9 იანვარი, 2023

ასეთი იყო სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი და თვალწარმტაცი სილამაზე განუყოფელი სინონიმებია.

ლელა ანჯაფარიძემ მას არაჩვეულებრივი წერილი მიუძღვნა:

“სწორედ ამ დღეს, 1924 წლის 9 იანვარს, თბილისში დაიბადა სარქის ოვსეფი ფარაჯანოვი, რომელსაც ყველა ვიცნობთ ქართულად, როგორც სერგოს…

რადგანაც ამაყად-აივნებიანი და დახვეწილად ვიწრო – თხელქუჩიანი თბილისის ნამდვილი კოლორიტი იყო, თანაც საოცრად ბროწეულ-მარცვლიანი…
ეს ის კაცია, მაიკოვსკის მერე, ასე რომ შეუყვარდა ლილია ბრიკს…
ჩვენ ხომ მაინც ვიცით, მაიაკოვსკის შემდეგ, სხვისი შეყვარება როგორი რთული და ძნელია…
ლილია ციხეში უგზავნიდა ფინურ სალიამის და ფრანგულ კამფეტებს…
ყველაფერს მიირთევდნენ ციხის უფროსები და ფარაჯანოვს უტოვებდნენ მხოლოს ფანტიკებს…

ბედის ირონიაა, მაგრამ დისიდენტი ფარაჯანოვი ციხიდან გამოიხსნეს ბრეჟნევის ბრძანებით და ლილია ბრიკის მცდელობით, და მერე „საზიზღარი“ შევარდნაძე რომ არა, ვერაფრით ვერ გადაიღებდა „სურამის ციხეს“…
ისევე, როგორც შესანიშნავი თენგიზ აბულაძე „მონანიებას“…
რაღაცეები არ უნდა დავივიწყოთ…
ამიტომ, სულ ვამბობ – დისიდენტობა თუ გინდა, ბოლომდე იდისიდენტე და არ მიიღო ამ რთულ გზაზე არავისგან დახმარება…
თორემ მერე, მთავარი გზა აგებნევა…

ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მიყვარს ფარაჯანოვი… თავისი ფილმებით და შესანიშნავი კოლაჟებით…
იმის მიუხედავადაც, რომ ლილია ბრიკმა გაათავისუფლა ციხიდან და ის მას შეხვდა მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაემშვიდობოს…
ჩემთვის მოვიგონე – ალბათ, მაიაკოვსკის მაგივრად შური იძია…
ლილია ბრიკმა, 1978 წელს, 87 წლის ასაკში თავი მოიკლა…
ნახეთ, თოჯინების რა შესანიშნავი კოლაჟია – სერგო და ლილია…
სინამდვილეში, ფარაჯანოვი სულ არ იყო მის სიკვდილში დამნაშავე…
ფარაჯანოვი ყოველთვის სხვანაირი და განსხვავებულად განსაკუთრებული ბრძანდებოდა…

ერთხელ მოყვა, ცნობილმა რუსმა რეჟისორმა, სერგეი გერასიმოვმა, ერთხელ ლენინის და სამჯერ სტალინის ორდენოსანმა რომ მოინდომა ფილმი „კარმენის“ დადგმა, ეს აზრი ფარაჯანოვს გაუზიარა…
„წარმოიდგინე, იხსნება კადრი და ზის ფეხი ფეხზე გადადებული ლამაზი კარმენი“…
„რა სისულელეა“, – უპასუხა სერგომ… – „ჯობია კარმენი იწვეს საწოლში… მას უახლოვდება ხოზე და ამცხკივებს და ამცხიკვებს, რადგანაც კარმენი, სცენარით, თამბაქოს ცეხში მუშაობსო.“

სერგო ფარაჯანოვმა ციხეში, კეფირის საბჭოთა მეტალურ თავსახურზე დახატა პუშკინი… სამწუხაროდ, ვერ მოესწრო იმას, ფელინიმ რომ ეს გამოსახულება გაავერცხლისფრა და რიმინის კინოფესტივალის მთავარ პრიზად გახადა…

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ფარაჯანოვმა საკუთარი თავის „დასაფლავება“ მოაწყო… წინ მიდიოდა მანქანა, მისი პორტრეტით და გამვლელების შეკითხვას – „ვინ გარდაიცვალაო?“, სერიოზულად პასუხობდა – „სერგეი ფარაჯანოვიო“…

ფარაჯანოვმა ცხოვრებაში ბევრი პროფესია მოსინჯა… მრეცხავიც იყო, მეეზოვეც და „სტოროჟიც“…

შაქრისთვის ტომრებსაც კი კერავდა…

მის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია მოხდა… მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში შეუყვარდა თათარი გოგო მოლდოვიდან – ნიგიარი…
ცოტა ხანში ნიგიარას ძმებმა მოაკითხეს და მოთხოვეს გამოსასყიდი დისთვის…
ფარაჯანოვს ფული არ ქონდა… მამას თხოვა და ის არ დაეხმარა… მაშინ ნათესავებმა მოთხოვეს ნაგიარას, ქმარი რომ მიეტოვებინა… მან უარი უთხრა და ელექტრიჩკის ქვეშ ჩააგდეს…

1981 წელს ფარაჯანოვი ჩავიდა მოსკოვში და იური ლუბივოვმა, ყველანაირი ცენზურის მიუხედავად (ასეთი იყო), მიიწვია ის სპექტაკლი „ვლადიმერ ვისოცკის“ გენერალურ რეპეტიციაზე…

სპექტაკლის ბოლოს, რომელსაც რფ სპეცსამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნან, ფარაჯანოვმა მიმართა ლუბიმოვს – „ჩემი დაპატიჟების გამო, სამსახურიდან თუ გაგაგდებენ, გული ნუ დაგწყდებათ… მე რამდენიმე წელი უმუშევარი ვარ, მაგრამ რომის პაპა მარჩენს… ალმასებს მიგზავნის და მე თურმე ნიჭიერად ვყიდი“…

როდესაც ვლადიმერ ვისოცკიმ ცოლად მარინა ვლადი მოიყვანა, თბილისში ჩამოვიდნენ და ფარაჯანოვმა თხოვა, ღამე მის სახლში გაეთენათ…
და როდესაც ვისოცკიმ მეგობრის სახლის კარები გახსნა…
მთელი სახლი ვაშლებით იყო მოფენილი…

ასეთი იყო ფარაჯანოვი…”