22 ნოემბერი, 2022

მარიამ თინიკაშვილი ამერიკის სახელოვნებო კონკურსზე

მარიამ თინიკაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრებით სხვადასხვა დროს არაერთი ევროპელი კოლექციონერი დაინტერესებულა.
იგი რამდენიმე საერთაშორისო თუ ადგილობრივი სახელოვნებო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. ამჟამად ის ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკურსისთვის Portrait Scholarship Award ემზადება”.

გთავაზობთ ინტერვიუს 24 წლის მხატვართან:

– მარიამ, სიურრეალიზმის კლასიკური დეფინიცია მეტ-ნაკლებად ყველასთვის გასაგებია. ის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ
ეს ჟანრი აქტუალობას არ კარგავს. თქვენი აზრით, რატომ და რით შეიძლება მხატვრებს, ან უბრალოდ მხატვრობის მოყვარულებს იზიდავდეს ხელოვნების ეს დარგი?

– მიმაჩნია, რომ ხელოვნების ყველა სხვა მიმდინარეობისგან განსხვავებით, შემოქმედი ადამიანისათვის სიურრეალიზმი მართლაც ყველაზე მეტად მიმზიდველია. ეს დარგი ემსახურება ადამიანის არაცნობიერი სამყაროს გამოხატვას, შესაბამისად, სიურრეალიზმი არ ემორჩილება გონებრივ,
მორალურ, ან თუნდაც სხვა რაიმე სახის კონტროლს. ეს მიმდინარეობა, შეიძლება ითქვას, რომ უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვის სრულ თავისუფლებას იძლევა, ამიტომაც იზიდავს ის, როგორც შემოქმედ, ისე უბრალოდ მხატვრობით დაინტერესებულ ადამიანებს.

– როგორ ხვდება მხატვარი, რომ სიურრეალიზმში უნდა დაფუძნდეს? რა პროცესები აქვს გასავლელი მას და თუ არსებობს რაიმე, რაც ამ ჟანრში ყოფნისას მოეთხოვება მხატვარს?

– არ ვფიქრობ, რომ ამ ჟანრში ყოფნისათვის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა საჭირო. ჩემთვის ხელოვნება სრულ თავისუფლებასთან ასოცირდება და სწორედ ამ გათავისუფლებას
ემსახურება ეს მიმდინარეობა.

– თუ ხელოვნება არ ემორჩილება კანონზომიერებას, მაშინ რისგან უნდა გათავისუფლდეს მხატვარი?

– გათავისუფლებაში ვგულისხმობ იმ არაცნობიერი განცდებისა თუ ემოციებისგან გათავისუფლებას, რომლებსაც თამამად ვერ გამოვხატავთ მათი საზოგადოებისათვის მიუღებლობის გამო. თითოეული ადამიანი, რაღაც დოზით, შეზღუდულია იმ წესებით, რომელსაც საზოგადოება ადგენს და რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდება. ასოციალურობის, საზოგადოებისაგან გამიჯვნის შიში კი ადამიანს უბიძგებს სიმბოლოების სახით გამოხატოს თავისი განცდები.

– როგორ მოხდა თქვენი და სიურრეალიზმის გადაკვეთა? რა ასაკში და რა არის ის, რაც თავს ყველაზე კარგად გაგრძნობინებთ აქ.

– არ მახსოვს ეს ზუსტად როდის დაიწყო, თითქოს ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში სულ იყო სხვადასხვა ფორმით, მაგრამ საკმარის ყურადღებას ხშირად არ ვუთმობდი, რასაც ახლა, ბუნებრივია, ძალიან ვნანობ, ვინაიდან თავს ყველაზე მშვიდად, კომფორტულად და თავისუფლად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ვხატავ. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი და ხელოვნების გადაკვეთა უშუალოდ სიურრეალიზმზე გადის, თუმცა სიურრეალისტური ელემენტები აშკარაა.

– ხატვის პროცესზე ისაუბრეთ. როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი მთლიანად დამოუკიდებელია გარემოებებისგან თუ არსებობს გარეფაქტორები, რომლებიც ხატვაში გეხმარებათ?

– ჩემს შემთხვევაში, ხატვის პროცესში ყველა დეტალია ჩართული. ჩემი ბავშვობის ყველაზე ღრმა მოგონებიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე დამთავრებული.
ხშირად, ჩემს ჩანახატებში სრულიად უცხო ადამიანები იყრიან თავს, უმეტეს შემთხვევაში, მათთან მე არ მაქვს არანაირი კავშირი. ისტორიები თავისით იქმნება. ეს პროცესი კი ყოველთვის პირვანდელივით მავსებს და მაოცებს. შექმნა ისტორია, აღბეჭდო ტილოზე და გახადო ის სამუდამო – საუკეთესო რამაა!