17 იანვარი, 2023

კონსტანტინე გამსახურდიას უნიკალური ავტოგრაფი ხელოვნების სასახლეს

გენიალური მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას უძვირფასესი ხელნაწერი ხელოვნების სასახლეს გადაეცა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ხელოვნების სასახლემ კიდევ ერთი შეუფასებელი საგანძურის მიიღო… მუზეუმს ქართველი მკვლევარი და მეცნიერი ბატონ სიმონ კოპაძე ესტუმრა, მან საჩუქრად კონსტანტინე გამსახურდიას უძვირფასესი ხელნაწერი გადმოგვცა.

ხელნაწერი წარმოადგენს 57-გვერდიან ავტოგრაფს კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი ტრილოგიიდან „დავით აღმაშენებელი“.  ეს თავი, რომელიც იერუსალიმის მეფე ბალდუინს ეძღვნება, ნაწარმოების ბეჭდურ ვერსიაში არ შესულა და მხოლოდ ამ უნიკალური ავტოგრაფის სახითაა შემორჩენილი.

ბატონმა სიმონმა დიდი მწერლის ავტოგრაფი მემკვიდრეობით მიიღო, მისი დიდი ბებია სოფიო ლორთქიფანიძე, რომელიც მთელს სენაკში განთქმული ქალბატონი იყო, ამასთანავე კონსტანტინე გამსახურდიას პედაგოგი გახლდათ…. საყვარელი მოსწავლისაგან მხოლოდ სოფიო ლორთქიფანიძეს ჰქონდა პატივი პირველს წაეკითხა ნამოწაფარის ავტოგრაფები, შეეტანა კორექტურა და შენიშვნებიც კი…

კონსტანტინე გამსახურდია სოფიო ლორთქიფანიძის ოჯახთანაც მეგობრობდა, სოფიოს მეუღლე გიორგი ქავთარაძე მწერლის უფროსი მეგობარი, მხარდამჭერი და მფარველი იყო, ამიტომ ბატონი სიმონის არქივში არაერთი საყურადღებო დოკუმენტი ინახება, მათ შორისაა 9 წლის კონსტანტინე გამსახურდიას ფოტო…

ვსარგებლობთ შემთხვევით და ბატონ სიმონ კოპაძეს ამ დიდი მოქალაქეობრივი და მამულიშვილური საქმისათვის განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ, მადლობა პატრიოტიზმისთვის და წინაპრების ხსოვნის სათუთად შენახვისთვის…

ჩვენი მუზეუმი კი მუდმივად ეცდება შეინარჩუნოს და გაამართლოს ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების გამორჩეული ნდობა.. ნდობა, რომელიც გვაძლიერებს და ავტორიტეტს გვმატებს…”