23 თებერვალი, 2023

კაცური კაცი – გოგი გეგეჭკორი

ქართული თეატრის ჯენტლმენს გოგი გეგეჭკორს ზოგი კაცურ კაცსაც უწოდებდა და ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან მან ნამდვილად კაცური კაცის ცხოვრებით იცხოვრა.

დიდებული მსახიობი თეა ფირცხალავამ გაიხსენა:

„კაცური კაცის ცხოვრება, _
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, _
ხელახლა აიწონება,
ხელახლა – სუყველაფერი!“

დღეს თეატრისა და კინოს ღვაწლმოსილ ქართველ მსახიობს, გოგი გეგეჭკორს 100 წელი შეურულდებოდა და მურმან ლებანიძის „კაცური კაცის ცხოვრებაც“ იმიტომ შეგახსენეთ.

არ ვაპირებ, დეტალურად ვისაუბრო დიდი მსახიობის მიერ შესრულებულ როლებზე, ან მის დეკლამატორულ ნიჭზე, მაგრამ აუცილებლად გავიხსენებ პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც ჩემზე მიხეილ თუმანიშვილის „ჭინჭრაქამ“ მოახდინა. მართალია, მაშინ 10-11 წლის ვიყავი, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს ვირტუოზი მსახიობების „კვარტეტი“, მათ შორის გოგი გეგეჭკორის „მგელი“, მედეა ჩახავს „მელა“, ზინა კვერენჩხილაძის „ტურა“ და ეროსი მანჯგალაძის „დათვი“, ან კარლო საკანდელიძის „ჭინჭრაქა“ და ბელა მირიანააშვილის „მზია“ და სასწაული სერგო ზაქარიაძის „ბაყბაყდევი“ და რამაზ ჩხიკვაძის „ქოსიკო“. მერწმუნეთ, შეფასების გაკეთება იმ ასაკშიც მეხერხებოდა. დღევანდელი გადასახედიდან ვიტყოდი, რომ ზემოხსენებული არტისტების თამაში იყო სამსახიობო ხელოვნების ფოიერვერკი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. სპექტაკლი ვნახე 1963 წელს და…

უცებ, 1966 წელს ვგებულობ, რომ დავით რონდელმა იმ ფილმში სათამაშოდ დამამტკიცა, რომელშიც ჩემი ბავშვობის მომღერალ „მგელს“, ჩვენს გოგი გეგეჭკორს უნდა ეთამაშა. ჰოდა, ნება მიბოძეთ, ამ კორიფეზე ჩემი მოგონებები გაგიზიაროთ:

მოკლედ, ბედმა გამიღიმა და ბატონ გოგისთან ორმხრივი „შეხება“ მქონდა. პირველი ის, რომ 13 წლის ასაკში იგი ჩემი „ლოღიკის მასწავლებელი“ გახდა, დავით რონდელის ფილმში „ჩემი მეგობარი ნოდარი“ და მასთან ხშირად მიხდებოდა შეხვედრა, როგორც გადასაღებ მოედანზე, ისე გადაღებების შემდგომ გამართულ საოცარ ქუთაისურ სუფრებზეც, როდესაც სტუმრის ზეპატივისცემით განთქმული ქუთათურები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მასპინძლობდნენ ლეგენდარულ მსახიობებს: გოგი გეგეჭკორს, ეროსი მანჯგალაძეს, ტარიელ საყვარელიძეს, გოგი ხარაბაძეს, ბაადურ წულაძეს, ჯემალ ღაღანიძეს… მახსოვს, მე და ბატონი ჯემალის სცენას იღებდნენ, ცხენის მონაწილეობით, რომლის გვერდითაც ბატონი გოგი იდგა. უცებ, ცხენმა არც აცივა, არც აცხელა, ბატონ გოგის პირდაპირ მკლავში სწვდა და რომ არა სქელი გაბარდინის ლაბადა, მისი მკლავი იოლად ვერ გადარჩებოდა. მახსოვს, ბატონი გოგი საოცარი ლმობიერებით „გაესაუბრა“ ცხენს, ნამუსზე შეაგდო, ჭკუაც დაარიგა და
„შეიამხანაგა“.

