20 თებერვალი, 2023

არაჩვეულებრივი მიძღვნა მედეა ჯაფარიძეს

ლეგენდარულ თეატრისა და კინოს მსახიობს, ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს არაჩვეულებრივი წერილი მიუძღვნა თეა ფირცხალავამ:

„დიახ, მე ახალ ოცნებას ვბედავ,
დამიბრუნდება მამა და დედა,
ზაფხულის წვიმად, თოვლის ფიფქებად,
არ უწერია გადაფიქრება
რწმენას, რომ ცაში არიან ახლა
და უხილავი მფარველი მხედავს.”

ამ სიტყვებით მიეფერა სახელოვანი მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი თავის მშობლებს, რომელთა მონატრება და მათთან „შეხების“ ოცნება ზაფხულის წვიმას და თოვლის ფიფქებს მიანდო, ან იმ უხილავ მფარველს, რომელიც ლაშას ემოციების ერთადერთი და მუდმივი მოწმეა…

დღეს შესრულდა ერთი საუკუნე, რაც დედამიწას მოევლინა არამიწიერად ლამაზი ქართველი ქალბატონი და დიდებული მსახიობი, ჩვენი მედეა ჯაფარიძე, რომლის დარი სილამაზე სწორედ რომ 100 წელიწადში ერთხელ შეიძლება დაიბადოს.

დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებ შექპირის სონეტების რეზო თაბუკაშვილისეულ თარგმანებს, რომელთა კითხვისას, პირადად მე, ეჭვიც კი არ შემპარვია, რომ თარგმნის პროცესში ბატონ რეზოს ძალას და ნიჭს უასმაგებდა მისი საოცარი მედეას სიყვარული, ხოლო თითოეულ „გადმოქართულებულ“ სონეტში მარადიულ სატრფოში შეყვარებული კაცის, ჩვენი რეზო თაბუკაშვილის სული იდო:

„ტკბილია ჩანგი, მე კი სატრფოს სმენა მწადია,
მისი ბაასი სიმის ხმაზე მეტად ვიწამე.
არსად მინახავს, ქალღმერთები როგორ დადიან,
ჩემი სატრფო კი, ვიცი დადის დედამიწაზე…“

ყველაფერი კი თბილისიდან დაიწყო:
1923 წლის 20 თებერვალს თბილისში დაიბადა მედეა ჯაფარიძე, რომელიც კარიერის დასაწყისიდან ვიდრე გარდაცვალებამდე, ანუ „ახალ“ განზომილებაში გადასვლამდე, მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა და არაერთი შედევრალური სახე შექმნა სცენაზე თუ ფილმში. მის მიერ შესრულებულ თეატრალურ თუ კინოროლებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ აუცილებლად გავიხსენებ ქეთოს, ლეგენდარული ფილმიდან „ქეთო და კოტე“, რომელშიც მედეა წარმოგვიდგა ქალის ზებუნებრივი სილამაზის და სრულყოფილების აბსოლუტურ გამოვლინებად, რომელიც, როგორც ეტალონი, შეტანილი უნდა იქნას ესთეტიკის სახელმძღვანელოში, როგორც მშვენიერების ცნების განსხეულება. და კიდევ ერთი და მთავარი: ქალბატონი მედეას მისტიკურ გარეგნულ სილამაზეს ჰარმონიულად ერწყმოდა მისი საოცარი შინაგანი სამყარო და დიდი გული, რომლის კარსაც ფართოდ უღებდა ყველა ადამიანს, ვისაც, განსაცდელში მყოფს, ნუგეში ესაჭიროებოდა და უნგაროდ უნაწილებდა მათ თავის გულში დაცულ სითბოს…

„შენ რატომ უნდა არსებობდე ამ ბინძურ დროში?
რომ შეძლო ყველა სიმახინჯის გაბათილება,
ქვეყნის ცოდვები რომ დაფარო მშვენების დროშით,
ცამ შენი შექმნა ამისათვის, ალბათ, ინება…“

ქალბატონ მედეას დიდბუნოვნების მომსწრე მეც არაერთხელ ვყოფილვარ, მახსოვს, როგორი თავგანწირვით და ერთგულებით იცავდა იგი ცხოვრებისგან განწირული ჩემი მეგობრის უფლებებს, თანაც ისეთ პერიოდში, როდესაც ამის არათუ გაკეთებას, გაფიქრებასაც კი ვერავინ ბედავდა. ასეთი რამ მხოლოდ დიდ, ღირსეულ და თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც ხელისუფლებების დახმარების გარეშე, თავიანთი ნიჭით და საქმით ადიან უმაღლეს პიედესტალზე და არასოდეს მიდიან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან. აი, ასეთები იყვნენ ქალბატონი მედეა და ბატონი რეზო თაბუკაშვილი. მათი ოჯახი ყოველმხრივ და ყოველთვის განსაკუთრებული იყო, რადგან იქ სუფევდა გამორჩეული სიყვარული და დამოკიდებულება სამშობლოს, ერთმანეთის და, ზოგადად, ადამიანების მიმართ, რასაც ოჯახის წევრები თავიანთი ნაკეთები საქმეებით ამტკიცებდნენ – ყოველ წუთს და ყოველ წამს, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე… და…

ერთ დღესაც ხმა გავარდა, რეზო თაბუკაშვილი მძიმე სენით დაავადდაო…
„სატრფოს“ როგორ უღალატებს-მეთქი გავიფიქრე… მერე კი მის მიერ თარგმნილი შექსპირის ეს სიტყვები წავიკითხე:
„და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას…“

ამიტომ, როდესაც 1994 წელს მედეა ჯაფარიძე გარდა-იცვალა, ვერავინ გაბედა, რომ მისი გარდა-ცვალებისთვის „სიკვდილი“ დაერქვა:
„წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,
მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას…”

1994 წელს მედეა ჯაფარიძემ ზუსტად იცოდა, რომ 4-წლიანი ლოდინის შემდეგ მისი რეზო „იქვე“, დიდუბის პანთეონში, დახვდებოდა… ჯერ გაათბობდა, მიეფერებოდა, მერე კი კვლავ ერთად შეუდგებოდნენ მარადისობაში მოგზაურობას:
„…ვერ დაგვაშორებს ჩვენ ერთმანეთს ზღვა თუ ტრამალი…
და უცხო მხარეს უმალ შენთან მოვალ ფრთამალი…“

მე კი დღევანდელ მოგონებას კვლავ ჩვენი ლაშა თაბუკაშვილის საოცარი ლექსით დავასრულებ, რომელსაც ახლა ვკითხულობდი და ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა:
“მე არ მეგონა, რომ მალე წავა,
ჩემი ლამაზი, ვაჟკაცი მამა,
არა მჯეროდა ლაღსა და თამამს,
რომ ვერ ვპოვებდი საჭირო წამალს.
და აი, როგორც დაცინვა ბედის
უკანასკნელი ალერსი დედის.
ბაცი ხაზია, არა წყვეტილი,
აქ დაბადება, ათვლის წერტილი,
იქ კი სიკვდილით გადაწყვეტილი,
კვლავ ბედისწერის რაშს რომ აოთხებს,
მე კი ოცნებას გავისამოთხებ.
დიახ, მე ახალ ოცნებას ვბედავ,
დამიბრუნდება მამა და დედა,
ზაფხულის წვიმად, თოვლის ფიფქებად,
არ უწერია გადაფიქრება
რწმენას, რომ ცაში არიან ახლა
და უხილავი მფარველი მხედავს.”