27 ოქტომბერი, 2022

სასიამოვნო სიახლე ნუცა თოფურიასგან

მომღერალმა ნუცა თოფურიამ თავის ერთგულ მსმენელს სასიამოვნო სიახლე მოუმზადა – პირველი ალბომი ჩაწერა და 26 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრში საპრეზენტაციაო კონცერტს გამართავს. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ბენდი “ნიუტონი” და სპეციალურად მიწვეული სტუმრები – სოფო ნიჟარაძე, ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო კვაჭაძე (ბიბიჩა), გიორგი ცხადაძე, ლუკა ჭოხონელიძე, სანდრო გეგეჩკორი და ლუკა თოფურია.

“მოვალ” – ასე ჰქვია სადებიუტო ალბომს და მასში ძალიან ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტების სრულიად ახლებური ვერსიებია გაერთიანებული.

ალბომი “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა და მისი წარდგინება ჟურნალისტებისთვისაც სწორედ “ბრავო რექორდსში” გაიმართა. ზაზა შენგელიას თქმით, ეს არის ალბომი, რომელსაც მსმენელი დიდხანს ელოდა და ლოდინი ღირდა – წინ უდიდესი სიამოვნებაა.

ნუცას მთელი ცხოვრება სიმღერასთან და მუსიკასთან არის დაკავშირებული – 7 წლის ასაკიდან მისი მუსიკალური კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება. უნიჭიერესი მომღერალი არაერთი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია. მისი შემოქმედებითი კარიერის უდიდესი პერიოდი კი მარინა ბერიძესთან არის დაკავშირებული – 10 წლის ნუცამ მონაწილეობა მიიღო “ანა ბანაში”, სადაც გაიმარჯვა, წლების შემდეგ კი “მხოლოდ ქართულში” ფინალისტად დასახელდა. ორივე პროექტის სულისჩამდგმელი სწორედ მარინა ბერიძეა. მათი აქტიური თანამშრომლობა ნუცას ალბომზე მუშაობის დროსაც გაგრძელდა – მარინა ბერიძე სადებიუტო ალბომის მუსიკალური პროდიუსერია. მისი თქმით, ეს არის სრულიად ახალი სიტყვა, ახალი ჰაერი და ამ ალბომით ყველა ისიამოვნებს.

თავად ნუცა თოფურიას თქმით კი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ მუშაობს ალბომზე. სიმღერები ზაზა შენგელიამ და მარინა ბერძემ შეარჩიეს და ალბომში შეტანილი ყველა სიმღერა მისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ალბომის გამოშვება დაგვიანდა, ყველაზე კარგი პერიოდი მისი მსმენელისთვის გასაცნობად სწორედ ახლაა. ნუცაც მსმენელთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.