ახლა კი მეორე შეხება… კვლავ ბედის წყალობით მეც იმავე სახლში ვცხოვრობდი, იოსელიანის ქუჩაზე, რომელშიც ბატონი გოგისა და ქალბატონი ნათელა ურუშაძის შემოქმედებითი ოჯახი ბინადრობდა და ბუნებრივია, რომ ყოველდღე თუ არა, მე და ბატონი გოგი კვირაში ერთხელ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს.

მახსოვს, ახალი გადასული ვიყავი მაგ სახლში, რომ კინაღამ გული გავუხეთქე დიდ მსახიობს, რომელიც თავმდაბლობის და ინტელიგენტიზმის ეტალონი იყო და ხმამაღალი საუბარი არ ახასიათებდა. მოკლედ, ერთხელაც ვხედავ, რომ ქუჩაში ჩემი „სკოლის ლოღიკის მასწავლებელი“ მოდის და შორიდანვე მოვრთე ყვირილი, არიქა, ბატონო გოგი, ხომ მიცანით, მე თეა ვარ, თქვენთან ერთად რომ ვთამაშობდი, აი, ბებია რომ მყავდა, დიდი ქოლგით, თქვენ რომ მისი გაკეთებული კერძები მოგწონდათ-მეთქი…. და მთელი ფილმი, ქუთაისის ისტორია, ცხოვრება და განვითარება ორ წუთში ჩამოვურაკრაკე. კაცი გაოგნებული მიყურებდა, მგონი, ზრდილობის გულისთვის მიქნევდა თავს და მიღიმოდა. ჯენტლმენი იყო და ნებისმიერ ადამიანს, მით უფრო ქალს, სხვანაირად ვერც მოექცეოდა, ტყუილად როდი უწოდეს „ქართული თეატრის ჯენტლმენი“. ვფიქრობ, მისი ჯენტლმენობა მხოლოდ თეატრით არ იფარგლებოდა…

იმ შეხვედრის შემდეგაც მე და ბატონი გოგი, როგორც კეთილი მეზობლები, კვლავ “ვესიყვარულებოდით” ერთმანეთს, მაგრამ სახლთან ჩვენი პირველი „ხმაურიანი“ შეხვედრა მაინც სულ სხვა იყო.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1923 წლის 23 თებერვალს, ქალაქ თბილისში, დაიბადა დიდი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი (გოგი) გეგეჭკორი. მისი მამა იყო ცნობილი მწერალი და მუსიკოსი ლადო გეგეჭკორი, რომელიც იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი, ხოლო დედა, თამარ გელოვანი, გახლდათ საქართველოს დამსახურებული პედაგოგი.

სანამ თხრობას გავაგრძელებდე, აღვნიშნავ, რომ ამ დიდებული მსახიობის თეატრალური და კინოროლები მრავალფეროვნებით და მრავალსახოვნებით გამოირჩეოდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა რუსთაველის თეატრს და ყველა სპექტაკლში შედევრალური სახეები შექმნა.

მინდა გამოვყო მისი სანდრო კარიძის მონოლოგი გიგა ლორთქიფანიძის ლეგენდარულ ფილმში „დათა თუთაშხია“:
„ზნეობა დავკარგეთ, ზნეობა! ესა თუ ის ერი სახელმწიფოს ვერ დააარსებს, თუ ამით კაცობრიობას სამსახური არ გაუწია. საერთაშორისო ფუნცქია და მსოფლიო ისტორიული მისიაა საჭირო…“

ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ზუსტად „მოერგო“ ეს როლი უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებებით დახუნძლულ ჩვენს დღევანდელ იუბილარს, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა უფლება, რომ ჩვენი ჭაბუას ეს ტვინის ნაჟური ხალხისთვის ეთქვა…

გიორგი (გოგი) გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წელს და იგი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა.

ამ სტატიას დავასრულებ ამონარიდით ჩვენი შოთა ნიშნიანიძის ლექსიდან „ნიღბები“:
„და როცა დღიურ ფუსფუსის მიღმა
ღამე საკუთარ სულს ჩამახუტებს,-
მე გადავხედავ ჩამოხსნილ ნიღბებს,
როგორც ნაომარ რკინის ჩაფხუტებს.“