30 მარტი, 2023

იაკობ გოგებაშვილის საამაყო ანდერძი

გენიალურმა იაკობ გოგებაშვილმა მთელი თავისი ქონება – წიგნები და გამოცემები, ასევე მის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი წერა კითხვის გამარვცელებელ საზოგადოებას მომავალი თაობების განათლებისთვის დაუტოვა:

“მე, ქვემორე ხელისმომწერი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, საღი გონებით და მტკიცე მეხსიერებით, ჩემი გარდაცვალების შემთხვევისათვის, ვაცხადებ ჩემს შემდგენ ნებასურვილს:

ქართულ და რუსულ დაწერილ გამოუკლებლივ ყველა ჩემს სახელმძღვანელოსა და წიგნსა, აგრეთვე მრავალრიცხოვან ნახატ და საწერი დედნების კლიშეებსა, ლითოგრაფიულ ქვასა, რომელზედაც მოგრავირებულია საქართველოს რუკა და წარმოადგენს ბუნების კარის დანართს და ინახება მესხიევის ლითოგრაფიაში, ასევე ყველა ჩემს სტატიას, დაბეჭდილს ქართულსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში, დაუმთავრებელი წიგნების, ჯერ დაუბეჭდავი სტატიების ხელნაწერებს, ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდერძებ კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართულს მოსახლეობას შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ თბილისის საზოგადოებას.

ამავე საზოგადოებას ვუანდერძებ მიწის ნაკვეთს ვერაზე თბილისში, ზომით 264 კვადრატულ საჟენს, რომელიც 1901 წელს ვიყიდე ნაფიც ვექილ ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარისგან და მის რწმუნებულისაგან აზნაურების გერასიმე დიმიტრის ძე პოლშგენისა და ვლადიმერ ალექსის ძე ოსიპოვისგან, აქტით N-208, რომელიც მოხდენილია იმავე წელს ქალაქ თბილისის უფროს ნოტარიუსთან. ამასთან ერთად წერა-კითხვის საზოგადოებას ვაკისრებ დაიცვას შემდეგი პირობები:

1. ჩემი სახელმძღვანელოების ყოველწლიური შემოსავლის ხარჯზე ის ვალდებულია დაარსოს და შეინახოს სანიმუშო დაწყებითი სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში, რომელიც ქალაქ გორის მახლობლად იმყოფება.

2. ყოველწლიურად აძლიოს ყოველი ნახევარი წლის განმავლობაში ასოცი მანეთი ჩემ მოხუც დას ეფემია სიმონის ასულს ინოურის ქვრივს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, მის ღარიბ შვილს გიორგის, ოჯახთან ერთად, სანამ ეს შესაძლო იქნება.

3. თუ ჩემი სტიპენდიანტები: ძმისწული შალვა გოგებაშვილი, ამჟამად კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი, აგრეთვე ჩემი დისწულის შვილი, კონსტანტინე კასრაძე, მანგეინელი სტუდენტი, ვერ მიიღებენ საკმაო სტიპენდიებს, საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობით, მაშინ ეს გამგეობა მისცემს ორთავეს შესაძლებლობას ჩემი სახელმძღვანელოების შემოსავლის ხარჯზე დაამთავრონ უმაღლესი განათლება.

4. ჩემი ქართული და რუსული წიგნების ყველა გაყიდული ეგზემპლიარიდან წერა-კითხვის საზოგადოება გადასდებს არანაკლებ 1 კაპეიკსა სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალის შესაქმნელად, რომლის პროცენტებით იგი, ქართველი ინტელიგენციის დემოკრატიული ელემენტის გასაძლიერებლად, უმთავრესად სპეციალურ, კერძოდ კი პედაგოგიურ სასწავლებლებში აღზრდის ყველაზე ნიჭიერ და სახალხო სკოლის კურსის წარმატებით დამთავრებულ ბავშვებს: გლეხებისა, მუშებისა და ღარიბ სახალხო მასწავლებელთა, ამავე კაპიტალისთვის ვნიშნავ ჩემი მიწის ნაკვეთს ვერაზე, რომელსაც საზოგადოების გამგეობა გაჰყიდის მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ფასი ძალიან აიწევს და მთელ აღებულ თანხას შეუერთებს ჩემს სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალს. ამავე კაპიტალის შემადგენლობაში უნდა შევიდეს ჩემი ნაღდი თავისუფალი თანხების დაახლოებით ნახევარი, ჩემი სხვა ანდერძის თანახმად. საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებლის ხარჯვას სტიპენდიისათვის საზოგადოების გამგეობა არ იწყებს მანამ, სანამ ის არ მიაღწევს ათი ათას (10.000) მანეთამდე.

