10 თებერვალი, 2023

დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე მომზადებული ფილმი დააჯილდოვეს

დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისის შესახებ მომზადებული სატელევიზიო ფილმი ორი პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა!

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ეს გახლავთ ის ტიტული, რომელიც ტელეკომპანია იმედის საშობაო ეთერში გასულმა ვრეცლმა სიუჟეტმა მოიპოვა მიუნხენის ახალი ტალღის კინო ფესტივალზე!


მიუნხენის New Wave Short Film Festival  გახლავთ კინოფესტივალი, რომელიც დაფუძნებულია მიუნხენში (გერმანია). აღნიშნული ფესტივალი 3 წელია უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს კინო ინდუსტრიაში. ის მიზნად ისახავს პოპულარიზაცია გაუწიოს დამწყებ და არამხოლოდ დამწყებ კინორეჟისორებს და საინტერესო კინოპროექტებს. კინოფესტივალის მიზანია მხარი დაუჭიროს შედარებით დაბალბიუჯეტიან ფილმებს, რომლებიც გადმოსცემენ უნიკალურ ისტორიებს და არიან საინტერესო და კრეატიული გზავნილის მატარებელნი.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფესტივალის ჟიურიში შედიან ისეთი კინორეჟისორები, როგორებიც არიან: სვეტლანა სემინი – ნიუ იორკში მცხოვრები პროდიუსერი, რომლის პროექტებსაც აქვს მოპოვებლი პირველი ადგილი ვენეციის, ნიუ-იორკისა და სხვა მრავალ პრესტიჟულ კინოფესტივალზე, რიჩ ვებერი – ცნობილი ანიმატორი (ანიმაციის რეჟისორი), BAFTA-ს ჯილდოს მფლობელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს Warner Brothers-ის სტუდიაში, ზეინებ კესესილერი – ცნობილი დოკუმენტალისტი, 2020 წლის ფლორენციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი.
განაცხადების სიმრავლიდან გამომდინარე, რომელიც კინოფესტივალის პრესტიჟულობით არის გამოწვეული, ფილმები ფასდება საკმაოდ მკაცრად და სიღრმისეულად.
მიუნხენის კინოფესტივალს აქვს სულ 32 კატეგორია, აქედან დადიანების სასახლემ გაიმარჯვა კატეგორია – feature documentary (სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი).
აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ფესტივალის მთავარ გვერდზე და ცნობილ კინო პლატფორმაზე: Film Free Way.

მეორე გამარჯვება, რომელიც ასევე დადიანების სასახლეში ჩატარებულმა მეჯლისმა მოიპოვა გახლავთ – ნომინაცია იაპონიის საერთაშორისო კინო ფესტივალზე (Japan International Film Festival).

ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის უნიკალურობიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ფილმი 4 აპრილს გაშუქდება უშუალოდ კინო ფესტივალის ონლაინ პლატფორმაზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ფართო აუდიტორიისთვის.