30 მარტი, 2023

ალექსანდრე ბასილაიასა და ლუიზა კობალაძის მთავარი ამბავი

aleqsandre-basilaia-da-luiza-kobaladze.jpgლეგენდარული კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრების მთავარი სიყვარული მომღერალი ლუიზა კობალაძე იყო. მათ ცხოვრების არაერთ ქარტეხილს ღირსეულად გაუძლეს და ათეულობით წელი ერთმანეთის სიყვარულში გაატარეს.

ქალბატონი ლუიზა მათი სიყვარულის ისტორიას ყოველთვის უდიდესი სიამოვნებითა და ცრემლიანი თვალებით იხსენებს: ამბობს, რომ მასზე 3 წლის უმცროსი კომპოზიტორი საოცრად დახვეწილი ადამიანი იყო და ყოველთვის დიდი კაცივით იქცეოდა. ალბათ ამიტომაც გაბედა და საყვარელ გოგონას სიყვარული 14 წლის ასაკში აუხსნა. რა თქმა უნდა, მას ეს ამბავი სერიოზულად არ მიუღია, თუმცა ბიჭი არ ნებდებოდა და როდესაც პასპორტი აიღო, სთხოვა მშობლებისგან მალულად ხელი მოეწერათ.

მიუხედავად იმისა, რომ ლუიზა კობალაძეს ალექსანდრე ბასილაიას მიმართ გრძნობა არ ჰქონდა, მიზანდასახულმა კომპოზიტორმა იმდენი მოახერხა, რომ რჩეულს თავი შეაყვარა. თბილისში სასწავლებლად ჩამოსულმა პირველკურსელმა ლუიზა კობალაძემ და არასრულწლოვანმა ალექსანდრე ბასილაიამ ხელი მოაწერეს. რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, თუმცა მმაჩის ბიუროში საქმე ჩააწყეს.

როდესაც მომღერალი 3 თვის ორსული იყო, კომპოზიტორმა დედას წერილი დაუტოვა და საცხოვრებლად საყვარელ ქალთან გადავიდა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელი იქნება, მაგრამ ალექსანდრე ბასილაიას დედას ლუიზა კობალაძე რძლად არ უნდოდა. ის კი არადა, კომპოზიტორის ბიძამ მომღერლისგან აბორტის გაკეთებაც კი მოითხოვა. გოგონას მამამ განაცხადა, რომ შვილსაც და მომავალ შვილიშვილსაც თავად მოუვლიდა…

ჭეშმარიტმა სიყვარულმა ყველა განსაცდელს ღირსეულად გაუძლო. წყვილის პირველი შვილი – არაჩვეულებრივი მუსიკოსი და მომღერალი ანრი ბასილაია 6 თვის იყო, როდესაც ბებიამ გაიცნო და რძალსაც შეურიგდა.

საყვარელი ქალის უდიდესი ხელშეწყობითა და თანადგომით კომპოზიტორმა ლეგენდარული ანსამბლი “ივერია” შექმნა და უკვდავი სიმღერები დაწერა. “ივერიამ” არნახული პოპულარობა მოიპოვა და თავისი მიუზიკლებითა და საკონცერტო პროგრამებით მთელი მსოფლიო მოიარა.