5. ჩემი წიგნების შემოსავლიდან კი საზოგადოების გამგეობა ყოველწლიურ სუბსიდიას არანაკლებ 300 მანეთისა აძლევს ქართულ პედაგოგიურ ჟურნალს განათლებას, რათა ამ ჟურნალმა, რომელიც აუცილებლად საჭიროა საზოგადოების მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, არ შესწყვიტოს თავისი არსებობა დეფიციტის მძიმე ტვირთის გამო.

6. ყოველწლიურად აძლევს აკაკი როსტომის ძე წერეთელს ას მანეთს, როგორც ჰონორარს იმ საბავშვო ლექსებისათვის, რომლებიც იბეჭდება დედა-ენაში და რომლებიც ჩემი თხოვნით სპეციალურად დაწერილია ამ ჩემი გამოცემისათვის.

7. ყოველგვარი ცვლილება ჩემს სახელმძღანელოებსა და წიგნებში შეიძლება იქნას შეტანილი ამ ცვლილებათა მხოლოდ ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ საზოგადოების გამგეობის ყველა წევრის მიერ და მიღებულ იქნება დადგენილება გამგეობის ყველა წევრის სამი მეოთხედის მიერ. ჩემი ამათუიმ სახელმძღვანელოს გამოცემის შეწყვეტისათვის კი საჭიროა გამგეობისა და საზოგადო კრების აგრეთვე სამი მეოთხედის უმრავლესობა.

8. სამი წლის განმავლობაში ჩემი გარდაცვალების დღიდან საზოგადოების გამგეობა წესრიგში მოიყვანს და დაბეჭდავს ჩემს მიერ ჯერ გამოუცემელ როგორც ქართულ, ისე რუსულ სტატიებს. როგორც რუსული, ისე ქართული სტატიები იბეჭდება ცალკე ტომებად იმავე ქრონოლოგიური რიგით, რომლითაც ჩემს მიერ გამოცემულია ჩემი რჩეული ქართული სტატიების პირველი ტომი. ხარჯებს ორი პირველი ტომის გამოსაცემად გამგეობა ეწევა ჩემი სახელმძღვანელოების მოგებიდან იმ შემთხვევაში, თუ მე ვერ მოვახერხე ამ მიზნისთვის დავსტოვო განსაკუთრებული, სპეციალურად საჭირო თანხა.

9. „წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობა ყოველწლიურად ათავსებს თავის ანგარიშში განსაკუთრებული ნაწილის სახით რაც შეიძლება ზედმიწევნით ცნობებს ჩემი სახელმძღვანელოებისა და წიგნების გამოცემის, მათი გაყიდვით მიღებული წმინდა მოგების და ამ მოგების გამოყენების შესახებ ჩემი ამა ანდერძის თანახმად.

10. თუ „წერა-კითხვის საზოგადოება” რაიმე განსაკუთრებულ გარემოებათა გამო იძულებული შეიქნება შესწყვიტოს თავისი არსებობა, საქმეების ლიკვიდაციის დროს საზოგადო კრებამ საკუთრების უფლება ჩემს სახელმძღვანელოებსა და წიგნებზე, აგრეთვე სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალზე უნდა გადასცეს რომელიმე მნიშვნელოვან ქართულ დაწესებულებას იმ აუცილებელი პირობით, რომ წიგნების წმინდა მოგება და სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებელი გამოყენებულ იქნეს სწორედ იმ დანიშნულებისათვის, რომელიც გამოხატულია ამა ჩემს ანდერძში.

ამა ჩემი ანდერძის აღმასრულებლად ვნიშნავ: ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს, ვალერიან ლევანის ძე გუნიას, ნიკოლოზ იოსების ძე ლომაურს, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილს და სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილს. 1912 წელი 14 მარტი.

ესე ანდერძი შეადგინა, გადასწერა და მას ხელი მოაწერა თვითონ მოანდერძემ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა.

მოწმენი: ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე.
დიმიტრი მოსეს ძე პეტრაძე.
გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.”