24 დეკემბერი, 2022

ნანი ჩიქვინიძისა და მიხო ბორაშვილი არაჩვეულებრივი ამბავი

მსახიობებმა ნანი ჩიქვინიძემ და მიხო ბორაშვილმა არაჩვეულებრივად ითამაშეს ფილმებში “მაგდანას ლურჯა” (კატო და მიხო) და “სხვისი შვილები” (ლია და გია).

ამ ორ საოცარ მსახიობთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილმა გაგვიზიარა:

“ალბათ ყველამ არ იცის, რომ ,,მაგდანას ლურჯა” ძალიან პრესტიჟული, ევროპული, კანის კინოფესტავალის ,,ოქროს პალმის რტოს” მფლობელია და მგონი, დღემდე-ერთადერთია!

ქართული ნეორეალისტური კინოს ორი დიდი წარმომადგენელი – თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე და მათი ფილმები მრავალი საერთაშორისო კინოფესტავალის ლაურეატები იყვნენ და ეს ფილმები – ,,მაგდანას ლურჯა” და ,,სხვისი შვილები” – სკოლის პროგრამაში უნდა იყოს შეტანილი ხელოვნების გაკვეთილებზე ასაკობრივად! “ნატვრის ხეზე” აღარაფერს ვამბობ.

ცალკე თემაა არჩილ კერესელიძის-  დიდი კომპოზიტორის კინო მუსიკა!

ამ პირველ ორ ფილმში მიხო ბორაშვილი თამაშობდა – ნანი ჩიქვინიძე და მიხო ბორაშვილი! სამსახიობო ანსამბლი ხომ დაუვიწყარი: დუდუხანა წეროძე, აკაკი ვასაძე, ლიანა მოისწარაფიშვილი… მეორე ფილმში: ციცინო ციციშვილი, სესილია თაყაიშვილი, ასმათ ქანდაურიშვილი, ოთარ კობერიძე…

მაშინ, ამ ორმა ბავშვმა, ორივე ფილმი გაახმოვანა და დამეთანხმებით – გენიალურად! ურთულესია ფილმის გახმოვანება ბავშვების მხრიდან. როგორ მიუსადაგეს ხმა ამ პატარა არტისტებმა ნეორეალისტურ კინოს! არც ერთი ყალბი ნოტა და პასაჟი, როგორ მართავდნენ თავიანთ ხმას, დღესაც, 50-60 წლის გადასახედიდან რომ გბურძგლავს მათ თამაშთან ერთად!

მიხო ბორაშვილი მერე ქართული ტელეფილმების რეჟისორად მუშაობდა და ახლაც, თეატრალურ ინსტიტუტში თაობებს ზრდის. მისი ფილმი ,,,სიაუშ ქართველი” კი, ყველა მოზარდმა უნდა ნახოს!”