4 იანვარი, 2023

ღარიბთა ლოცვა ერეკლე დეისაძისგან

მომღერალი, პოეტი და მწერალი ერეკლე დეისაძე გვთავაზობს ლექსს “ღარიბთა ლოცვა”:

“მეტროსთან ყიდდნენ ბავშვები ხატებს
ყველა მათგანი იყო მშიერი
გვერდით კი მაკდონალდსის პირდაპირ
ჩიზბურგერს ჭამდა პოლიციელი.
ჰამერის ჯიპით მოქრის მამაო
“აფხაზეთის ხმა” გადმოსცემს ამინდს
ნეტარ არიან ღარიბნი ქვეყნად
გაიფიქრებს და წარმოსთქვამს ამინს.
დამნაშავე ხარ თუ ისევ გშია
აქ პურის ნაცვლად გაჭმევენ ლოცვას
და პრეზიდენტის რეზიდენცია
სამების ტაძარს უგზავნის კოცნას.
იჯდა მტკვრის პირას მხდალი პოეტი
და ერთობოდა სიმარტოვეთი,
პოლიტიკოსი პოეტს ციტირებს
დღეს მთელი ერი ერთად იტირებს.
შენ არ გჭირდება სამოთხე რადგან
შენი სამშობლო სამოთხე არის.
თუ ეს ქალაქი შენი ციხეა,
უნდა გაბედო გატეხვა კარის.
შენ არ გჭირდება სხვა საქართველო
და ისტორიის ყალბი მძევლები
რადგანაც ღვინო ქრისტეს სიხლია
ჩვენ გამოვდივართ სისხლისმსმელები.
შენ არ გჭირდება უცხო იმიჯი
ლამაზად ჩაცმა ცუდი ჰობია
სვეტიცხოველში ქრისტეს კვართი გაქვს
შენი სამშობლო გარდერობია.
შენ დაიბადე და მოგაკერეს
პატრიოტიზმის მყრალი ნიღბები
შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო
დღეიდან არსად არ დაიღვრები.”