20 დეკემბერი, 2022

ძალიან კარგი წერილი ლიანა ასათიანზე

liana-asatiani.jpg

ლიანა ასათიანის სახელისა და გვარის გაგონებაზე ყველას ახსენდება ულამაზესი გარეგნობის მსახიობი, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული კინემატოგრაფში.

ხელოვანზე ძალიან კარგი წერილი შემოგვთავაზა თეა ფირცხალავამ:

„დღეს ანგელოზის ფრესკა მაჩვენა,
დიდთვალება და გრძელი ფრთიანი,
ზედ მიაშვირა ხელი მარჯვენა,
ნახატს მიხსნიდა ტკბილი ხმიანი.“

6(20) დეკემბერი ყველა დროის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქართველი ქალბატონის – ლიანა ასათიანის დაბადების დღეა. ამ სტატიაზე ფიქრისას თვალწინ დამიდგა ლადო გუდიაშვილის შედევრი „ფრესკის ღიმილი“, რამაც უმალ შემახსენა გოგლას ზევით ციტირებული ლექსი „ანგელოზის ფრესკა“, რადგან ლიანა ასათიანის მართლაც რომ ფრესკული სილამაზის თვალებში საოცარი იდუმალება და სევდა, სიამაყე და დიდებულება, განუსაზღრელი სიკეთე, სიცოცხლის წყურვილი და ადამიანების სიყვარული იკითხებოდა. მსახიობის ფოტოების დათვალიერებისას ასევე გამახსენდა არაერთი ფერწერული, პოეტური თუ მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ტატოს „ტანო ტატანო“ და, რასაკვირველია, კვლავ გუდიაშვილისეული თვალ-წარბ აზიდული ქალბატონები:
„…წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო…“

მოგეხსენებათ, რომ ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების დიდ უმრავლესობაში თვალში მოსახვედრად ფიგურირებს მოხდენილი შვლის ქალურად გაზნექილი ტანი, მოღერებული ყელი და ნუშისებრი ფორმის, სევდანარევი თვალები. თუ დააკვირდებით, ლადოს გმირები და შველი ერთმანეთს ჰგვანან და აქ კვლავ მომეძალა ასოციაცია… თუ შველი ლადო გუდიაშვილის შემოქმედების სიმბოლოა, მაშინ, ჩემი მოკრძალებული აზრით, შვლისებრი ფორმის თვალები ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ლიანა ასათიანის „სიმბოლოდ“, ან „საფირმო ნიშნად“, რაც მის გარეგნობას განსაკუთრებულობას სძენდა.

ნახეთ, როგორ უხდება ამ დიდებულ ქალბატონს სიმონ ჩიქოვანის ეს სიტყვები:
„შენ მშვენება ვერ დაფარე სამარით,
ჩვენი იჭვიც სიზმარივით ახდა.
სილამაზე, სერაფიტას სადარი.
არსად არის, ივერიის გარდა.“

ლიანა ასათიანის და ლადო გუდიაშვილის მიერ განსახიერებული ქალბატონები დედოფლებს ჰგვანან, განურჩევლად იმისა, ისინი წარჩინებულნი არიან თუ გლეხის ქალები, ან ხელოვნების მოღვაწე, კოლმეურნე თუ დიასახლისი ქალბატონები. ამის დასტურია ლადოს „კოლმეურნე ქალიშვილები“ და „თამარ ციციშვილის პორტრეტი, ან ლიანა ასათიანის თეკლე დედოფალი და სოციალისტური შრომის გმირი მარინე ფერაძე, ნაგომარიდან. ლიანა ასათიანის ნათამაშევი ნებისმიერი ქალბატონის გარეგნობასა და ღიმილში დედოფლური დიდებულება და „ჯიში“ იკითხება.

ქართველი ქალები რომ განსაკუთრებული და განუმეორებელი სილამაზისანი არიან, ამას მთელი მსოფლიო ხედავს და აღიარებს. აქ გაგახსენებთ ჩვენი იოსებ ნონეშვილის ცნობილ სიტყვებს:
„შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა…
დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.“

