ტარიელ ხარხელაურის საახალწლო სურვილი ყველაზე რეალური და მნიშვნელოვანია:
“ჩამოღრუბლული დღეა…ვფიქრობ… ასეთ ამინდში ფიქრს ვერსად გაექცევი. გავცქერი იკვლივის მთებს – გულისპირზე თხლად რომ გადაუფენიათ თოვლი და სდუმან… მიილია ეს წელიც… მძიმე, საშინლად მძიმე წელი სამყაროსათვის. არა მხოლოდ სამყაროსთვის – იმედისთვისაც. ამ წლის დადგომასაც ხომ უკეთესი მოლოდინით ველოდით, მაგრამ რა ქნას მარტო წელმა, თუ ჩვენს გასაწევ უღელსაც მას გავუხდით საჯაფაოდ. განა ეს შემზარავი ომი ამ წელს უნდა დავაბრალოთ?!ყველა უგუნერება ადამიანისა ამ წელს უნდა მივკერძოთ და ეს სისხლიანი ხელები მასზე შევიმშრალოთ?! რა ქნას საბრალო წელმა… განა არ სცადა, განა არ მოინდომა, მაგრამ ჩვენს დაუხმარებლად არაფერი გამოუვიდა …განა ამის გამო მხოლოდ მიმიდინარე წელს უნდა ვუსაყვედუროთ, ბრალი დავდოთ – ჩვენი გასაკეთებელი შენ რატომ არ გააკეთეოო…