24 დეკემბერი, 2022

საოცარი წერილი თენგიზ ჩანტლაძეზე

tengiz-chantladz.jpgმსახიობი თენგიზ ჩანტლაძე იყო ადამიანი, რომელიც ყველას მოსწონდა – ნაცნობსაც და უცნობსაც, თეატრის მოყვარულსაც და არამოყვარულსაც… მასთან ერთად ყოფნა ერთი დიდი დღესასწაული იყო.

უნიჭიერესი მსახიობი ანი ანდრონიკაშვილმა გაიხსენა:

“თენგიზ ჩანტლაძე ამბობდა ხოლმე: “არაა სიმართლე?! შორიდან ყველა რომ მოგვწონს და ახლოს მოსულ იგივე ადამიანს წამში ვაუფასურებთ! “შინაური მღვდელი” მახსენდება და მისი “შენდობა”!”

ის ყველას მოსწონდა შორიდანაც და ახლოს მოსულიც!

მან თავის სიცოცხლეშივე დაამარცხა ასაკი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლისა იყო მეგრელი მილიციელი, ან გაბუტული ლუარსაბი, ან იმას რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლის იყო თამადა, რომელიც თავის ფაცხაში მოწყობილ ლხინს ნამდვილ სანახაობად აქცევდა ხოლმე. ბავშვივით იცოდა მოლხენა – მთელი სულითა და გულით.

თეატრი მისი ცხოვრება იყო, ყველა გზას თავის თეატრთან მიჰყავდა… კაბინეტში სხვა ფოტოების გვერდით თავისი ძაღლის – ჯულბარსის ფოტოც ეკიდა. ძაღლი სულ ჰყავდა და ყველა ძაღლს ჯულბარსს არქმევდა… ერთი მეზობელმა მოუწამლა ბევრს ყეფსო, მეორე – მილიციის სკოლაში დაჰყავდა და დიპლომის აღება მეგობრებთან ერთად აღნიშნა… ჰყავდა მსახიობი ჯულბარსიც, სპექტაკლში შეჰყავდა. სწორედ ბოლო ჯულბარსის ფოტო ეკიდა კაბინეტში.

ერთხელ მოხუცებულმა დედამ შორიდან ვერ გაარჩია, რა ფოტო იყო კედელზე და მიამიტად იკითხა: ეს რა ნიღაბიაო… თენგიზი ხომ ნიღბებით თამაშობდა. დიდხანს ეცინებოდათ ამ ამბავზე. ნიღაბი კი არა, ჯულბარსი იყო, რომელმაც პატრონის გარდაცვალების შემდეგ კარგა ხანს წყალიც კი არ დალია…

მისი ფრაზები დღესაც ცოცხალია. ჩემს ახალგაზრდობაში არც ერთ სპექტაკლს არ რგებია ასეთი მასშტაბური ხალხური სიყვარული და აღიარება, როგორიც მის სპექტაკლებს.

თენგიზ ჩანტლაძე დღესაც ახსოვთ და უყვართ, მისი ხმა, მისი სპექტაკლების კადრები ისევ მხიარულ ტალღად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. კარგი ადამიანი გაგახსენეთ, მიყვარდა ძალიან…”