27 იანვარი, 2023

ვაჟა-ფშაველას არაჩვეულებრივი წერილი

ალბათ ბევრი ვერ დაიჯერებს, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ვინმესთვის მასხარაობად აღიქმებოდა. როგორც თავად გენიოსი იხსენებდა, მისი მეზობელი გლეხისთვის ვაჟას წერა სწორედაც მასხარაობა იყო:

“ერთი გლეხი მყავს მეზობლად, რომელიც ორ დღეში ერთხელ მაინც მინახულებს ხოლმე; და ვაი ჩემი ბრალი, თუ წერის დროს მომასწრო!

– შენ, სწორედ, საქმე გამოგწყვეტია, კაცო, რა სულ მაგ ქაღალდებს ჩაჰღირღიტ-ჩაჰკირკიტებ? სუ ხომ ბალღი არ იქნები. გაათავე, მორჩი მაგ მასხარაობას. საქმე გაიგე! – მეტყვის იგი დარწმუნებით, ისე დაბეჯითებით, რომ მეც თითქოს ეჭვში შევდივარ და მართლა უსაქმურად მიმაჩნია ჩემი თავი.

– საქმე არა გგონია? შენ ესა?.. მაშ საქმეს რას ეძახი? – ვეკითხები მე.

– სადიური საქმეა, შენს გამარჯვებას, – მეუბნება ის კვლავ: – ქაღალდი, მელანი და იმის საქმე! საქმეს იმას ვეძახი – მოხნას კაცმა, მომკოს, მოთიბოს, სახლს რამ შეჰმატოს, ცოლ-შვილს რამ არგოსო.

რა პასუხი უნდა მისცე ამისთანა მსჯელობის პატრონს? იმას რომ ესმოდეს მწერლობის მნიშვნელობა, ესწავლა რამ და მისმა გონებამ სწავლის გემო იცოდეს, ამას არ იტყოდა, მაგრამ რადგან არ იცის და არ ესმის, ამბობს გულწრფელად სისულელეს… ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაშია, რომ ამისთანა მსჯელობას ნიადაგი აქვს და რას იზამ, კრიჭას ვის აუკრავ, ენას ვის დაუბამ, რად ამბობო!

ნუ გგონიათ, ვაჟბატონებო, რომ ჩვენ, ბეჩავს მჯღაბნავებს, საქმე გამოგვლევია და იმიტომ ვჯღაბნით, ვწერთ, ვაწყდებით ღობე-ყორეს. არა. ჩვენ იმას ვცდილობთ, ეგები სასარგებლო რამ გავაგონოთ ქვეყანას, შევმატოთ რამ მის გონებას და ზნეობასა.”