21 თებერვალი, 2023

სასტიკი განაჩენი დიმიტრი შევარდნაძისთვის

მხატვარ დიმიტრი შევარდნაძეს სასტიკი განაჩენი გამოუტანეს – ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა.

თეატრისა და კინოს მხატვარი მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში, მისი თაოსნობით “დიდების ტაძარში” მოეწყო ქართული ფრესკის პირველი გამოფენა, მხატვრის შექმნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი, ასევე ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი. უდიდესია მისი ღვაწლი ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლაში, ქართული ისტორიული ძეგლების დაცვაში, XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშების თავმოყრა-პოპულარიზაციაში.

მეტეხის მუზეუმის დირექტორი 1937 წლის ზაფხულში მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, დააპატიმრეს სსრკ-ს – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის – დასუსტებისკენ მიმართული საქმიანობის ბრალდებით და რამდენიმე თვეში დახვრიტეს.
“არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდს 1937 წლის 12 ივლისის გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ გამოქვეყნებული სტატიიდან:

“ქვეწარმავალნი აღგვილნი არიან!
…ყველა ორატორის სიტყვა გამსჭვალულია ღრმა სიყვარულითა და ერთგულებით საბჭოთა ქვეყნისადმი და უდიდესი მძულვარებით ხალხის მტრებისადმი. მათ შორის, მუზეუმის ყოფილი დირექტორის გარეწარ შევარდნაძისადმი, რომელიც მთელი თავის მოღვაწეობის მანძილზე შენიღბულ შხამიან გესლს ანთხევდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დევნიდა მუზეუმიდან საბჭოთა თემატიკას, და მის მაგივრად არქაული სიძველეების იდეალიზაციას ახდენდა.“