17 თებერვალი, 2023

ჩარლი ჩაპლინის არაჩვეულებრივი ისტორია

მსოფლიო ლეგენდას ჩარლი ჩაპლინს ათასობით გულშემატკივარი ჰყავდა. საოცარი ისტორია, რომელიც მას მეტროში მგზავრობისას შეემთხვა, ნამდვილად განსაკუთრებულია.

ჩარლი ჩაპლინი მეტროთი მგზავრობდა და სახლში დაბრუნებულმა ჯიბეში ოქროს საათი აღმოაჩინა. ბევრი ეცადა, მაგრამ ვერაფრით გაიგო, საიდან მოხვდა უძვირფასესი ნივთი მის ჯიბეში. გადაწყვიტა, საათი პოლიციაში ჩაებარებინა და ასეც მოიქცა.

მსახიობმა მეორე დღეს ანონიმური წერილი მიიღო: ,,ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, პროფესიონალი ჯიბის ქურდი გწერთ. მეტროში ვიღაცას ჯიბიდან ამოვუღე უძვირფასესი ოქროს საათი, თქვენ დაგინახეთ და საათი ჯიბეში ჩაგიდეთ. ძალიან მინდოდა თქვენთვის საჩუქარი გამეკეთებინა.”,

პოლიციამ დიდხანს ეძება ოქროს საათის პატრონი, მაგრამ ვერ იპოვა და კვლავ ჩარლი ჩაპლინს დაუბრუნა. ამ ამბავს მაშინდელი პრესა აქტიურად გამოეხმაურა.

ჩაპლინმა კიდევ ერთი ანონიმური წერილი მიიღო: “ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, მეტროთი მგზავრობისას მომპარეს ოქროს საათი. ძლიერ ვინერვიულე, რადგან ეს ნივთი ჩემთვის უძვირფასესი იყო, მაგრამ როცა წავიკითხე, რომ ჯიბის ქურდმა ის თქვენ გაჩუქათ, უდიდესი სურვილი მაქვს საათი თქვენთან დარჩეს. მე თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და წერილთან ერთად ოქროს საათისთვის ოქროს ჯაჭვს გიგზავნით.”