19 იანვარი, 2023

ნინო რამიშვილის უნიკალური ვიდეო

ქართული ცეკვის დედოფლის ნინო რამიშვილის მთელი ცხოვრება ცეკვასთან იყო დაკავშირებული.

“არტ ინფო” გენიალური მოცეკვავის უნიკალურ ვიდეოს გიზიარებთ:

“რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავ. დედაჩემმა რომ შეამჩნია ეს, თბილისში იყო კერძო სტუდია, იტალიელი ქალი პერინი ასწავლიდა, მან დაანება ცეკვას თავი და დასახლდა თბილისში, დიდი საქმე გააკეთა ქართული ბალეტის წარმატებისთვის.

1921 წელს ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, მამაჩემი ბათუმში გაჰყვა მთავრობას, მაგრამ გემზე ასული უკან ჩამოვიდა ჩვენი გულისთვის. ნახევარზე მეტი მაინც სახლში არ იყო, უმეტესად გადასახლებაში იმყოფებოდა. ჩვენ სამნი ვართ, მე – ყველაზე უფროსი, შემდეგ ჩემი და და შემდეგ ჩემი ძმა. ძალიან რთულია დედ-მამიშვილებიდან მარტო რომ დარჩები. პირველი ხანები იცით რა მჭირდა, ახალგაზრდობის ან ბავშვობის გახსენება რომ მინდოდა, გავიფიქრებდი, ახლა თამარას, ჩემს დას უნდა ვკითხო-მეთქი, მაგრამ ვიღას ჰკითხავ?!

1927 წელს გამანაწილეს ოპერისა და ბალეტის თეატრში, იქ უკვე მუშაობდა ილიკო, შეუდარებელი მოცეკვავე იყო, პირველივე შეხვედრიდან ორივეში გაიღვიძა რაღაც გრძნობამ. ცოტა ხანში შემომთავაზა რომ გაგვეკეთებინა ქართული ცეკვა და გავაკეთეთ კიდეც.

ჩემს ნათეოსაბაში მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია იმან, რომ მოცეკვავეს მივყვებოდი ცოლად. ეს ის იშვიათი პერიოდი იყო, როცა მამაჩემი სახლში იყო. მამამ მითხრა, შენ თუ გინდა, ნურავინ ნუ უგდებ ყურს, გაყევიო. 50 წელი ილიკოსთან ვიყავი ბედნიერი, იყო არაჩვეულებრივი ხასიათის, ძალიან გულკეთილი, დიდი დიპლომატი, სახლში არ მედავებოდა და მეუბნებოდა, კი გენაცვალე, როგორც შენ გინდაო და ყოველთვის აკეთებდა ისე, როგორც მას უნდოდა, მაგრამ ხშირად როცა რამეში არ ვეთანხმებოდი, დრო გვიჩვენებდა, რომ ის ყოველთვის იყო მართალი.

გარდა ცეკვისა, იყო დაბადებული იმპრესარიოდ, ორგანიზატორის დიდი ნიჭი ჰქონდა, კარგი გაგებით იყო დიპლომატი, ხშირად საქმეზე რომ მივდიოდით, მეუბნებოდა, შენ ნუ წამოხვალ, შენ იმას ამბობ, რასაც ფიქრობ და ეს ყოველთვის არ შეიძლება, არ გამიფუჭო საქმე, მარტო წავალო.

მე და ილიკო ვმუშაობდით ესტრადაზე, ზაფხულში დავდიოდით ყველა რესპუბლიკაში ძალიან წარმატებით და მერე დაიწყო იდეა ანსამბლის შექინისა. არ შემიძლია არ ვახსენო გენიალური მხატვარი სოლიკო ვირსალაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი და 60 წლის განმავლობაში ჩემი უახლოესი მეგობარი, ერთი სიტყვით რომ გვესმოდა ერთმანეთის და პირველივე დღიდან გვედგა გვერდში.

ილიკოს ოცნება იყო ანსამბლის შექმნა. იმდენად უნდოდა, ერთხელ უთხრეს უარი, მეორედ მიიღო უარი და მაინც არ დანებდა. ერთხელაც რომ შემოსანსალდა, ვუთხარი, თუ შენ მოკვდი, რად მინდა ანსამბლი-მეთქი და მაინც არ მოიშალა. მაშინ იყო შადური. ღამე მოხვდა ილიკო მასთან, მთელი კონცერტი უამბო, უცეკვა, უმღერა, რის გაკეთებას აპირებდა. შადური უგდებდა ყურს, ხმა არ ამოუღია და ბოლოს უთხრა, თქვენ ეს ისე გინდათ, არ შეიძლება არ გამოვიდესო.

ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის ჩემი შვილის დაბადების დღე, მერე ანსამბლის დაბადების დღე. ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, მაგრამ ამან სადღაც გამამაგრა და სიძნელეებს უფრო ვუძლებ. თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ისე დავიწყებდი.

უწინ მე მეგონა საუკუნე ძალიან დიდი დრო, თურმე არაფერი არ ყოფილა საუკუნე… დრო მიდის, იცვლება ცხოვრება ადამიანებისა, ეს გარდაუვალი კანონია, ვერ მოვთხოვ დალაგებული დროც რომ იყოს, ახლანდელმა ახალგაზრდობამ ისე იცხოვროს, როგორც მე. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, როგორი რთული და ცუდიც არ უნდა იყოს ცხოვრება, მაინც სიცოცხლე სჯობია.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელმაც მიაგნო თავის საყვარელ საქმეს, მაგრამ ყველამ დროზე უნდა იცოდეს წასვლა. ბევრად ადრე მინდოდა დამენებებინა ცეკვისთვის თავი, მაგრამ ილიკო არ მაძლევდა ამის საშუალებას. ცეკვას ისე დავანებე თავი, კონცერტი რომ ჩემთვის უკანასკნელი იყო არავინ იცოდა, არავისთვის მითქვამს და იმის შემდეგ არც მიცეკვია. მაგრამ არ გამჭირვებია იცით რატომ? დავრჩი ჩემს საქმეში, ყველა მოცეკვავეში რაღაც ჩემი არის.

მე ჩემს მიწაზე ვარ, მე აქ უნდა ვიცხოვრო, მე აქ მიმაბარებენ მიწას და მე აქედან წამსვლელი არც ვიყავი და არც ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ დინასტია გრძელდება.

შეიცვლება თაობები, შეიცვლება ცოტა ცეკვებიც, რასაკვირველია, მაგრამ ილიკო სუხიშვილის, სოლიკო ვირსალაძის და ჩემი სიყვარულით, აღელვებით ნაამბობი პატარა ერის ისტორია დარჩება თაობებს.”