29 მარტი, 2023

დავით გორგილაძის არაჩვეულებრივი თარგმანი

პოეტი დათო გორგილაძე არაჩვეულებრივ თარგმანს გვიზიარებს:

“ძალიან დიდი ხანია ისე არაფერზე მიწვალია, როგორც ამის თარგმანზე ვიწვალე.
თქვენ იოლად მიიღეთ, ალალი იყოს ორტეგას ნიჭი და ჩემი შრომა:

“მეზობელს ვუყვარდი
სახელად გერტრუდას,
გოგონას ჭრელთვალას, ხუჭუჭას, კეკლუცს და
კოჭთან სვირინგიანს,
სამოსით – უნაკლოს,
თხელ კაბებს იცვამდა, კოხტას და უბრალოს.
სალამს ვერ ვასწრებდი,
სალმითვე ვხვდებოდი
მისთვის წმინდანების გვერდით რომ ვდგებოდი.
დგებოდა სისხამზე
გეგმებით ახლებით,
ომლეტს მიირთმევდა მუსიკის თანხლებით.
კართან გამომდგარი ღილებს რომ იკრავდა,
ენას მიყოფდა და თვალს ისე მიკრავდა.
უყვარდა სახეზე მზის რუჯის დადება,
უნდოდა ჩვენ შორის ხიდების გადება,
მაგრამ ვერ
ბედავდა
ხედავდა რადგანაც
სახლთან მაკითხავდა ლამაზი მანქანა.
მანქანა
ლამაზი გოგონას
მანქანა
თმის ფერით შავი და
გრძნობებით – ანკარა.
[დამშრალა.
გერტრუდას გრძნობები დამშრალა.
წმინდანთა სიიდან ანაზდად გავმქრალვარ.
ღამით მომეჩვივნენ სიზმრები მზაკვრები
და მომნატრებია
იმ თვალის ჩაკვრები.
პროცესი სახეზე მზის რუჯის დადების,
სალმისას ნიკაპთან ენის გადადების.
თანხლებით მუსიკის
მირთმევა ომლეტის,
შეგრძნება პეპლების
აფრენის მომენტის]
და როცა ეჭვებმა ძალიან დამღალა,
ვხედავ, რომ გერტრუდა კიბესთან დამდგარა.
სალამი ვუთხარი
(ავართვი ამჯერად),
თვალი გავუსწორე
ძალიან დამჯერად.
“თუ გინდა გაკოცებ”
გამოსცრა გერტრუდას,
“მაკოცე” – ვუთხარი
(უარს ვინ ეტყოდა?!).
მაკოცა, ვაკოცე.
ვაკოცე, მაკოცა.
კოცნებით კოცნების ღმერთიც კი გაოცდა,
ვნებები დუღილის ნიშნულებს გამოცდა,
“ლამაზი მანქანა? – გერტრუდას წამოცდა
(ამ დროს ის შარაგზის მოსახვევს ჩამოცდა).
დარდებს რომ მივუხვდი, დავკრიჭე ეშვები,
სწრაფად გავუფანტე გერტრუდას ეჭვები:
– “ის მხოლოდ თუნუქი, ძრავა და ბოლია
და მისი მძღოლი კი – უბრალოდ მძღოლია”.