1 თებერვალი, 2023

თამარ წულუკიძის განსაკუთრებული ისტორია

მსახიობ თამარ წულუკიძეს რეჟისორ სანდრო ახმეტელის სიყვარული ძვირად დაუჯდა – გადასახლება, პატიმრობა, ერთადერთი შვილის სიკვდილი…

გამორჩეული მსახიობი ლელა ანჯაფარიძემ გაიხსენა:

“სანდრო ახმეტელმა შეყვარებაც სხვანაირი იცოდა… რუსთაველის თეატრში მან გაიცნო ულამაზესი, მასზე 17 წლით უმცროსი მსახიობი, თამარ წულუკიძე. მას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა მასთან ერთად ყოფნისთვის… მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ახმეტელს პირველ მეუღლესთან – ტასო როსტომაშვილთან იმ დროს უკვე ჰქონდა უთანხმოებები, მისი თამართან შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ სანდროს უახლოესი მეგობრები, მაგრამ მან ასე თხოვა – „მაჩუქეთ ეს ქალი“ და ვეღარავინ ვერ შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას… სამწუხაროდ, მათ ერთად ყოფნის ძალიან მცირე დრო ჰქონდათ დარჩენილი…

სანდრო ახმეტელის დაპატიმრების შემდეგ, ზეწოლა მის მეუღლეზეც დაიწყო… თამარ წულუკიძე-ახმეტელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს…

სანდროს და თამარის ერთადერთ ვაჟს, რომელსაც მოფერებით ეძახდნენ სანდის, ზრდიდა სანდროს და, ეკატერინე და მისი მეუღლე გრიგოლ მუხაძე…

თამარ წულუკიძე 2 წლის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ერთადგილიან საკანში, სადაც მარტოობისგან რომ არ გაგიჟებულიყო, ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს…

შემდეგ… ამუშავებდნენ ტყეების მოჭრაზე და ქვების კარიერში… ბოლო წერტილამდე რომ მიიყვანეს, დააწვინეს ლაზარეთში და დაუდგინეს დიაგნოზი – ფილტვის დაჩრდილვა…

მიუხედავად ამისა, ის იმდენად ღირსეულად იქცეოდა, რომ მას შეარქვეს „თამარ დედოფალი“…

ყველაზე მეტად დარდობდა პატარა სანდიზე და დაიწყო მუშაობა გადასახლებაში გახსნილ თოჯინების თეატრში, რის გამოც 7 თვით შეუმცირეს პატიმრობა. ის გაათავისუფლეს 1946 წელს და მაშინ ნახა ამდენი ხნის უნახავი და მონატრებული თავისი 15 წლის ვაჟი, რომელიც ჩაეხუტა და უთხრა – „რა კარგია, რომ ხმამაღლა შემიძლია დაგიძახო დედაო“…

შემდეგ ის გაემგზავრა სიკტივკარში, სადაც სამუშაო იშოვა და იქ ელოდა სანდის, რომელსაც დედისთვის უნდა ჩაეკითხა გამოცდების ჩაბარების შემდეგ. მას ბილეთიც კი ჰქონდა ნაყიდი… მაგრამ წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, შეახტა ტრამვაის და ხელმოსაკიდი მოძვრა…

ის გრადაიცვალა ექიმების მოსვლამდე…

როდესაც თამარმა ეს ამბავი გაიგო, მას გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ დაავიწყდა რუსული ენა და რაღაცას იმეორებდა ქართულად… შვილის დაკრძალვაზე წასასვლელად ფული შეუგროვეს…

შემდეგ კი, დაიწყო დაპატიმრებების ახალი ტალღა და თამარი აღმოჩნდა
კრასნოიარსკის მხარის დაბა აბანში…

მან აქ გაიცნო მასავით ცხოვრებისგან დაჩაგრული ბელორუსი მწერალი, ალეს პალჩევსკი, რომელზეც უარი განაცხადეს მეუღლემ და საკუთარმა შვილმა…

მათ ერთმანეთის თანადგომაში მონახეს ცხოვრების გაგრძელების აზრი და ძალა… ისინი უბედურებამ დააახლოვა ერთმანეთს…

პირველად ალესმა თამარს აჩუქა ლეკვი ჯიმკა, შემდეგ კი მიართვა შროშანების თაიგული და უთხრა – „მე უბრალო გლეხის კაცი ვარ და თქვენი ღირსი არა ვარ, მაგრამ ძლიერი ვარ და საკუთარი ცხოვრების ფასად დაგიცავთ ყველა უბედურებისგან“…

თამარს დედამ გაუგზავნა ფული და მათ პატარა ქოხი იყიდეს… ალესი სკოლის დირექტორად მუშაობდა, თამარი – თოჯინების წრის ხელმძღვანელად… 1951 წელს კი, მთავრობამ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ყოფილი პოლიტიკური პატიმრების დასაქმება შეიძლებოდა მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოებზე და თამარი გახდა მეფრინველე, ალესი კი – დურგალი…

თამარ წულუკიძე გარდაიცვალა 1991 წელს. ის გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს შვილის, სანდროს (სანდის) გვერდით.”