3 დეკემბერი, 2022

პეტრე ოცხელი – ბედის ირონიის მსხვერპლი

მართალია პეტრე ოცხელი 30 წლის ასაკში დახვრიტეს, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი მისი სახელი და შემოქმედება უკვდავი გამხდარიყო.

უნიჭიერესი ხელოვანის შესახებ ძალიან კარგი წერილი გაგვიზიარა თეა ფირცხალავამ:

„სიცოცხლე მთა და ხევის
ხანმოკლე ხმაა ნგრევის,
სად გონგი გრგვინავს დევიზს:
Ars longa Vita brevis!“

პეტრე ოცხელი ხელოვნება ისეთივე მარადიულია, როგორც გალაკტიონის პოეზია, ამიტომ ჩემს სევდანარევ ჩანახატს გალაკტიონის ლექსის თანხლებით შემოგთავაზებთ, რომლის სათაურია: Ars longa Vita brevis! („არს ლონგა, ვიტა ბრევის!“), ანუ „ხელოვნება მარადიულია, სიცოცხლე წარმავალი“… მაშ ასე…

პეტრე ოცხელმა სულ 30 წელი იცოცხლა – ბედი დაჰყვა ისეთი და იმიტომ!!!

ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, პეტრე ოცხელმა ხელოვნების იმდენი ნიმუში შექმნა, რამდენსაც ერთი „ნორმალური“ ხელოვანი ათეულობით წელს მოანდომებდა – ჟინი, უნარი და ენერგია დაჰყვა ისეთი და იმიტომ!!!

პეტრე ოცხელის შედევრებს ვერ მიაკუთვნებ ერთ რომელიმე ეპოქას ან ჟანრს, რადგან ისინი დროის და ჟანრის მიღმაა, თუ „კარგად“ მოინდომებ, ყველა ეპოქას და მიმდინარეობას „მოარგებ“ – ალღო და კოსმიური ნიჭი დაჰყვა ისეთი და იმიტომ!!!

30 წლის განმავლობაში პეტრე ოცხელმა იცხოვრა და იღვაწა იმ დონის რეჟისორებთან, მსახიობებთან, სცენოგრაფებთან და დრამატურგებთან ერთად, რომლებთან შეხვედრას, არა თუ მუშაობას, მსოფლიოს საუკეთესო ხელოვანები ინატრებდნენ – იღბალი ჰქონდა ისეთი და იმიტომ!!!

1937 წელს პეტრე ოცხელი დააპატიმრეს და დახვრიტეს – ბედისწერა დაჰყვა ისეთი და იმიტომ!!!

1937 წელსვე გამოცხადდა კონკურსი ჯუზეპე ვერდის ოპერა „რიგოლეტოსთვის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად, რომელზეც პირველი პრემია „ტროცკისტ“ პეტრე ოცხელის ესკიზს მიენიჭა. სპექტაკლი, რომლის რეჟისორი კონსტანტინე სტანისლავსკი უნდა ყოფილიყო, აღარ დაუდგამთ – სტანისლავსკი გარდაიცვალა, ოცხელი კი დახვრეტილი იყო და იმიტომ!!!

1939 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ, მის მიერვე დახვრეტილი პეტრე ოცხელის სცენოგრაფიული ესკიზები, რომლებიც დიდოსტატმა რუსეთის „მცირე თეატრში“ ვიქტორ გუსევის პიესა „დიდების“ მიხედვით დადგმული სპეტაკლისთვის შექმნა, ურცხვად „გაამგზავრა“ ლონდონში გამართულ თეატრის მხატვართა გამოფენაზე, სადაც დახვრეტილმა „მგზავრმა“ ოქროს მედალი მოიპოვა – დიდების და ბედის ირონიის მსხვერპლი იყო და იმიტომ!!!

