22 თებერვალი, 2023

გია ნიკოლაძე ყველაზე მთავარზე

მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი გია ნიკოლაძე ყველაზე მთავარზე – ამ ცხოვრების საზრისზე ლექსად გვესაუბრება:

“ვაჟას არწივის მსგავსია
ბუნების ნების მხედარი!
ეშმაკი? ყვავ-ყორანია
და მოარული ცხედარი…
დედაბუნების განგებით
საქმეა საკეთებელი
ყოველ ღვთის საქმეს თან დასდევს
ტუტუცი ხელის შემშლელი
საქმე განწყობას მოითხოვს
განწყობა ღვთაებრივია
ზე სიყვარული სიმშვიდე
და შიში ბუნებრივია
შიში უფალთან შეცდომის
რამე რომ არ შეგეშალოს
და აქვე გამბედაობა
ნდობა რომ არ წაეშალოს
მთავარი არის განწყობა
ღირსებამ შეინარჩუნოს
რომ ბუნებრივმა ღვთაებამ
მასთან შეხება არგუნოს
თორემ ბოღმით და სიავით
სავსეა ტუტუც-დარბაზი
და საქმის ხელის შემშლელიც
გზადაგზა კონა აბაზი
ჩვენ დედამიწას დავატკბობთ
ჟამი მოგველის დღეგრძელი
და ჩვენი მადლით წახდება
ყოველი ხელის შემშლელი
მამას გიტირებთ ეშმაკო
დედაბუნების ნებითა
შენ ეშმაკობით იბრძოლებ?
ჩვენ კიდე ხელოვნებითა!”