8 იანვარი, 2023

უსამართლოდ დასჯილი ლადო ასათიანი

ალბათ დღეს ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ პოეტ ლადო ასათიანს მკაცრად აკრიტიკებდნენ.

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანიც. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“.

ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც პოეტზე ძლიერ იმოქმედა.

ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან „კონტრრევოლუციური ლაყბობის“ ბრალდებით გარიცხეს. მოგვიანებით, 1938 წლიდან, მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს, საქალაქო კომიტეტის დადგენილებით, ლადო ინსტიტუტში აღადგინეს…

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშაოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა…

მისი პატრიოტული განწყობა პოეტის სიცოცხლის ბოლომდე მკაცრი კრიტიკის საგანი იყო – ნაციონალისტობა დასწამეს, არაჯანსაღი განწყობის გავრცელებას უკიჟინებდნენ, პატრიოტულ ლექსებს იდეური თვალსაზრისით უწუნებდნენ.

1940-1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“ გამოსაცემად ჩააბარა. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს. პოეტს 10 საავტორო ეგზემპლარი გაუგზავნეს. ამ 10 ეგზემპლარის გარდა, არც ერთი არ გაუვრცელებიათ – გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.

1943 წლის 23 ივნისს პოეტი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლადოს ერთადერთი ქალიშვილი – მანანა მაშინ მხოლოდ 2 წლის იყო. ქართული ინტელიგენციის ღირსეული ნაწილი პატივს სცემდა ლადოს და მის შემოქმედებას. პოეტის გარდაცვალების შემდეგ, მანანა კონსტანტინე გამსახურდიას მეუღლემ მირანდამ, სიმონ ჩიქოვანისა და ლადო გუდიაშვილის მეუღლეებთან ერთად მონათლა.