17 მარტი, 2023

ოთარ ჭილაძე გალაკტიონ ტაბიძეზე

კლასიკოსი მწერალი ოთარ ჭილაძე პოეზიის მეფეზე გალაკტიონ ტაბიძეზე თავის ერთ-ერთ ჩანაწერში “ღმერთის სიკვდილი” 1975 წელს წერდა:

“მე მქონდა შესაძლებლობა პირადად გავცნობოდი გალაკტიონს. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და რამდენიმე ბავშვი გაგვაგზავნეს სკოლიდან რაღაცის გადასაცემად, მაგრამ ბოლო წუთას მაინც ვერ გავბედე მის ბინაში შესვლა, შემეშინდა, ისეთი რამე არ ეკითხა ჩემთვის, რაზედაც ვერ ვუპასუხებდი, არ მეცოდინებოდა, ანდა ისე ვერ ვუპასუხებდი, როგორ პასუხსაც ელოდებოდა ალბათ იმისგან, ვინც მის სამფლობელოში შეჭრას გაბედავდა.

გალაკტიონი სულ იყო. ის წარსულიდან კი არ ამოიზარდა ჩვენთვის სხვა ტიტანებივით, არამედ ჩვენს გვერდით ცხოვრობდა, ჩვენთან ერთად, და, შეიძლება ამის გამოც, მისი ზემოქმედება შეუმჩნეველი რჩებოდა დიდი ხნის მანძილზე. ის ჰაერივით შემოდიოდა ჩვენს არსებაში, ჰაერივით, რომელსაც ვერ ამჩნევ, ვერც გრძნობ, მაგრამ ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

გალაკტიონს რომ ჩვენამდე ეცხოვრა, შეიძლება თავიდანვე მეტი პატივისცემა გვქონოდა არამარტო მისი პოეზიის, არამედ მისი პიროვნების მიმართაც. ღმერთი რომ ხილული იყოს, რელიგია არ იარსებებდა. გალაკტიონს კი იმდენად შეეჩვია თბილისი, აღარავის უკვირდა მისი გამოჩენა, ყველანი ცნობდნენ, ყველამ იცოდა მისი სახელი, რაც, ძალაუნებურად, არღვევდა საზღვრებს ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივს, ყოველდღიურსა და მარადიულს შორის. პირადად მეც ბევრჯერ მინახავს იგი, ხევისბერივით გოროზი და ახოვანი, ბავშვის წა-მალზე გამოსული კაცივით აფორიაქებული, ანდა უბილეთო მგზავრივით, ტროლეიბუსის უკანა ბაქანზე გაჩერებული და სევდიანი ყურადღებით გამომზირალი ტროლეიბუსის კარის ვიწრო მინაში – გეგონებოდათ, პირველად მოხვედრილა ამ ქალაქშიო.

ჩვენ არ განგვიცდია მისი წარმოდგენის ტანჯვა და სიამე, მაგრამ ჩემს თაობას, ეტყობა, ბედად ეწერა უფრო დიდი შთაბეჭდილების განცდა, ვიდრე ღმერთის წარმოდგენაა. მან ღმერთის სიკვდილი იხილა. ის დღეები, როცა გალაკტიონი მწერალთა კავშირში ესვენა, საზეიმო უფრო იყო, ვიდრე სამგლოვიარო. მწერალთა კავშირი იმ დღეებში მართლა ჰგავდა ტაძარს, სადაც ყველა მორწმუნეს შეეძლო შესვლა უფლის სახილველად. ის კი, უფალი, მშვიდად, მედიდურად, მომხიბვლელადაც კი, იწვა მაღალ კუბოში, ყვავილებში ჩაფლული, და ჩვენ, პოეტები კი არა, პოეზიის თაყვანისმცემლები, მორწმუნეთა აღტკინებით, ტანჯვანარევი სიამით, ჭირისუფლის უფლებამოსილებით ვირეოდით ნახევრად ბნელ დარბაზში, სადაც კუბო იდგა, რადგან ჩვენს აღტკინებას, სიამესა და უფლებამოსილებას პოეზიის – ამ უძველესი და უმშვენიერესი რელიგიის – საიდუმლოებათა ღრმა ცოდნა კი არ ბადებდა, არამედ – განუსაზღვრელი ნდობა, შეურყეველი რწმენა მისდამი. სადაც ღმერთი ასვენია, იქ ურწმუნოებაზე და უნდობლობაზე ლაპარაკი თავისთავად გამორიცხულია.

გალაკტიონმა, უპირველეს ყოვლისა, პოეზიის სიდიადის, პოეზიის მარადიულობისა და, რაც მთავარია, პოეზიის აუცილებლობის რწმენა განგვიმტკიცა ჩვენ. მწერლები ერთმანეთს ასწავლიან, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ვინ ვის ასწავლის, მთავარია, ვინ რა იცის, ვისგან რისი სწავლა შეიძლება. გალაკტიონმა სიტყვის პატივისცემა გვასწავლა, რაც, თავისთავად, საერთოდ ადამიანის პატივისცემას ნიშნავს. მე არ მეგულება ჩვენს თანამედროვეობაში მეტნაკლები შესაძლებლობის, განათლებისა და გაქანების პოეტი (რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით), გალაკტიონის გავლენა არ განეცადოს. გავლენა, კარგი გაგებით, კეთილშობილური აუცილებლობაა, განვითარებასა და წინ წასვლას გულისხმობს, რადგან სულში ტოვებს კვალს და არა სახეზე. სახეზე მიმბაძველობა ტოვებს კვალს, გრიმივით, ხოლო მიმბაძველობისკენ ადამიანს, ამ შემთხვევაში პოეტს, ადამიანის სულის სიღრმეთა წვდომის სურვილი კი არ უბიძგებს, არამედ ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივების ჟინი. გალაკტიონს, სხვათა შორის, მიმბაძველიც ბევრი გამოუჩნდა და მათი მეშვეობით მან ისიც გვასწავლა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოეტი.

გალაკტიონის ცხოვრება მშვენიერისადმი განუწყვეტელი სწრაფვაა, განუწყვეტელი და, ამიტომაც, გამანადგურებელი სურვილია მშვენიერის შექმნისა, რასაც თანამგზავრად კატორღული შრომა, უძილობა, უპურობა, უმეგობრობა, აუტანელი ტკივილი, სულისშემხუთავი

ეჭვი, გამაოგნებელი სინანული და იშვიათი, წამიერი ბედნიერების შეგრძნება ახლავს მხოლოდ. შეიძლება ამის ბრალიცაა, რომ გალაკტიონის ყველა სურათიდან (რომელ ასაკშიც არ უნდა იყოს გადაღებული) გამაოცებელი სისუფთავისა და ჩვენთვის უცხო სისადავის გრძნობა გვეუფლება ხოლმე, რაც ამ ბედნიერი ტანჯულის სულიერი დახვეწილობის, სულიერი წრთობისა და სულიერი სიდიადის გამონაშუქია, თვალისთვის მიუღწეველი ვარსკვლავის სინათლესავით რომ აღწევს ჩვენამდე და მერე დიდხანს გვაფორიაქებს, როგორც ბოლომდე გაურკვეველი, მაგრამ ბედნიერების მაუწყებელი სიზმარი…”