4 დეკემბერი, 2022

საინტერესო ამბავი ნიკოლოზ ბარათაშვილზე

ყველაზე რომანტიკოს და ყველაზე არარომანტიკული ბედის მქონე პოეტზე – ნიკოლოზ ბარათაშვილზე საინტერესო ამბავს გვიზიარებს თეა ფირცხალავა:

“…გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
და აღადგინე დღეს საქართველო!”…

დღეს ყველასგან გამორჩეული ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი 205 წლის გახდებოდა და ალბათ ვერც კი იფიქრებდა, რომ მისი „ბედი ქართლისა“ ორი საუკუნის შემდეგაც კი აქტუალური იქნებოდა…

1817 წლის 4 დეკემბერს თბილისში დაიბადა და სრულიად სამყაროს შეემატა კიდევ ერთი უიღბლო შეყვარებული, ჩვენი ტატო, რომანტიკოსი პოეტი, რომელსაც დაბადებიდანვე დაჰყვა არარომანტიული ბედი, არა მხოლოდ კარიერაში, არამედ სიყვარულსა და შემოქმედებაშიც. გავა ხანი და სიცოცხლეში დაუფასებელი მგოსანი ნიკოლოზ ბარათაშვილი განსაკუთრებით ახლობელი გახდება არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სამყაროს მრავალი მოკვდავისთვის, ვისთვისაც გასაგები იქნება ის „ენა“, გრძნობები და ფასეულობები, რომლებზეც იგი თავის ლექსებში „მღეროდა“.

პოეტმა სულ რაღაც 28 წელი იცოცხლა, მაგრამ მოსასწრები მოასწრო და ქართველებს ლექსებით სავსე პატარა რვეული და უზარმაზარი საამაყო დაგვიტოვა. სწორედ იმ პატარა რვეულის და დიდი ილიას წყალობით გაიცნო საქართველომ თავისი ტატო, მართალია, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდგომ, მაგრამ მაინც გაიცნო.

ნიკო მარმა ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანს“ კატასტროფის პირს მდგომი „ერის მონოლოგი“ უწოდა, ხოლო 1893 წელს, როდესაც პოეტის ნეშტი განჯიდან თბილისის დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს, ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „…დღეს ჩვენ…მოვასვენეთ მისი მტვერი… მართალია ეს მოგვიხდა ორმოც და შვიდს წელიწადს შემდეგ… მაგრამ რა არის ორმოც და შვიდი წელიწადი უკვდავებისათვის? მხოლოდ ერთი ნაბიჯია”…

გალაკტიონიც „შეეხმიანა“ ტატოს:
„ხელოვნებისთვის ისე იწოდა,
როგორც ხატის წინ წმიდა სანთელი…
ისე თრთოლავდა ლექსთ შადრევანთან,
როგორც მზის სხივი უკანასკნელი…“
თქვა გალაკტიონმა და ასე მგონია, რომ იგი საკუთარ თავზე, ან ლექსის წერის წინ დაუფლებულ განწყობასა და გრძნობებზე მიგვანიშნებდა.

დაბადებიდანვე უიღბლო გახლდათ-მეთქი ტატო, დავწერე, მთლად მასეც არ იყო, ერთ რამეში მაინც „გაუმართლა“ – წარჩინებული წინაპრების შთამომავალი იყო… სხვაში კი, ჩემი აზრით, არც არაფერში გამართლებია: არც შესახედაობაში, არც სიყვარულში, არც ჯანმრთელობაში, არც კარიერაში… ახლა შეიძლება გამოხტეს ვიღაც რეგვენი და ქართველობაც კი დაუწუნოს ტატოს, ესაოდა, ერთი უბრალო ჩინოვნიკი იყო, რომელიც კარიერას ქვეყნიდან შორს იკეთებდაო… დღევანდელი ზოგიერთი „პატრიოტისგან“ არც ეგ გამიკვირდება…

1938 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

ყველამ ვიცით, რომ ქართველებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთი ფოტოც კი არ გაგვაჩნია, მხოლოდ იონა მეუნარგიასგან ვიცით, რომ იგი ნამდვილად არ ყოფილა თვალში მოსახვედრი სილამაზის და აღნაგობის კაცი. დღეს შემოგთავაზებთ ცნობილი ქართველი მხატვრის რობერტ სტურუას ნახატს, რომელზეც აღბეჭდილია მაიკო ორბელიანის სალონი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც „ბედი ქართლისას“ კითხულობს… შეხედეთ, თითქოს ტატოს „ბუბუნიც“ ისმის:
“მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!“ ….

ამ სტატუსს დიდი გალაკტიონის სიტყვებით დავასრულებ:
„ყური დაუგდეთ. განა ეს ლოცვა
ეხლაც არ ატკბობს თქვენს მოქანცულ სულს?
მე კი მას ვუსმენ: როგორც უკვდავთა
გამამხნევებელს და ნეტარ ჩურჩულს…“
და…
გახსოვთ, როგორ მთავრდება “ბედი ქართლისა?”
მოდით, ამ სტროფებს დები იშხნელების სიმღერით გაგახსენებთ:
„მორბის არაგვი არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი…“