ლიანა ასათიანი საქართველოში მოღვაწე საუკეთესო რეჟისორებთან თანამშრომლობდა და მისი რეპერტუარი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. პირველი ფილმი იყო მიხეილ ჭიაურელის „გიორგი სააკაძე“, სადაც მსახიობმა მეფე ლუარსაბის მეუღლე, დედოფალი თეკლე განასახიერა. შემდეგ იყო კამას როლი ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „გაზაფხული საკენში“, რომელიც ქართული სოფლის ცხოვრებას ასახავს. ამას მოჰყვა ციალას როლი შოთა მანაგაძის ფილმში „ჭირვეული მეზობლები“ და დავით რონდელის ფილმი „მწვერვალთა დამპყრობნი“, რომელშიც ლიანა ასათიანმა პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი, ალექსანდრა ჯაფარიძე განასახიერა. შემდეგი იყო სოციალისტური შრომის გმირის, მარინე ფერაძის როლი სიკო დოლიძის ფილმში „ჭრიჭინა“, შემდეგ კი სიკო დოლიძის კიდევ ერთი ფილმი „ეთერის სიმღერა“, რომელშიც ლიანა ასათიანმა ქეთევანის როლი ითამაშა. ამის შემდეგ იყო თავადის ქალი მაია, ლანა ღოღობერიძის ფილმში „ერთი ცის ქვეშ“… აქვე შეგახსენებთ თავადის ქალი მაიას ლეო ქიაჩელისეულ დახასიათებას: „დედოფალივით მშვიდი იყო მაია. თავაზიანობის თავადური ღიმილი ფარულად აჯდა ტუჩებზე.“ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი ლიანა და თავადის ქალი მაია თვისებრივად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ, ამიტომ ამ და სხვა მრავალფეროვანი სახის შექმნა და საუცხოოდ შესრულება კიდევ ერთხელ მეტყველებს ქალბატონი ლიანას სამსახიობო ოსტატობაზე. შემდეგ იყო სამეგრელოს დედოფალ გურანდუხტის როლი გიორგი შენგელაიას „მაცი ხვიტიაში“, რასაც მოჰყვა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმი „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც მსახიობმა შორენას დედის და თალაგვა კოლონკელიძის მეუღლის, გურანდუხტის სახე შექმნა. ქალბატონი ლიანას ბოლო ფილმი იყო გიგა ლორთქიფანიძის „წიგნი ფიცისა“, რომელშიც მან ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლეს მესამე მეუღლე დარეჯან დადიანი განასახიერა.

ლიანა ასათიანის მეუღლე გახლდათ ღვაწლმოსილი ქართველი კომპოზიტორი და საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი დავით თორაძე, რომლის მუსიკა არაერთ ბალეტს, ოპერას და კინოფილმს ამშვენებს. დღეს გაგახსენებთ ინოლა გურგულიას ლექსზე დაწერილ დავით თორაძის სიმღერას „ქარი კვლავ არხევს“, სიკო დოლიძის ფილმიდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, რომელსაც თავად ინოლა ასრულებს. ეს სიმღერა საოცრად „უხდება“ ქალბატონ ლიანას:
„ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს
და ბულბულები ისევ მღერიან.
კვლავ ძველებურად გველიან,
ჩვენი ნაცნობი ვერხვები,
ჩვენ კი არასდროს აღარ შევხვდებით.“

ისინი მაინც შეხვდნენ… ეს მოხდა 2014 წელს, როდესაც, ხანგრძლივი დაშორების შემდეგ, ლიანა ასათიანი და დავით თორაძე კვლავ შეიყარნენ – დიდუბის პანთეონში…

აქვე აუცილებლად უნდა დავწერო ის, რაც გავიფიქრე: რა ბედნიერი ყოფილა ქალბატონი ლიანა, რომ მისი უსაყვარლესი ვაჟის, სახელოვანი პიანისტის, მუსიკოსის და პედაგოგის – ლექსო თორაძის გარდაცვალებას არ მოესწრო. თუმცა, დღეს ისინი კვლავ ერთად არიან. დედა-შვილი ორჯერ დაშორდა და ორჯერ შეხვდა ერთმანეთს, პირველად1983 წელს, როდესაც ლექსო აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ქალბატონმა ლიანამ მხოლოდ 5 წლის შემდეგ მოახერხა მასთან შეხვედრა და მეორედ 2022 წელს, როდესაც ლექსო მონატრებულ მშობლებთან გაემგზავრა, ზეციურ საქართველოში.

დღეს ასათიანებისა და თორაძეების ისტორიას აგრძელებენ და ქმნიან ლექსოს შვილები – ალექსანდრე და დავითი და დედასავით მშვენიერი ნინო თორაძის ოჯახი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. საინტერესო ფაქტია, რომ ლექსოს და ნინოს შვილები მუსიკოსები არიან და მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ.

მე კი ამ სტატიას კვლავ ინოლა გურგულიას ლექსით დავასრულებ:
„ქარი აქროლებს ფოთლების ფერებს
საით წაიღებს ფერად ფარდებად;
გავყვები ფოთლებს, ოდესმე მერე
დაგიბრუნდები, ნუ გედარდება,
უჩემოდ ჯავრით ნუ გაბრუნდები,
ფერისცვალება არ ღირს ტირილად,
დაგიბრუნდები, დაგიბრუნდები,
ან თოვლის ფიფქად ანდა გვირილად.“