ელისაბედ ჩერქეზიშვილის საამაყო გადაწყვეტილება

მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი იყო ის ქალი, ვინც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეეწინააღმდეგა ძალადობას.

მისი საოცარი ისტორია რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა გვიამბო:

“დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა.

გთავაზობთ ნარკვევს იმ ქალბატონზე, ვინც მასზე ძალადობას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეეწინააღმდეგა!

16 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილი დედამ ძალით მიათხოვა თავად გიგა გამაჩაბელს.
გიგა მაჩაბელი უხეში, შფოთისთავი და ავადმყოფურად ეჭვიანი, გაუთავებლად რევოლვერს ატრიალებდა, ჰქონდა „ექსკლუზიური“ ნომერიც – გაცეცხლებული ფაფახს იხდიდა, ჰაერში ისროდა და ცხრილავდა, მერე იხურავდა და ცხენს აღმა-დაღმა დააჭენებდა.

18 წლის ლიზამ უპრეცედენტო რამ ჩაიდინა, წერტილი დაუსვა ჯოჯოხეთში ცხოვრებას – ხელი მოჰკიდა პატარა ნუცას, ქმარი მიატოვა და დედასთან დაბრუნდა. მაჩაბელი არ ისვენებდა, ხშირად აწიოკებდა, არც განქორწინების ნებას აძლევდა. ლიზამ ამასაც დაუსვა წერტილი – მეორედ გათხოვდა – ნიკო ხიზანიშვილზე!

ელისაბედ ჩერქეზიშვილმა გაბედა და გადადგა თამამი ნაბიჯი – უვარგისი მეუღლე მიატოვა, უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი დაანგრია და კარი გაუღო დიდ სიყვარულს.”