9 თებერვალი, 2023

საუკეთესო ამბავი გიორგი უშიკიშვილისგან

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საყვარელ საქმიანობას უბრუნდება – საქართველოში მოგზაურობას და მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერების მოძიებასა და ჩაწერას იწყებს.

ჩანაფიქრის განხორციელებაში მას მამუკა ხაზარაძე დაეხმარება:

“მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერის ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოძიებას და გაცოცხლებას, ისევ ძველი ხმოვანების დაბრუნებას დიდი ხანია ცდილობს გიორგი უშიკიშვილი.

ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაცია და სხვადასხვა საშუალებით საზოგადოებამდე მიტანა, მგონია, რომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ზუსტად ამ საქმეში “დავმეგობრდით”.

სიამოვნებით ჩავერთე პროექტში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, ჩაწერას, დამუშავებასა თუ აღდგენას გულისხმობს.

წარმატებები გიორგის ამ მართლაც ეროვნულ საქმეში…”

გიორგი უშიკიშვილი, მომღერალი:

“ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმის მხარდაჭერა. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩემი შემოქმედებითი გაცოცხლებაა. ყველას ვპირდები, რომ ჩემგან სიმღერა და საინტერესო სიახლეები არ მოგაკლდებათ.”