10 დეკემბერი, 2022

უძვირფასესი წერილი ზვიად გამსახურდიაზე

ზვიად გამსახურდიაზე ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებული მოგონება აქვს ეკა ხერხეულიძეს:

“დადუღებულ გროზნოში ძლივს ნაპოვნი ზვიად გამსახურდიას ნეშთი შვილმა ყაზბეგს რომ მოასვენა, იმ ყინვაში გაუთვალისწინებლად ბევრი ხალხი შეგროვდა. ემოციურ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, აუცილებელი გახდა ფიქრი იმაზე, თუ სად უნდა დაესვენებინათ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რათა ყველას შეძლებოდა უკანასკნელი პატივის მიგება…

თბილისამდე გამოსავლელი გზა დიდი იყო და, შესაბამისად, დროც ბევრი გვქონდა იმისთვის, რომ საპატრიარქოს მმართველი ვერტიკალის ყველა შტოსთან მოგვესწრო კომუნიკაცია. მოკლედ, პასუხი ასეთი იყო – სვეტიცხოველში ვერ შევუშვებთ, ვერც სამებაში და ვერც ვერსად… (მხოლოდ დასვენებაზე იყო საუბარი, დაკეტვას და მსგავს უგვანობას ვინ გაივლებდა აზრად).

თბილისში შემოსულებმა ისევ თავის გადამწვარ-გადაბუგულ კოლხურ კოშკში ავასვენეთ და დიდ ნახანძრალ ოთახში იატაკზე დავასვენეთ… არც გამკვირვებია… ფული ცოცხალ ზვიადს არ ჰქონია არასდროს და მიცვალებული, მით უფრო, ვერავის შეწირავდა ძღვენს… დამოუკიდებლობისთვის შეწირულის კუბოს საქართველოს დროშა ეფარა, ეგ იყო მთელი მისი ქონება!”