11 იანვარი, 2023

იოსებ გრიშაშვილი საქართველოდან გაქცევაზე

ბევრმა არ იცის, რომ პოეტი იოსებ გრიშაშვილი 32 წლის ასაკში საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობდა:

“წავალ! წავალ!

წავალ! წავალ! შემეზიზღა
ჩემი ქვეყნის არემარე,
არ მეყოფა რაც ჩემს ლექსებს
სტრიქონებში დავემალე?
მინდა სიტყვა შურდულივით
ფრთა-ლაღი და ფრთა-აზატი,
თორემ სულის შინასკნელში
მეპარება რაღაც ზადი.
სჭკნება გულის ყარამფილი,
ბაიებში ცრემლი გაშრა
და სხეული ახალგაზრდა
ლოდინისგან დაიშაშრა.
აქ რა მინდა! აქ ყველაფერს
პირუკუღმა სთხრიან, ჰყრიან…
აქ მე ტირილს მიკრძალავენ,
აქ მე სიტყვებს მიკორტნიან.
აქ რა მინდა, აქ როდესაც
ჩამოინგრა ბურჯი ხიდის,
აქ რასაც ვწერ, მეგობრებო,
კალმის იქით ვეღარ მიდის.
და მე ვამბობ: გრიშაშვილო,
გინდ ეს ლანძღე, გინდ ის აქე,
მარტო ნიჭი კი არ კმარა,
უნდა იყო მოქალაქე!
ქვის ხურჯინი, მიწის ორმო,
ბორკილები მრავალ წყებად,
ახ, არ ძალმიძს, საქართველოვ,
ჯალათების დავიწყება.
წავალ! წავალ უცხო მხარეს
ამ სიტლანქეს დაუჩვევი,
გამარჯვებას თუ ვერ ვნახავ,
დამარცხებას გადურჩები.
აქ რა მინდა! აქ უაზროდ
მიწას ვტკეპნი, ჰაერს ვნაყავ,
თავისუფალ საქართველოს
უცხოეთში დავინახავ.”