29 მარტი, 2023

ნანა ჯანელიძე თენგიზ აბულაძეზე

ნანა ჯანელიძე დიდებული რეჟისორის თენგიზ აბულაძის ცხოვრების ბოლო პერიოდს იხსენებს:

“თენგიზ აბულაძეს სულ 7 ფილმი აქვს გადაღებული. ყველაზე დიდი აღიარება „მონანიებამ“ მოუტანა, თუმცა თვითონ ყველაზე მეტად „ვედრება“ უყვარდა. ტრილოგიის გარდა – “ვედრება”, “ნატვრის ხე”, “მონანიება” – არცერთი თავისი ფილმი არ მოსწონდა, ეს ფილმები კი იყო: “მაგდანას ლურჯა”, “სხვისი შვილები”, “მე ბებია, ილიკო და ილარიონი”, “ყელსაბამი ჩემი სატრფოსთვის”…

ბოლოს, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სჯეროდა რომ ფილმის გადაღებას კიდევ შეძლებდა. ამბობდა – რაც გადავიღე არაფრად ვარგა, უნდა გადავიღო რაღაც სრულიად ახალი, ფორმითაც და სტილითაც.

ერთხელ მის ოთახში შევიხედე, რაღაცას წერდა. ვკითხე: – ბატონო თენგიზ, სცენარის წერა დაიწყეთ? – შეცბუნებულმა გამომიწოდა ფურცელი, რომელიც ერთადერთი ფრაზით იყო გადავსებული: ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? საით მივემართებით?

უკანასკნელ გზაზე გაცილებისას, რეზო ჩხეოძემ იგი პატარა მწყემსს, დავითს შეადარა, რომელიც გოლიათს – საბჭოთა იმპერიას შეება და დაამარცხა.”