1 თებერვალი, 2023

რეალური ისტორია, რომელზეც “მონანიება” გადაიღეს

გენიალურმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ გენიალური ფილმი “მონანიება” რეალურ ისტორიაზე გადაიღო.

რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებს:

“ერთხელ თენგიზს შეხვდა აკაკი ბაქრაძე და მას უთხრა, რომ სცენარისთვის თემას ეძებდა.
აკაკი ბაქრაძემ უამბო რეალური ისტორია, რომელიც მოხდა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, სადაც გარდაცვლილი პროკურორი მისმა მსხვერპლმა ამოთხარა საფლავიდან. ეს იყო ერთგვარი შურისძიება, რადგან გარდაცვლილ პროკურორს დიდი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი ამ ოჯახის მიმართ.

ამ სიუჟეტში იყო მთელი 30-იანი წლების ეპოქა. ეს ისტორია გახდა ამ ფილმის მთავარი მარცვალი. საქართველოში არ არსებობდა დისიდენტური ლიტერატურა, ამიტომ ჩვენ მოგვიწია ამ მასალების რეალური ადამიანებისგან, რეალური მოწმეებისგან შეგროვება. ფილმში ყოველი ფრაზა და ყოველი სიტყვა რეალურ, დოკუმენტურ ისტორიებზეა დაფუძნებული.

ყველაფერი რომ შეგროვდა, 80-იან წლებში ამ თემაზე ფილმის გადაღება ყოვლად წარმოუდგენელი იყო. არ გვჯეროდა, თუ ამას გავაკეთებდით. თენგიზმა მიაგნო ფორმას – ეს ფილმი უნდა ყოფილიყო ფანტასმაგორია, ეს არ უნდა ყოფილიყო ნატურალისტური სინამდვილე. ეს უნდა ყოფილიყო ფანტასმაგორია, რომელიც მოხდა, არის და მოხდება, იმტომ რომ ძალადობა ყოველთვის ბატონობს ადამიანთა საზოგადოებაში, თუმცა მაშინ ბევრს მიაჩნდა ერთგვარ პრიმიტიულ სვლად, მაგრამ დრომ დაამტკიცა, რომ ამით ფილმმა განზოგადების მასშტაბი მიიღო.

სცენარი შევარდნაძემ რომ წაიკითხა, თქვა, რომ ეს ფილმი აუცილებლად უნდა გაკეთდესო, გადაკეთდა როგორც სატელევიზიო ფილმი, მოსკოვში წავიდა ჩვენი უცებ შეთითხნილი სცენარი ზღაპრულ გმირებზე და წარმოებაში ჩაეშვა.

თავიდანვე მძიმედ აეწყო ფილმის ბედი. აგვისტოში ბათუმში წავედით, უამრავი მასალა გადავიღეთ დეკემბრამდე და აღმოჩნდა, რომ მთელი გამოსახულება იყო სრულიად გამოუსადეგარი, ამიტომ მოგვიწია ყველაფრის თავიდან გადაღება. ნოემბერში უნდა გადაგვეღო დიდი მასიური სცენა – ვარლამ არავიძის გასვენების სცენა, ჩამოვრეკეთ მსახიობები, მათ შორის, გეგა კობახიძეც და მეორე დღეს გავიგეთ ტრაგიკული და საზარელი ამბავი, თვითმფრინავის გატაცებაზე. ამავე დროს გეგას სახლში ჩატარდა ჩხრეკა და კაგებემ აღმოაჩინა სცენარი, რომელიც არავის არ ჰქონდა წაკითხული. იმ წამსვე დაიწყო თენგიზის გამოძახებები და დაკითხვები. ფაქტიურად აღმოჩნდა, რომ ფილმი დაიხურა. თენგიზმა დაიწყო დისიდენტური ლიტერატურის სახლიდან გატანა, რადგან ელოდა, რომ შეიძლება მისი დაპატიმრება მომხდარიყო.

31 იანვარს იყო თენგიზ აბულაძის დაბადების დღე, მეორე დღეს დაურეკა შევარდნაძემ, მიულოცა და ეს იყო ნიშანი, რომ ჩვენ ფილმზე მუშაობა უნდა გაგვეგრძელებინა. კვლავ შევიკრიბეთ, ჩვენ ავირჩიეთ ახალი თორნიკე არავიძე, ესეც ძალიან ტრაგიკული იყო, გეგა კობახიძის შეცვლა, მაგრამ არაჩვეულებრივი აღმოჩნდა მერაბ ნინიძე.
ძალიან საინტერესო იყო ქეთი ბარათელის როლი, იმიტომ რომ ეს არ იყო ქეთი ბარათელი,

აღარ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ ეს მამაკაცი უნდა ყოფილიყო. რაღაც მომენტრში თენგიზმა თქვა, რომ ეს უნდა იყოს ქალი. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, რომ შურისმაძიებელი ყოფილიყო ქალი. ლია ელიავას შესთავაზა, შემდეგ ვიცი, რომ სოფიკო ჭიაურელს უნდოდა ეს როლი განესახიერებინა. ყველა კარგი იქნებოდა, მაგრამ ზეიკო ბოცვაძემ ამ როლით გამოანათა, იმიტომ რომ ეს ნიჭიერი მსახობი ძალიან დიდხანს იყო დაუკავებელი და დაამტკიცა, რომ საოცარი მსახიობია.