სამაგიეროდ…

ლონდონში შეკრებილმა სრულიად სამყაროს საუკეთესო ხელოვანებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრებში ავტორის ბედი, ჟინი, უნარი, ენერგია, ალღო, კოსმიური ნიჭი, იღბალი, ბედისწერა, დიდება, ბედის ირონია და მარადიული ხელოვნება „ამოიკითხეს“ – ისეთი იყო მისი „დანიშნულება“ და იმიტომ!!!
„წიწამურს ყველა მარად
ჩასთვლიდეს ყოფნის კარად,
რომ ყოფნა იქცეს ქნარად –
Ars longa Vita brevis!“

პეტრე ოცხელი დაიბადა ქუთაისში, 1907 წლის 25 ნოემბერს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 25 სექტემბერს/8 ოქტომბერს) და დაიხვრიტა 1937 წელს.

30 წლის მანძილზე პეტრე ოცხელმა შექმნა უამრავი შედევრი, მათ შორის 40 სპექტაკლისთვის და ერთი ფილმისთვის „ფრთოსანი მღებავი“, რომელიც ლეო ესაკიამ გადაიღო 1936 წელს.

პეტრე ოცხელის თითოეულ ნამუშევარში კარგად ჩანს მისი არაორდინარული ხელწერა და ჟანრისა და ფორმის მრავალფეროვნება. მის ნამუშევრებს მიაკუთვნებენ ავანგარდიზმს, მოდერნიზმს და კონსტრუქტივიზმს. მის შემოქმედებაში დიდი დოზითაა „გეომეტრიის“ და „არქიტექტურის“ ელემენტები და ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ თვალს გადაავლებთ კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტასთვის“ და უილიამ შექსპირის „ოტელოსთვის“ შექმნილ მის ესკიზებს, ან „ელასტიურ“ კიბეებს თუ ქალის ფორმის სავარძლებს…

მიუხედავად ყველაფრისა, პეტრე ოცხელის შემოქმედებას ვერ მიაკუთვნებ ერთ რომელიმე მიმდინარეობას, რადგან იგი ზემოხსენებული ყველა მიმდინარეობისა და ელემენტის სინთეზია. ნახეთ, რას წერს პეტრე ოცხელი თავის დას, ნინოს: „ყველა ეს „იზმი“ არ არის ყოველთვის გადახრა რომელიმე მიმართულებით…“.

პეტრე ოცხელის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მან ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო ხატვა. პირველადი განათლება მიიღო ქუთაისსა და მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი. ამას მოჰყვა პირველი შეხვედრა და თანამშრომლობა კოტე მარჯანიშვილთან, რაც ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის მესამე კურსიდან დაიწყო და დიდი რეჟისორის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. პეტრე ოცხელი ასევე თანამშროლობდა სხვა დიდ რეჟისორებთან, სცენოგრაფებსა და დრამატურგებთან, მეგობრობდა სახელგანთქმულ მსახიობებთან და მხატვრებთან და თითოეული მათგანი, განსაკუთრებით კი მისი ახლო მეგობრები, ხაზს უსვამდნენ პეტრეს დიდბუნოვნებას, იუმორის განსაკუთრებულ ნიჭსა და უზომო თავმდაბლობას.

დახვრეტამდე სამი წლით ადრე პეტრე ოცხელმა მუშაობა დაიწყო რუსეთის „მცირე თეატრში“, სადაც მხატვრულად გააფორმა ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნა“ („ცხვრის წყარო“), ფრიდრიხ შილერის “ვერაგობა და სიყვარული“ და ზემოხსენებული ვიქტორ გუსევის „დიდება“.

1937 წელს პეტრე ოცხელს დასწამეს კონტრრევოლუციონრობა და დახვრიტეს. სანამ განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ, იგი სასტიკად აწამეს და მიუხედავად ჯოჯოხეთური ტანჯვისა, ამ ტანმორჩილმა და ფიზიკურად სუსტმა კაცმა, თავი დამნაშავედ არ სცნო და არც სხვა „მტრების“ ვინაობა დაუსახელა ე.წ. „ტროიკას“ – ისეთი იყო მისი ღირსება და თმენის უნარი და იმიტომ!!!

პეტრე ოცხელის ნამუშევრების უდიდესი ნაწილი დღეს ხელოვნების სასახლეშია დაცული.
„წამიერ გულის ჟინთა
კაცს ცეცხლი მისთვის გინდა,
რომ უკვდავს ერქვას წმინდა!
Ars longa Vita brevis!“