7 დეკემბერი, 2022

ანზორ ერქომაიშვილის უძვირფასესი მოგონება

ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილს საინტერესო შემოქმედებითმა ცხოვრებამ არაერთი გამორჩეული მოგონება აჩუქა, თუმცა ისტორია, რომელიც მან კრებულში “შავი შაშვი ჩიოდა” შეიტანა, ნამდვილად ერთ-ერთი უძვირფასესია:

“1981 წლის ივლისში ბიჭუნათა ანსამბლი “მართვე” ბიჭვინთის მახლობლად, სოფელ მიუსერაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ტელევიზია იღებდა მუსიკალურ ფილმს “მღერის მართვე”.

მე გადაუდებელი საქმეების გამო თბილისში შევფერხდი და მხოლოდ ივლისის ბოლოს მოვახერხე მიუსერაში წასვლა.

მანქანაში ოთხნი მოვთავსდით: “მართვეს” სოლისტის – ზაზა მახარაშვილის მამა – გურამი, დედა რუსიკო, მოსწავლეთა მხატვრული აღზრდის სახლის დირექტორი ნათელა ჯიღაური და მე.

ადრიანი დილა იყო. მცხეთას რომ გავცდით, მანქანები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ისე გამწკრივებულიყვნენ, გეგონებოდათ მთელი ქალაქი აყრილა და ზღვისკენ მიემართებაო. იმ წელს მართლაც ცხელი ზაფხული იდგა.

გორის ბაზართან გავჩერდით, ბავშვებისთვის ხილი უნდა გვეყიდა. “მართვეში” ასეთი ტრადიცია არსებობს: როცა მშობლები შვილის სანახავად მოდიან, ბლომად ხილი და ტკბილეულობა მოაქვთ და მთელ ანსამბლს უნაწილებენ, ვინმე გულნატკენი რომ არ დარჩეს.

ბაზარში თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებდა.

საზამთროები და ნესვები ვიყიდეთ, ახლა თურაშაულს ვეძებდით. ჩვენი ყურადღება დახლზე დახვავებულმა წითელი ვაშლის გროვამ მიიპყრო. დახლის უკან ასე, სამოცდათხუთმეტი წლის შავებით მოსილი ქალი იდგა, სადღაც შორს იყურებოდა და გამვლელებს ყურადღებას არ აქცევდა, ეტყობოდა, ფიქრში იყო წასული.

– რა ღირს ვაშლი? – შეეკითხა ზაზას მამა.
– რამდენი გნებავთ, შვილო? – გამოფხიზლდა მოხუცი.
– ბევრი გვინდა, ბავშვებთან მივდივართ.
– რამდენი ბავშვი გყავთ? – ისევ შეგვეკითხა მოხუცი. ფასზე პასუხი არ გაგვცა.
– ოცდაათზე მეტია, მომღერალთა ანსამბლი “მართვე” თუ გაგიგონიათ, იმათთან მივდივართ, გადაღებაზე არიან.
– ეჰ, შვილო, სიმღერა ჩემთვის დიდი ხანია გათავდა. ორმოცი წელია, აღარაფერი მახარებს. აიღეთ, რამდენიც გნებავთ, – თქვა და თავსაფრის ყურით ცრემლი მოიწმინდა.
– ჩვენ, დეიდა, ოცი კილოგრამი გვინდა, – შეწუხდა გურამი.
– აიღეთ, შვილო! აი, სულ წაიღეთ. აწონაც არ უნდა, ოცზე მეტი იქნება, – თქვა, რუსიკოს ჩანთები გამოართვა და შიგ ვაშლის ჩალაგება დაიწყო.
– მაინც რამდენი უნდა მოგართვათ? – შევწუხდით ყველა.
-არაფერი, შვილო. თქვენს ბავშვებს შეერგოს. ჩემს შვილს თურაშაული უყვარდა. ეს ხე ომში წასვლის წინ დარგო. სხვა მისგან არაფერი დამრჩა. დღეს მისი დაბადების დღეა, ორმოცდათვრამეტი წლის შესრულდებოდა. ამ დღეს ყოველთვის გამოვდივარ ბაზარში და ახალგაზრდებს მისი დარგული ნაყოფით ვუმასპინძლდები. დაღუპვის ცნობა არ მიმიღია, – განაგრძო მოხუცმა. – ნეტავი ვიცოდე ასე უკვალოდ რამ ჩაყლაპა. გაზეთები წერენ, დღემდე პოულობენ დაკარგულ საფლავებსო. ძმათა სასაფლაოზე მაინც აღმოჩენილიყო სადმე. წავიდოდი და წავიღებდი ჩურჩხელებს, ვაშლებს, ლეღვის ჩირს და ბალღებს დავურიგებდი, მეომართა საფლავებს რომ უვლიან. იქნებ, იქ მიუვიდეთ. მერე საფლავზე დავწვებოდი და მთელ ღამეს გულზე ვუსვამდი ხელსა…

მოხუცმა ისევ მოიწმინდა ცრემლი. სიჩუმე ჩამოვარდა. ჩვენ ძალიან შევწუხდით. ქალმა შეამჩნია ეს და გვითხრა:

– უკაცრავად, შვილო, შეგაწუხეთ, აიღეთ, ნუ გერიდებათ, ძალიან გამახარეთ. თქვენს ბავშვებს მიართვით ჩემი შვილის ნახელავი.

გულდამძიმებული გამოვედით ბაზრიდან. ისე გავლიეთ ნახევარი გზა, ხმა არ ამოგვიღია. ხანდახან მანქანის საყვირი თუ დაგვირღვევდა მყუდროებას…”