ფილმის ბოლოს ვერიკოს გამოჩენაც საოცარი იყო: თენგიზმა დაურეკა სოფიკოს და უთხრა, შენ უნდა იყოს ისევ ფუფალა, ოღონდ უნდა დაგაბეროთო. სოფიკომ უთხრა, მე რატომ უნდა დამაბეროთ, ვერიკო აგერ მყავსო. ვერიკო მაშინ იყო ცოცხალი ხატი, ნამდვილი კულტი, ვერც წარმოედგინა თენგიზს, რომ ვერიკოს გადაიღებდა. სოფიკომ უთხრა, მოიტანე ტანსაცმელი და აქვე გადავიღოთო. ვერიკო იქვე, სახლის წინ არის გადაღებული.

ფილმი დასრულდა 1984 წელს და უნდა ენახა ცეკას ბიუროს. ფილმის ნახვის შემდეგ, თურმე დიდხანს იყო სიჩუმე და არავინ იცოდა, რა ეთქვა. ბოლოს შევარდნაძემ თქვა, თენგიზ, შენ საეტაპო ფილმი გადაგიღიაო. ამ დროს ჯანსუღ ჩარკვიანს უხუმრია, მთავარია, ახლა შენ ეტაპით არ გაგიშვან სადაც საჭიროაო.

იყო მოლოცვები, მაგრამ იყო 2 შენიშვნა: ეს იყო გვარის შეცვლა. იქ იყო გვარი ამილახვარი და შევარდნაძემ ითხოვა, ეს გვარი მართლა ამოწყვეტილია და იქნებ არ იყოს ამილახვარიო, რაღაც ზოგადი აირჩიეთო და ჩვენც დავარქვით დარბაისლები.

მეორე შენიშვნა იყო, როდესაც ვერიკოს გმირი ეკითხება ზეიკოს გმირს, ეს გზა ტაძართან მიმიყვანს? ის პასუხობს, არა ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს. შევარდნაძემ გვითხრა, ეს სხვანაირად უნდა იყოს: არა, ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.

ეს 2 პატარა შენიშვნა ჩვენ დაგვიჯდა სამ თვედ. ამ ხნის განმავლობაში შევარდნაძე გადაიყვანეს მოსკოვში და გაქრა მისი პატრონაჟი და დაიწყო კაგებეს შემდეგი შეტევა. ამ შენიშვნების გამო, თენგიზმა მოითხოვა, იქნებ ის ერთი, პირველი ვერსია შენარჩუნებული მაინც იყოსო, კედელზე მიდიოდა ფილმი და ასე კედლიდან გადაიღეს. ეს კასეტა დადიოდა ქალაქში, უყურებდნენ, რატომღაც ყველა ამბობდა, რომ კასეტა მათ მისცა თენგიზმა, უცებ იქ აღმოჩნდებოდა კაგებე, ამ კასეტებს ართმევდნენ – მთელი უცნაური ხიფათები დაიწყო.

ინაური იყო საქართველოს კაგებეს თავმჯდომარე, მან დაწერა წერილი, რომ ძალიან საშიში ვითარებაა საქართველოში, გადაიღო აბულაძემ ანტისაბჭოთა ანტიკომუნისტური ფილმი, ეს არის დიდი სახელმწიფო დანაშაული. ეს მოახსენეს გორბაჩოვს, მან გამოიძახა შევარდნაძე და ჰკითხა, რა ხდება თქვენთან რა ამბებიაო და შევარდნაძემ უპასუხა, რას ბრძანებთ, თენგიზი არის ნამდვილი კომუნისტი, მან გადაიღო ფილმი იმ შეცდომების შესახებ, რომელიც ჰქონდა კომუნიზმს და ეს ძალიან სასარგებლო ფილმიაო.

პარალელურად, ამ ფილმზე დაირხა ჭორი, ჩამოყალიბდა კომიტეტი, რომელიც განიხილავდა დაპატიმრებულ ფილმებს. კომიტეტმა აქ გამოგზავნა წარმომადგენელი, რომელმაც ნახა ფილმი და თქვა, რომ საბჭოს ხელმძღვანელს აუცილებლდა უნდა ენახა. ყოვლად წარმოუდგენელი იყო მაშინ “მონანიების” მოსკოვში ჩატანა, რეზო ჩხეიძემ მოიფიქრა ასეთი რამ: მან ფილმის “მშობლიურო ჩემო მიწავ” კოლოფების ერთ-ერთ პარტიაში ჩააწყო “მონანიება” და დააწერა “მშობლიურო ჩემო მიწავ” და გაიტანა. საბჭოს ხელმძღვანელმა ფილმის ნახვის შემდეგ განაცხადა, ჩემს სიცოცხლეს გავწირავ, ოღონდ ეს ფილმი გავიდესო. მართლაც, დაუზარებლად დადიოდა ყოველდღე ცეკას მდივნებთან და უმტკიცებდა, თუ ამ ფილმს გავუშვებთ, ეს იქნება ნიშანი მთელი მსოფლიოსთივს, რომ ცივი ომი დამთავრდა, პოლიტიკური რუკა შეიცვლება და აღარ იქნება 2 დაპირისპირებული ბანაკიო.

ამდენი თავგადასავლების შემდეგ, 1986 წლის ნოემბერში ფილმი გაუშვეს ეკრანებზე, 1987 წლის მაისში აჩვენეს კანში, სადაც ჟიურის მთავარი პრიზი მიიღო.”