ფანჯრებიდან წარმომიდგენია, რა სიმღერები ეფინებოდა ღამის თბილისს…
ოჰ, როგორ მომინდა უცებ, იმ სახლის წინ ერთი მაინც ჩავლა…

ბატონი ეროსი შესანიშნავი თამადა იყო… თავის სახლში კი ეს პოსტი ექსკლუზიურად მას ეკავა… არავის არ უთმობდა…
მაშინ ხომ, ქართული სუფრა იყო კულტურის, ზნეობის და კდებამოსილების უნივერსიტეტიც და ასპირანტურაც…
ბატონ ეროსის სადღეგრძელოს წარმოთქმის საკუთარი ფილოსოფია ჰქონდა –
“შევარცხვინე ის სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებული, შევარცხვინე ის სიტყვა, რომელიც ჭიქის პირისკენ წაღებამდეა გაფიქრებული, ვენაცვალე იმ სადღეგრძელოს ჭიქის ხელში აღებისას რომ არის ჩამოსხმული, ჭიქასთან ერთად რომ არის აწეული და ჭიქასთან ერთად რომ არის ჩაფიქრებული.”

ბატონ ეროსი ჰყავდა, თავად როგორც ამტკიცებდა, იაპონური ჯიშის ძაღლი, სახელად „ტანგო“… ეს სახელი შემთხვევითი არ ყოფილა… მემკვიდრეობით გამოჰყოლია ძროხისგან, რომელიც ბატონ ეროსის თურმე ბავშვობაში უყვარდა…
ბატონი ეროსისთვის ეს ძაღლი მარტო ძაღლი კი არა, მეგობარი და ოჯახის წევრი იყო… გვერდიდან არ იშორებდა, მაგრამ ტანგო მაინც ახერხებდა გაქცევას და მაშინ, თურმე მთელი ბარნოვის ქუჩა ეძებდა, რომ პატიმარივით სახლში დაებრუნებინათ.
თურმე, ერთხელ, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე მიდიოდა რუმინეთში და ბატონ ეროსის ტანგოს თან წაყვანაზე უარი განუცხადეს… მანაც უარი განაცხადა გასტროლებზე წასვლაზე… მაშინ მოძებნეს კომპრომისი – ტანგო თბილისის საუკეთესო კინოლოგს ჩააბარეს… მიუხედავად ამისა, ბატონი ეროსი გასტროლების მთელი პერიოდის მაინც ნერვიულობდა…
გასტროლების დასასრულს, ბუქარესტში საბჭოთა საელჩომ ქართველი მსახიობებისთვის ბანკეტი გამართა და ელჩმა სადღეგრძელოს თქმა სთხოვა ეროსის… ის ადგა და სერიოზულად განაცხადა „ტანგოს გაუმარჯოსო!“… ბუნებრივია, არც ელჩმა და არც სხვა მაღალმა სტუმრებმა არაფერი არ იცოდნენ ბატონი ეროსის ძაღლის შესახებ და ჩათვალეს, რომ ქართველი მსახიობი არგენტინული ცეკვის მოტრფიალეა… ელჩის განკარგულებით, ორკესტრმა შეასრულა არგენტინული ტანგო…
ბოლოს ტანგო დასნეულდა, დაყრუვდა და დაკოჭლდა, მაგრამ ბატონ ეროსის ის ყოველდღე გაჰყავდა სასეირნოდ… ბატონი ეროსი ვარჯიშობდა, ტანგო კი „იცავდა“…
ბატონმა ეროსიმ ძალიან მტკივნეულად გადაიტანა მისი დაკარგვა… დაასაფლავა კუს ტბაზე… ერთმა მისმა ახლობელმა დეპეშა გაუგზავნა – „ქელეხი არ გამოგვაპაროო”… ბატონი ეროსი მას დიდი ხნის განმავლობაში ხმას არ სცემდა… ვისაც ტანგოსნაირი ძაღლები არ ჰყოლია, ძნელი გასაგებია… მე მყავს…

საერთოდ სხვანაირი გულის კაცი იყო…
ბატონი გივი ბერიკაშვილი იხსენებდა, – „თუ დაინახავდა, რომ წესიერი კაცი ხარ, გულში ჩაგიხუტებდა და აღარც მოგიცილებდა გვერდიდან“.
ბატონი მიხეილ თუმანიშვილი ყვებოდა, რომ ერთ-ერთ რეპეტიციაზე ზედმეტად აღელვდა და უყვიროდა პარტერიდან მსახიობებს…
ბატონი ეროსი გამოსულა რამპასთან და შესძახა: „შენ რა, გენერალი ხარ თუ გენერალი ხარ, წადი ჯარშიო. აქ რა გინდა?“

საოცრად მიყვარს ქალბატონი მედეა ჩახავას მოგონება…
თურმე ერთხელ განაწყენებულ მედეას დაუწერია თეატრიდან წასვლის განცხადება, რომელიც განსახილველად გაიტანეს სამხატვრო საბჭოზე… გაცხარებულმა ეროსიმ ნაკუწებად აქცია ეს განცხადება,…ნახევარი პირში ჩაიყარა, დაღეჭა და გადაყლაპა – „ახლა როგორ წახვალო, იმასაც ვნახავო!“… ყველას სიცილი აუტყდა… მედეა კი, რა თქმა უნდა, თეატრში დარჩა…
და, რა თქმა უნდა არა იმიტომ, რომ განცხადება „შეუჭამეს“… მეორე განცხადების დაწერას რაღა უნდოდა… უბრალოდ მხარდაჭერა და სითბო იგრძნო…
ზღაპრით კი დავიწყე, მაგრამ ზღაპრებიც ზოგჯერ ბედნიერად არ სრულდება…
ბატონი ეროსი გარდაიცვალა 57 წლის ასაკში, გულის შეტევისგან… მის უზარმაზარ გულსაც კი ვერ შეეძლო რაღაცეების გადატანა…

მე, სამწუხაროდ, ბატონ ეროსის პირადად არ ვიცნობდი… დღემდე ვერ გამიგია, რატომ… ერთხელ ვნახე ახლოდან და მისვლა მომერიდა… აბა, მაშინ რა ვიცოდი, რომ ჩემზე უფრო მორიდებულიც კი იყო…
დღეს კი ვამაყობ იმით, რომ ჩემი ნაძალადევის აღმართზე აღმართული „კოშკიდან“ ცივილიზაციაში რომ გავიდე, აუცილებლად უნდა გადავკვეთო ეროსი მანჯგალაძის სახელობის ქუჩა… და ის გადაკვეთაც კი მიყვარს…”