რაც დრო გადის, ქართველები სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ზვიად გამსახურდია გენიალური ადამიანი იყო.
“არტ ინფო” მის არაჩვეულებრივ ჩანაწერს გიზიარებთ:
“გაუგონარი, არნახული თავგანწირულობა და მოწამეობა ერისთვის არის ჩვენი ეროვნული ხასიათის ძირთადი თვისება და მე იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ქართველი კაცის მამულისადმი სიყვარული და მოწამეობა გაიმარჯვებს და არა ის ნეგატიური, დამღუპველი თვისება, რომელსაც ზოგჯერ ჩვენი თანამემამულენი გამოავლენენ, რომლისკენაც მათ ამპარატვნული თავკერძობა და თვითნებობა უბიძგებთ ხოლმე.
მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდნენ მაფიები. ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება.
ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს.
პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის, თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.
საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.”