7 იანვარი, 2023

აკაკი წერეთელი შობაზე

დიდებულმა პოეტმა აკაკი წერეთელმა იესო ქრისტეს შობას 1890 წელს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი “სჯულის ცნობისა”,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!

გაჰკვირდენ ვარკვლავთ მრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება…
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.

ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებათ-ქებასა.

გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე სხივები დაჰფინა,
სთქვეს მოგზაურთა: “აქ არის
ახალშობილის, სჩანს, ბინა!”

შევიდენ, ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა;
ნაცვლად “მზე შინას” ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!

ხედავენ ღარიბ სახვევში…
არსად სჩანს ხოჭიჭ-აკვანი!..
დაემხვნენ მის-წინ მორჩილად,
სასოებით სცეს თაყვანი.

ოქრო, გუნდრუკი და მური
შესწირეს ახალშობილსა,
და უგალობდენ სიმდაბლით
საგალობელსა წყობილსა.

“დიდება ყოვლის შემოქმედს!
დიდება მისა მცნებასა!..
დიდება ქვეყნად მაცხოვრის
ხორციელ მოვლინებასა!..”