16 თებერვალი, 2023

ჯემალ ღაღანიძის საოცარი ისტორია

მსახიობ ჯემალ ღაღანიძის 89-წლიანი ცხოვრება სავსე იყო განსაკუთრებული ისტორიებით, თუმცა თავგადასავალი, რომელიც მას მოსკოვში გადახდა, ნამდვილად გამორჩეულია.

ჯემალ ღაღანიძის ისტორია გიგა ვეფხვაძემ გაიხსენა:

“ალბათ 10-15 წლის წინ… მეგობრებმა თხოვეს მოეყოლა საათის ამბავი. და თავისი ჩვეული მანერით დაიწყო:

– საათების კეთება ხო მიყვარს და ვგიჟდები ბავშობიდან, ჰოდა, ახალგაზრდა ვარ, კაცო. მგონი მოსკოვში პირველად ვარ. შევდივართ თეატრში, ვარ გაოცებული, მოხიბლული, აჟიტირებული და უცბად ვხედავ ვებერთელა, ულამაზესი საათი დგას კუთხეში და გაჩერებულია. გული დამწყდა. რატო ვერ გააკეთეს, ვფიქრობ. ხალხია ბევრი, ვერ მივდივარ ახლოს. არადა, სპექტაკლზე მეტად უკვე ეს საათი მაინტერესებს. საგრიმიოროში ვზივარ და გული საათისკენ მიწევს.

დაიწყო სპექტაკლი და ისევ საათთან ვარ. ვითამაშე ჩემი ეპიზოდი და გავედი კულისებში. ალბათ ნახევარი საათი მაქვს ისევ შესვლამდე. დამკრა თავში, ახლა არავინ იქნება-მეთქი. გავიქეცი საგრიმიოროში, ავიღე ჩემი ინსტრუმენტები და გავვარდი საათთან. არავინაა! აქეთ კორიდორში გავიხედე, არც იქ არავინაა. მივედი დავეჯაჯგურე და მოვატრიალე. ვუყურებ მექანიზმს – გასისინებულია. და, აი, კბილანებშია გაჭედილი რაღაცა. მგონი ქაღალდი იყო. უკან დავატრიალე კბილანა, ამოვაძრე და გავათავისუფლე. მერე სიმძიმეები დავქაჩე და წავიდააა…. მუშაობს! ისევ დავეჯაჯგურე და მივდგი ადგილზე. ვუყურებ მიხარია, წიკწიკებს!

გავიქეცი. გავედი სცენაზე და ისე ვითამაშე, არასოდეს რომ არ მითამაშია. სპექტაკლიც დასრულდა არის ოვაციები და… უცბად გარბის ერთი, მეორე. დაუშვეს ფარდა. ჩვენც გავედით. ვკითხულობთ, რა ხდება და ნელა-ნელა აღმოვჩნდით იქ, სადაც საათი იდგა. საათი კი წიკწიკებს, მაგრამ თეატრის დირექტორი აგდია იატაკზე და ხალხი ნიშადურით ადგას თვზე. რა ხდება? რა ხდება? ადმინისტრატორი ამბობს: სტანისლავსკი რომ გარდაიცვალა (1938) ეს საათი მაშინ სიმბოლურად, სპეციალურად გააჩერეს და დღეს თავისით ამუშავდაო.
ნახევარმა დასმა ჩემკენ გამოიხედა, ყველას საათი მე მქონდა გაკეთებული, კიდევ კარგი სულ უკან ვიდექითო.”