12 იანვარი, 2023

ძალიან კარგი ისტორია რობერტ ბარძიმაშვილზე

robert-barzimashvili.jpg

უნიკალურმა მომღერალმა რობერტ ბარძიმაშვილმა მთელი თავისი ცხოვრება ქართულ კულტურას მიუძღვნა და ეპოქალური ჯგუფები, ანსამბლები და კვარტეტები შექმნა.

მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ისტორია მომღერალმა ირინა ბაირამაშვილმა გაიხსენა:

“მოკლედ, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: 7 წლის ვიყავი, როდესაც საგარეჯოს ტელევიზიაში მიწვეული სტუმარი გადმოსცემდა ინფორმაციას, რომ გაიხსნა ვოკალური სტუდია და იწვევდა ბავშვებს, ამ დროს ჩემი ნანული ბებო (ვისი გენიც გამომყვა მე, დღეს არ ამომდის გონებიდან ულამაზეს თითებს რო დაუსმევდა ჩონგურის სიმებს და საოცრად მსუყე ხმით დაიწყებდა სიმღერას ) გამოვარდა სიხარულით და დაუძახა დედაჩემს, რომ სასწრაფოდ მიიყვანე ირინაო, დედამაც ამიტკიცა თმა ზევით (ისე მიკრავდა ხოლმე თმას, რომ სამი დღე წარბები ჰაერში მქონდა ხოლმე) და გავქუსლეთ პიონერთა სასახლეში (თამრიკო ჯაბადარს ვენაცვალე ამ ყველაფრის დაარსებისთვის). მივედით და კი არ გამოდის, გამორბის ჭაღარა, სიმპათიური, სიგარეტით ხელში, სათვალე ყელზე დაკიდებული, საოცრად გემოვნებიანი კაცი და ეს კაცი იყო რობერტ ბარძიმაშვილი. მას მერე მოვიწამლე ამ კაცის სიყვარულით და სიმღერის სიყვარულით. კაცი, რომელიც არის კოლორიტი, ნაღდი (სიყალბის ნატამალი არ ჰქონდა), კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა, რომელმაც მასწავლა სიმღერის სიყვარული – რა იყო გემოვნებიანი და რა უგემოვნო და სწორედაც ეს მის აღზრდილ მოსწავლეს ყველას გვეტყობა, ყველას დაგვამადლა სათითაოდ.”