19 მარტი, 2023

ელისო ვირსალაძის საოცარი ისტორია

ლეგენდარულ პიანისტზე ელისო ვირსალაძეზე საოცარი ისტორია შემოგვინახა ლელა ანჯაფარიძემ:

“არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი ისტორია…
მაშინ ვმუშაობდი მოსკოვში, საქართველოს საელჩოში… კვირა დღე იყო და ვმორიგეობდა… უცებ რეკავს ტელეფონი…
ავიღე ყურმილი და იქიდან ისმის ისეთი მორიდებული ხმა: – გამარჯობათ, მე ელისო ვირსალაძე ვარო…
გეფიცებით, ვეწეოდა და სიგარეტი გადავაგდე და ფეხზე წამოვდექი…
– გისმენთ, ქალბატონო ელისო…
– უკავრავად, რომ გაწუხებთ, მაგრამ, იქნებ დამეხმაროთო, ქუჩიდან ძაღლი ავიყვანე და ლეკვები დაყარაო და მე ამდენს ვერ ვაცხოვრებ ჩემთანო და ხომ არ იცით, ვინმეს ერთი ცალი ლეკვი ხომ არ ჭირდებაო?

ამ დროს, ჩემს სახლში ცხოვრობს შავი გაქუცული კატა, რომელიც ჩემმა ნინკამ მოიყვანა წვიმიდან და დავიტოვეთ…
მაგრამ ახლა ისიც ხომ გესმით, რომ ქალბატონ ელისოს რომ ეთქვა – ვეფხვი ან ნიანგი აცხოვრეო, მე მაინც ვერ ვეტყოდი უარს და ვუპასუხე:
– ქალბატონო ელისო, ერთს მე ავიყვან მეთქი…
ისე გაუხარდა და შევთანხმდით…
იმავე დღეს სახლში მივაკითხე…
სამწუხაროდ, თვითონ არ ბრძანდებოდა და პირადად ვერ გავიცანი, მაგრამ მისი შესანიშნავი ქალიშვილი დამხვდა…
სახლში რომ შევედი, გავშეშდი…
იქ იყო რამდენიმე კატა და ძაღლი…
თანაც ერთმანეთში შეხმატკბილებულები.
იცით, რას მივაქციე განსაკუთრებული ყურადღება – მე ხომ „ძაღლისტი“ ვარ და კარგად ვიცი, რა ძნელია ბინა გქონდეს წესრიგში 1 ცალი ძაღლის პირობებშიც…
ქალბატონი ელისოს ბინა იყო გაწკრიალებული…
აქ არ გიშველის არცერთი მომვლელი, თუ შენ თვითონ არ მოუარე შენს ცხოველებს მთელი გულით…
ხოდა ასე ვიფიქრე, ეს ლამაზი ცხოველები, ალბათ, ქალბატონ ელისოს დაკვრას რომ უსმენენ, ამიტომ არიან ასე მოწესრიგებულები და წყნარები…

მოკლედ, უკვე ჩემი ლეკვი წამოვიყვანე…
სახლში რომ მივედი, მივხვდი, რა სწორი ვყოფილვარ…
კატამ და ძაღლმა დაკლეს ერთმანეთი.
კიდევ მინდა დავუმატო, რომ ქალბატონი ელისოს ქალიშვილმა 2-ჯერ დამირეკა სახლში და იმ ლეკვის ბედი მოიკითხა…
ამის მერე ქალბატონი ელისო კიდევ უფრო შემიყვარდა…

ინტერნეტში ასეთ განცხადებას წავაწყდი…
„Френды, госпожа Элисо Вирсаладзе, чья доброта и сострадательность не знает, в отличии от размеров жилья, границ, с удовольствием поделится щедротами своими, в виде 3-х замечательных собачек (из ее 10-ти!),- воспитанных, добрых и славных.
Больше всего госпожу Вирсаладзе расстраивает тот факт, что по причине плотного гастрольного графика она не успевает уделять своим воспитанникам должного внимания и человеческого тепла.
Желающим обзавестись собачкой “от Вирсаладзе” – писать мне или связаться с ассистентом Э. Вирсаладзе, Яковом Кацнельсоном“…

ხომ გესმით, ამ დონის ხელოვანი, შოპენის და შუბერტის, მოცარტის და ბეთჰოვენის, ბოლოს და ბოლოს მკაცრი ბახის, შეუწყვეტელი გასტროლების, რეპეტიციების, გაკვეთილების ფონზე, ქუჩიდან მოყვანილ ძაღლის ლეკვებზე რომ ზრუნავს…
ამისთვის რომ ცალია…
3 ლეკვს რომ სთავაზობს ვიღაცას და 7-ს რომ მოსავლელად იტოვებს, რა სხვანაირი ადამიანი უნდა იყოს…”