15 დეკემბერი, 2022

საუკეთესო იდეა ზაქარია ფალიაშვილის ოპერებთან დაკავშირებით

ზაქარია ფალიაშვილის გენიალურ ოპერებთან “დაისი” და “აბესალომ და ეთერი” დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდია ძალიან კარგ იდეს გვიზიარებს:

“საინტერესო ამბები მოხდა მილანში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონსულმა მილანში ოფიციალურად მიმართა ლა-სკალას დირექტორს, დომინიკ მეიერს და მილანის მერს, სეზონი არ გაეხსნათ ოპერა “ბორის გოდუნოვით,” ეს მაინც ასე მოხდა. როდესაც ოპერა დასრულდა, წარმოდგენის შემდეგ იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და ევროკომისარი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპერასთან შეხვდნენ ოცდაათ უკრაინელ მანიფესტანტს. მათ მანიფესტანტები შეაქეს, როგორც ფანტასტიური და მამაცი ადამიანები, თუმცა იქვე დასძინეს, რომ რუსული კულტურა არ უნდა იქნეს გაიგივებული პუტინთან და დიქტატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ეს ყველაფერი გაანადგუროსო.

აქ ჩნდება კითხვა, რატომ ვერ მოვახერხეთ აქამდე, რომ ქართული ოპერა დაიდგას “ლა სკალაში?” მაგალითად “აბესალომ და ეთერი”, ან “დაისი”? ორივე ოპერა მაღალი დონის მუსიკალური ქმნილებაა, მათი გატანა საერთაშორისო ასპარეზზე “მდაბალი და დაწუნებული” (იოანე-ზოსიმეს ტერმინია) ჩვენი კულტურისთვის უდიდესი გარღვევა იქნებოდა.

სხვათა შორის, ზაქარია ფალიაშვილმა ორივე ოპერაში მისნურად მიანიშნა, რომ საქართველოს “დაისი” და აღსასრული მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართველები ეშმასთვის სულმიყიდული მურმანის და ძალაუფლებას დახარბებული კიაზო მამასახლისის გზით ივლიან.”