25 იანვარი, 2023

მიხა ხელაშვილის საოცარი ისტორია

პოეტი მიხა ხელაშვილი 25-ე დაბადების დღეზე მოკლეს.

მისი საოცარი ისტორია რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა გვიამბო:

“დღეს მიხა ხელაშვილის დაბადების და გარდაცვალების დღეა… “ძმაკაცებმა” მოწამლეს ხინკლით თავის დაბადების დღეს… ერთ-ერთი ვახტანგ რაზიკაშვილი იყო, ვაჟა ფშაველას გერი, რომელსაც სხვათაშორის ვაჟამ სიცოცხლეში გვარი არ მისცა… შემდეგ ღორის შვილმა კომუნისტებმა უკვე მომაკვდავი დახვრიტეს და შუა ქუჩაში დააგდეს ასაყროლებლად და მტაცებლების დასაჯიჯგნად… ასე გამიგია დამ, პელაგიამ მოიპარა ღამე დასახიჩრებული სხეული და დამარხაო…
სკოლაში ვიყავი, ალბათ მეორე ან მესამე კლასში, როდესაც პირველად მისი სახელი გავიგე, ჩემი სახლის გვერდზე იყო კრიტიკოსთა კავშირი თუ რაღაც ასეთი, მამაჩემთან მეგობრობდნენ, ხშირად სვამდნენ ერთად, მიყვარდა მათ სუფრასთან ყოფნა, პურ-მარილი დიდი არაფერი, საუბრები კი… ერთ-ერთი მათგანი იყო თუ სწორად მახსოვს გვარი, თორემ სახელი ნაღდია, ალეკო გაბელაია…

ალაგ-ალაგ შეხეულ შემოხეული, გაყვითლებული ფურცელი გვაჩუქა, ზუსტად ეს ფოტო ეხატა და იქვე ლექსი ეწერა :
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე…

ეს დაწყება ზეპირად ვიცოდი და მერე, რა თქმა უნდა, გრძელდებოდა…

რა თქმა უნდა, უკვე აკრძალული აღარ იყო, მაგრამ ხალხი მის პოეზიას მაინც როგორც ხალხურს ისე იცნობდა… “ბინდისფერია სოფელი” ხომ საერთოდ ყველამ იცოდა, მაგრამ როგორც სიმღერა…

მახსოვს ეს ფურცელი ოთახში, კედელზე გამოვიკარი და თავი რაღაცნაირად დისიდენტი მეგონა, დავდიოდი და ჩუმად ვუყვებოდი ჩემს ტოლებს მიხას შესახებ, ზოგი სერიოზული სახით, მაგრამ უინტერესოდ მისმენდა, ზოგიც კი იცინოდა… სწორიცაა, აბა 7-8 წლის ასაკში რა დროს “ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა”…

მერე უფრო და უფრო მეტი გავიგე… ეს ფოტოც ყველგან გამოჩნდა და რაღაცნაირად ამპარტავანი და ამაყი ვიყავი, ასე მეგონა პირველი მე ვიცნობდი მიხას და მერე სხვა დანარჩენი…

სახლში ვერ იჯდებოდა! ქაქუცასთან უნდოდა და იყო კიდეც! ემიგრაციაში არ წავიდა, ცოლი ყავდა და პატარა შვილი… ამასაც ამბობენ, სახლში ვერ მიდიოდა, სულ ასაძაღლებელი კომუნისტები დევნიდნენ და ცოლს დაუბარა, ბავშვი ეზოში გამოიყვანე და დასვი, დურბინდით შევხედავ, როგორი ლამაზიაო…

დიდია! დიდზე დიდია მიხა ხელაშვილი თავისი კაცობით, თავისი ვაჟკაცობით და თავისი ქართველობით! არც დავფიქრდებოდი ისე გავცვლიდი იმ “ყველაში” დღეს რომ დირექტორად გვყავს და წეს-კანონებს გვიწესებს, როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ…

ვერ ვიტყვი მიხასნაირები უნდა ვიყოთ-მეთქი, მაგრამ მეტი უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, იქნებ რამე გადაგვედოს მისი, ქაქუცასი, საშა სულხანიშვილის, მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ჯუღელის, გოგუაძის… ვისთვისაც ჯერ საქართველო იყო და მერეც საქართველო…
25 წლის მოკლეს, 25 იანვარს, 1925 წელს…

ეს კი მისი პატარა ლექსი…
როსნამდის ვიყო სულ მუდამ
ყველა მხრით დაღონებული,
როსნამდის ვიყო სულ მუდამ
სხვისაგან დამონებული?!
მიხა ხელაშვილს გაუმარჯოს!”