6 თებერვალი, 2023

გენიალური ოთარ იოსელიანი

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანის გენიალური ფილმების ავტორია. რაც დროს გადის, მისი ნამუშევრები სულ უფრო ძვირფასია მაყურებლისთვის.

გენიალური აღმოჩნდა ოთარ იოსელიანის პოზიცია “კინოტავრის” გენერალური დირექტორის მიერ სოჭის ფესტივალზე მიწვევასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე.

ამბავი მანანა სურაძემ გაიხსენა:

“მადლიერი და მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ წილად მერგო ბედნერება კინოს სფეროში მოსვლისთანავე გამეცნო და ხშირი კონტაქტი მქონოდა ბატონ ოთართან.

პირველად 1994 წელს ვიყავით ერთად საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ბატონი ოთარი ფესტივალის მთავარი სტუმარი და მოვლენა იყო, ხოლო მე მასთან ერთად ყოფნის გამო, ყველაზე საჭირო ადამიანი. უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ კინემატოგრაფისტები და მთხოვდნენ, ბატონი ოთარისთვის წარმედგინა ისინი.

ამიტომ გადავწყვიტე იოლად გადამეჭრა პრობლემა – ყველას ვიბარებდი კაფეში, სადაც უმეტეს დროს ვატარებდით. ყოველ საღამოს ერთი და იგივე სცენა მეორდებოდა: მე და ბატონი ოთარი ვსხედვართ მაგიდასთან და გასწვრივ მსურველთა რიგი დგას. სათითაოდ მოდიოდნენ, მე წარვადგენდი და შემდეგ 3-5 წუთი ჰქონდათ გასაუბრებისათვის. ნაკადი არ სრულდებოდა, თითქმის ყოველ საღამოს ამ რეჟიმში „ვმუშობდით“. ბატონი ოთარი თავისი ჩვეული იუმორით ესაუბრებოდა და „ხულიგნობდა“.

ერთ საღამოსაც მაგიდასთან ჩამოგვიჯდა სოჭის ფესტივალის „კინოტავრი“ გენერალური დირექტორი, რომელმაც ფესტივალზე დაპატიჟა და ძალიან სთხოვა, უარი არ ეთქვა. ბატონმა ოთარმა შეწუხებული სახით უთხრა, რომ ძალიან უნდა ფესტივალზე სტუმრობა, მაგრამ არაფრით არ შეეძლო, რადგან მამამ სიკვდილის წინ დააფიცა „სანამ სოჭი საქართველოს არ დაუბრუნდება, იქ ფეხი არ ჩაადგაო“. ასე რომ ფიცს ვერ გავტეხო. მე უკვე მქონდა გამოცდილება, გამერჩია, როდის ამბობდა სიმართლეს და როდის ხულიგნობდა, მაგრამ იქ დამსწრეებს ეჭვიც არ შეპარვიათ მის სიმართლეში.

გმადლობთ, ბატონო ოთარ, ყველა იმ ბედნიერი წუთისთვის, რომელსაც თქვენი არსებობით გვჩუქნით.”